თითქმის ყველაფერი ან თითქმის არაფერი

AutoSharing Option
რა შეიძლება გაირკვეს ოფიციალურად ამ შაბათ-კვირას? ბარსელონური დერბი თვალსასეირო სანახაობას კი გვპირდება, მაგრამ ხოსეპ გვარდიოლას გუნდს 4 ქულა აკლია ჩემპიონობამდე, დერბის მოგებაში კი მაინც 3 ქულას იძლევიან. მაგრამ, სანამ "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" და "ესპანიოლი" გავლენ, მანამდე "სამეფო კლუბს" ურთულესი მატჩი ელის "სანჩეს პისხუანზე" და თუ ჟოზე მოურინიოს გუნდი სევილიაში დამარცხდება, "ბლაუგრანას" ტიტულის გასაფორმებლად ქულაც ჰყოფნის.

თუკი "რეალი" ფრეს ითამაშებს "სევილიასთან", მაშინ "ბარსამ" დერბიში უნდა გაიმარჯვოს. ასე რომ, არის შანსი, რომ პრიმერადივიზიონის ჩემპიონის ვინაობა სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაირკვეს. ვგულისხმობთ
ოფიციალურ მხარეს, თორემ კარგა ხანია ცნობილია, რომ "ბარსას" ტიტულს ვერავინ წაართმევს.
არის იმის შანსიც, რომ ამავე ტურში ოფიციალურად გაირკვეს ჩემპიონთა ლიგის ყველა (4) საგზურის ბედი. თუკი "ატლეტიკო", "სევილია" და "ბილბაო" ერთდროულად დაკარგავენ ქულებს (არის სხვა ვარიანტებიც). ისე, ეჭვს არც ის იწვევს, რომ ლიგის მესამე და მეოთხე საგზურებს "ვალენსია" და "ვილიარეალი" მოიპოვებენ.

ამ ტურში მოსალოდნელია, რომ "ალმერია" ოფიციალურად დაემშვიდობება პრიმერადივიზიონს და რაღა რჩება? ევროპის ლიგის მონაწილეთა სავარაუდო შემადგენლობაც თითქმის გარკვეულია, ერთი "ესპანიოლი" არ ეპუება ჯერჯერობით ბედს. გასარკვევია კიდევ ორი უიღბლოს ამბავიც.

მოკლედ, ამ ტურში შეიძლება თითქმის ყველაფერი გაცხადდეს, ან - თითქმის არაფერი. უფრო, სჯობს, ასე ვთქვათ - პრიმერაში თითქმის ყველაფერი გარკვეულია და 35-ე ტურში ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცემა ან არ მიეცემა.

თითქმის მთელი ტური შაბათს გაიმართება, კვირას მხოლოდ სამი მატჩია, მათ შორის "ბარსელონა"-"ესპანიოლი". ამის მიზეზი გრაფიკია - მომავალი ტური შუა კვირაშია.

"რეალში" სულ ცოტა ხნით ფეხბურთმა უკანა პლანზე გადაინაცვლა და კალათბურთმა წინ წამოიწია, "სამეფო კლუბი" ხომ საკალათბურთო ევროლიგის ოთხთა ფინალში გავიდა, რომელიც ბარსელონაში იმართება. წუხელ "რეალი" "მაქაბის" ნახევარფინალში ხვდებოდა.

"სევილიასთან" შეხვედრები ყოველთვის რთულია, რადგან მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ახლაც არ იქნება გამონაკლისი. ის ერთიანობა, რაც მთელი სეზონი გამოგვყვა არ უნდა დავკარგოთ. "სევილიას" კიდევ ერთი უპირატესობა მისი თავგამოდებული ფანებია, რომლებიც ძალიან ეხმარებიან "სანჩეს პისხუანზე". კაპელი და პეროტი უნივერსალური გარემარბები არიან, არასოდეს იცი, რას მოიმოქმედებენ ისინი, თუმცა მე მზად ვარ მათ წინააღმდეგ სათამაშოდ", - განაცხადა "რეალის" ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ.

ერთადერთი, რაც "რეალს" სევილიაში შეუძლია, მორიგი გამარჯვებით ერთი ტურით შეუძლია გაიხანგრძლივოს ჩემპიონობის თეორიული შანსი. გუნდს ახლა ცუდი დროება აქვს, 4-სერიანი "კლასიკოს" შემდეგ ფიზიკურად გადაღლილია, თანაც "ბარსამ" ის ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო. სევილიაში მოურინიოს დისკვალიფიცირებული რიკარდო კარვალიოს და ანხელ დი მარიას იმედი არ უნდა ჰქონდეს, ისევე

როგორც ვერ ითამაშებს ტრავმირებული სამი ხედირა.

"სევილიას" კიდევ უფრო უარესად აქვს საქმეები - ამ კლუბში მუდმივი ტრავმიანობაა. ბოლო ტურში "სევილიამ" ანდალუსიური დერბი მოიგო, მაჩანჩალა "ალმერიას" მისსავე მოედანზე 1:0 სძლია, მაგრამ ეს სამი ქულა ძალიან ძვირი დაუჯდა გრეგორიო მანსანოს გუნდს - ორმა მოწინავე ფეხბურთელმა მძიმე ტრავმები მიიღო - მარჯვენა მცველი მარტინ კასერესი კინაღამ მოედანზე მოკვდა - შეჯახების შედეგად მისმა თირკმელებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს, ხორვატმა ივან რაკიტიჩმა კი ფეხის თითი მოიტეხა. ამ სეზონში კასერესსა და რაკიტიჩს "სევილიას" რიგებში ვეღარ ვიხილავთ. არადა, ამ გუნდს ისედაც ბევრი მოწინავე ფეხბურთელი აკლია. ჯერ ვერ გამოჯანმრთელდა მსოფლიოს ჩემპიონი ხესუს ნავასი, მცველი ალექსისი. ტრავმირებულთა სიას შეემატა არგენტინელი დიეგო პეროტიც, ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა ფედერიკ კანუტე.

მიუხედავად ამისა, "სევილია" ბოლო პერიოდია, დიდებულად თამაშობს შინ - ბოლო შვიდი საშინაო მატჩიდან ანდალუსიელებმა 5 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. განსაკუთრებით ფრთხილად იკერ კასილიასი უნდა იყოს - სტატისტიკოსებმა დაითვალეს და "რეალის" კაპიტნისთვის ყველაზე არასტუმართმოყვარე სტადიონი "სანჩეს პისხუანია". ის ამ სტადიონზე საშუალოდ 2,4 გოლს უშვებს თამაშში. ჟოზე მოურინიოსაც ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს: მისმა გუნდებმა "სანჩეს პისხუანზე" ბოლო 7 თამაშიდან 5 წააგეს.

სავარაუდო შემადგენლობები
სევილია: ვარასი - დაბო, ფასიო, ესკუდე, ნავარო - მედელი, რომარიკი - კაპელი, რენატო, ლუის ალბერტო - ნეგრედო.
რეალი: კასილიასი - რამოსი, გარაი, ალბიოლი, მარსელო - პეპე, ჩაბი ალონსო - რონალდო, იოზილი, კანალესი - იგუაინი.


"ბარსელონას" ერიკ აბიდალმა ცუდი დროება უკან მოიტოვა, ფრანგი მცველი მალე კლუბთან ახალ ხელშეკრულებასაც გააფორმებს, რომლის თანახმადაც ის კლუბში 2014 წლამდე დარჩება. 30 წლის მცველი ძველი კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულში იწყრება. აბიდალი "ბარსელონაში" 2007 წლიდანაა. წლის დასაწყისში მას ღვიძლის სიმსივნე აღმოუჩენს, თუმცა საოპერაციო ჩარევა წარმატებული გამოდგა და ერიკი "რეალთან" მატჩში მოედანს დაუბრუნდა.

როგორც უკვე დავწერეთ, შესაძლებელია, რომ კატალონიურ დერბიში გადაწყდეს ჩემპიონობის ბედი. ასეთი რამ კი პრიმერას ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მომხდარა - 1949 წლის 17 აპრილს "ბარსამ" ჩემპიონატი "ესპანიოლის" 2:1 ძლევით მოიგო. "ბარსა" მაშინ "ლეს კორტზე" თამაშობდა და ბოლო ტურის წინ 35 ქულით ლიდერობდა. კატალონიელები 2-2 ქულით უსწრებდნენ "ვალენსიას" და "რეალს".

ხოსეპ გვარდიოლამ გუნდი ლიგის ნახევარფინალის შემდეგ პირველად პარასკევს ავარჯიშა. გუნდს აშკარად მოუხდა 2-დღიანი დასვენება. პარასკევს გუნდთან ერთად ივარჯიშა ბოიან კრკიჩმა, თუმცა, არა გვგონია, ახალგაზრდა ფორვარდი დერბიში ვიხილოთ.

"მალაგა" პრიმერაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, თუმცა შემდგომში გუნდს დიდი გეგმები აქვს - ანდალუსიელები ზაფხულში "მილანის" ორი ვეტერანის შეძენით არიან დაინტერესებულნი - საუბარია, არც მეტი არც ნაკლები, ანდრეა პირლოს და ალესანდრო ნესტას ყიდვაზე! დღეს "მალაგა" "ვისენტე კალდერონს" სტუმრობს, მისი მეტოქე "ატლეტიკო" ევროთასების საგზურისთვის იბრძვის, კიკე ფლორესს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს მე-4 ადგილის დაკავების იმედი, რომელიც სეზონის ბოლოს მას თანამდებობას შეუნარჩუნებს.

დღეს
ბილბაო-ლევანტე 20:00
ტრავმა: გომესი, აურტენეჩე, სერიო, რამალიო, ოსიო - გონსალესი, დელ ორნო, ლარეა, პერესი

ხეტაფე-ალმერია 20:00
დისკვალიფიკაცია: კასკერო - პიატი, იაკობსენი
ტრავმა: გავილანი, ბორხა, ლოპესი, ალბინი, მანუ - ფეგული, როდრიგესი, ნიეტო

სპორტინგი-დეპორტივო 20:00
დისკვალიფიკაცია: ნაჩო ნოვო - ლოპო
ტრავმა: კუელიარი, სანგოი, ხიმენესი, სასტრე - ტომასი, პაბლო, დეზმარე, ურეტა, ჟუკა

ერკულესი-რასინგი 20:00
დისკვალიფიკაცია: ფრიტცლერი - კენედი, ლასენი
ტრავმა: დრენტე, ტოტე, ტრეზეგე, კრისტიანი - სერანო, ციოლისი

ვალენსია-რეალ სოსიედადი 20:00
ტრავმა: ტ. კოსტა, ვისენტე, ბრუნო, ნავარო, დომინგესი - დე ლა ბელა, ხ. ლორენტე

ატლეტიკო-მალაგა 22:00
დისკვალიფიკაცია: ველიგტონი (მალ)
ტრავმა: პულიდო, კოკე, პერესი - ოვუსუ, რუბენი, კალა, ასენხო, მალაგუენო

სევილია-რეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: დი მარია, რიკარდო კარვალიო (რეალი)
ტრავმა: რაკიტიჩი, ზოკორა, ალექსისი, ნავასი, კანუტე, ჩიგარინი, გუარენტე, კასერესი - გაგო, ხედირა

ხვალ
მალიორკა-ვილიარეალი 14:00
დისკვალიფიკაცია: კაპდევილა (ვილ)
ტრავმა: კორალესი (?), ნადალი - სენა, ა. ლოპესი, გონსალო, ოლივა

ბარსელონა-ესპანიოლი 21:00
ტრავმა: მონტოია, კრკიჩი, ადრიანო, მილიტო, მაქსველი - მატიონი, ბაენა, პენია, ალვარესი, ს. გარსია, დუშერი, დატოლო, ფორლინი

სარაგოსა-ოსასუნა 23:00
ტრავმა: ბერტოლო, კონტინი, ლაგუარდია, ბუტაჰარი - ვადოცი, არანდა (?), მასუდი, რუპერი, რობერტო, ფლანიო

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 34 28 4 2 89-19 88
2. რეალი 34 25 5 4 81-29 80
3. ვალენსია 34 19 6 9 57-42 63
4. ვილიარეალი 34 18 6 10 53-39 60
5. ატლეტიკო 34 15 7 12 55-44 52
6. სევილია 34 15 7 12 52-49 52
7. ბილბაო 34 16 3 15 52-49 51
8. ესპანიოლი 34 15 3 16 42-47 48
9. ლევანტე 34 12 7 15 37-46 43
10. სპორტინგი 34 10 12 12 31-37 42
11. მალიორკა 34 12 6 16 35-47 42
12. სოსიედადი 34 13 2 19 45-58 41
13. რასინგი 34 10 10 14 34-49 40
14. სარაგოსა 34 10 9 15 35-47 39
15. მალაგა 34 11 6 17 47-64 39
16. ოსასუნა 34 10 8 16 38-41 38
17. დეპორტივო 34 9 11 14 27-42 38
18. ხეტაფე 34 10 7 17 44-55 37
19. ერკულესი 34 9 6 19 31-53 33
20. ალმერია 34 5 11 18 32-59 26
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული