დეპორტივო-ბილბაო 22:00
დისკვალიფიკაცია: ლოპო (დეპ)
ტრავმა: ტომასი, ურეტა, დეზმარე, ჟუკა (?) - ი. გომესი (?), ოსიო, სუსაეტა, რამალიო, აურტენეჩე, სერიო
მალაგა-სპორტინგი 23:00
დისკვალიფიკაცია: ველიგტონი - ნაჩო ნოვო
ტრავმა: რუბენი (?), უვუსუ-აბეიე, მალაგუენო, ასენხო, კალა - კუელიარი, ხიმენესი, სასტრე, სანგოი (?)
რასინგი-ატლეტიკო 23:00
დისკვალიფიკაცია: ლასენი, კენედი (რას)
ტრავმა: სერანო, კოლსა - კოკე (?), ტიაგო, პულიდო, პერესი
რეალი-ხეტაფე 00:00
დისკვალიფიკაცია: კასკერო (ხეტ)
ტრავმა: გაგო, ხედირა - ალბინი (?), ბორხა (?), გავილანი, მანუ, ხ. ლოპესი
ხვალ
ალმერია-ვილიარეალი 22:00
დისკვალიფიკაცია: კაპდევილა (ვილ)
ტრავმა: ფეგული, ნიეტო - სენა (?),
ლევანტე-ბარსელონა 22:00
ტრავმა: სერხიო, ლარეა (?), პერესი, დელ ორნო, ნ. გონსალესი, ხუანლუ - მონტოია, პუიოლი (?), მილიტო, ადრიანო
რეალ სოსიედადი-სარაგოსა 22:00
ტრავმა: ხ. ლორენტე - ბერტოლო (?), ბუტაჰარი (?), ლაგუარდია, კონტინი
ესპანიოლი-ვალენსია 23:00
ტრავმა: ს. გარსია, ბაენა, პ. ალვარესი, დ. გარსია, პენა, დატოლო, დუშერი, ფორლინი, მატიონი - ვისენტე, ბრუნო, დ. ნავარო, ტ. კოსტა, ხ. დომინგესი
ერკულესი-მალიორკა 23:00
დისკვალიფიკაცია: ფრიტცლერი (ერკ)
ტრავმა: ტოტე, დრენტე, კრისტიანი, ფარინოსი, სარი - ტეხერა, ავატე, კორალესი, ენრიხი
ოსასუნა-სევილია 00:00
ტრავმა: არანდა, რობერტო, ვადოცი (?), მასუდი, ფლანიო, რუპერი - რაკიტიჩი, გუარენტე, ჩიგარინი, ნავასი, კასერესი, ალექსისი
35-ე ტური ახლახან დასრულდა და უკვე შემდეგ ტურზე გვიწევს წერა, ესპანეთში ლა ლიგის დამთავრება ეჩქარებათ - ჩემპიონატის მთავარ კითხვას კი ალბათ ეს ტური გასცემს პასუხს - თუ რამე საოცარი არ მოხდა, ხვალ საღამოს ოფიციალურად გვეცოდინება, რომ 111 წლის წინათ დაარსებული "ბარსელონა" ესპანეთის 21-გზის ჩემპიონია.
"ბლაუგრანას" 91 ქულა აქვს და "სამეფო კლუბის" თამაშიდან გამომდინარე, საჩემპიონოდ 92 ჰყოფნის. "ბარსა", შესაძლოა, ჩემპიონი დღესაც გახდეს, თუკი "რეალი" მადრიდულ დერბიში "ხეტაფეს" ვერ დაამარცხებს, თუ არადა ტიტულს, სავარაუდოდ, ხვალ ვალენსიაში გაინაღდებს 43-ქულიანი "ლევანტეს" წინააღმდეგ. "ლევანტე" გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს, ჩემპიონატის ფინიშამდე სამი ტურით ადრე ეს ცოტა არ არის, თუმცა აღმოსავლურ გუნდს შიშის საფუძველი მაინც აქვს - კაციშვილმა არ იცის, რომელი გუნდი იქნება მესამე უიღბლო, "ალმერიას" და "ერკულესის" (ამათ ჯერ კიდევ აქვთ თეორიული შანსები) შემდეგ - მე-9 ადგილოსანი "სპორტინგიდან" მოყოლებული ყველა გავარდნის კანდიდატია. რეალურად მესამე უიღბლო შეიძლება იყოს 10 ესპანური გუნდიდან ერთი - ასეთი დაძაბულობა ცხრილის ქვედა ნახევარში მართლაც საკვირველია.
ამასობაში კი მადრიდის "რეალში" დიდი სიახლეა და ჩვენც სწორედ ამ სიახლით დავიწყებთ.
ნური: არ მინდა ფული!
"რეალი" დღეს გავარდნის ერთ-ერთ კაპიტან "ხეტაფეს" მასპინძლობს, თუმცა სიახლე ამ თამაშს საერთოდ არ უკავშირდება - როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინ "სამეფო კლუბმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბუნდესლიგის ბოლო სეზონის სენსაცია ნური შაჰინი ამიერიდან "რეალის" ფეხბურთელია. ესპანელები შეუთანხმდნენ დორტმუნდის "ბორუსიის" ხელმძღვანელობას და ნახევარმცველი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა დორტმუნდელთა გაჩემპიონებაში, მომავალ 6 სეზონს "რეალში" გაატარებს.
მოკლედ, ზაფხულის სატრანსფერო სეზონი "რეალმა" გახსნილად გამოაცხადა, ნური შაჰინი "სამეფო კლუბს" 10 მილიონი ევრო დაუჯდა. ნურიმ ახალი რეკორდი უკვე დაამყარა - ის, "რეალის" ისტორიაში პირველი თურქი ფეხბურთელია.
"ჩემს ტრანსფერში ფული არაფერ შუაშია, თუკი ჯანმრთელი ვიქნები, ჩემს სამყოფ თანხას ყველა შემთხვევაში გამოვიმუშავებდი, მაგრამ "დორტმუნდის" დატოვების გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ "რეალი" პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ნებისმიერ ფეხბურთელს სურს უმაღლეს დონეზე თამაში და ტიტულების მოხვეჭა, გამონაკლისი არც მე ვარ. ძალიან მიჭირს კლუბის დატოვება, მომენატრება ბუნდესლიგა და ჩემი სამშობლო, მაგრამ მომავალ კარიერას დიდი იმედით ვუყურებ". 22 წლის შაჰინი 12 წლიდან "ვესტფალენშტადიონზეა" და, თუ ხანმოკლე იჯარას არ ჩავთვლით "ფეიენოორდში" (29 თამაში, 16 გოლი), მთელი კარიერა "დორტმუნდში" აქვს გატარებული.
ნური კაზიმ შაჰინი გერმანულ ქალაქ ლიუდენშაიდშია დაბადებული და გერმანიაშივეა გაზრდილი, თუმცა სანაკრებო დონეზე მან ისტორიული სამშობლოს, თურქეთის მაისურა აირჩია. 2005 წელს შაჰინი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (16 წლის და 334 დღის) გახდა, რამდენიმე თვეში კი - ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე. სხვათა შორის, შაჰინს იგივე რეკორდი ეკუთვნის თურქეთის ეროვნულ ნაკრებშიც (სადაც პირველი გოლი სწორედ გერმანიის ნაკრების კარში გაიტანა).
ნური შაჰინი ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველია, რომელსაც ერთნაირად კარგად გამოსდის, როგორც შექმნა, ისე ჩაშლა, აქვს ძლიერი დარტყმა ცაციათი, კარგად ასრულებს სტანდარტულებს.
თუმცა გავანებოთ თავი შაჰინს, ის ვერაფრით დაეხმარება "რეალს" "ხეტაფესთან" შეხვედრაში. ამ მატჩისთვის კი ჟოზე მოურინიოს მოსამზადებლად მხოლოდ ორი დღე ჰქონდა. პორტუგალიელმა კვირას არ დაასვენა ფეხბურთელები და სავარჯიშოდ გაიყვანა. თუკი თავად "განსაკუთრებულმა" არ შეუშალა ხელი, კრიშტიანო რონალდოს უგო სანჩესის რეკორდის დამხობა შეუძლია - პორტუგალიელმა უკვე 33 გოლი გაიტანა სეზონში და 5 გოლითღა ჩამორჩება მექსიკელის მიღწევას 1989/90 წლების სეზონში. რონალდოს 3 თამაშში ნამდვილად ძალუძს 5 გოლის გატანა.
"რეალს" უბრუნდებიან დისკვალიფიკაციამოხდილი ანხელ დი მარია და რიკარდო კარვალიო, ორივე სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს. ლაზარეთში კი კვლავ ორი ფეხბურთელია: სამი ხედირა და ფერნანდო გაგო. "რეალის" ლეგენდა მიჩელს, რომელიც "ხეტაფეს" წვრთნის 4 ფეხბურთელი დააკლდება ტრავმების გამო: ხაიმე გავილანი, რაფა, მანუელ დელ მორალი (მანუ) და ხუან ალბინი.
სამი და ასი
"ბარსა" ხვალ სტუმრობს "ლევანტეს". ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ზედიზედ მესამედ გახდება ჩემპიონი. ბოლოს ასეთი წარმატება "ბლაუგრანას" 90-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა. "ბარსას" კიდევ ერთი ინტერესი აქვს სეზონის ბოლომდე - თუკი ყველა მატჩს მოიგებს, 100-ქულიან ზღვარს უწევს. ასეთი რამ კი ესპანეთის ჩემპიონატში არ მომხდარა. შარშან "ბარსამ" 99 ქულით დაასრულა ჩემპიონატი.
კვირას "ესპანიოლთან" მოგებული დერბი "ბარსასთვის" შინ ზედიზედ მოგებული მე-15 მატჩი იყო. ეს კი 1973/74 წლების სეზონის მიღწევის გამეორებაა. ლა ლიგაში "ბლაუგრანამ" ბოლოს "კამპ ნოუზე" 3 ოქტომბერს ვერ მოიგო, როცა "მალიორკას" შევხდა და დაუზავდა. დერბიში ყველაზე მეტჯერ ბურთი გუნდისთვის ჟერარდ პიკემ მოიპოვა - 15-ჯერ, "ესპანიოლიდან" კი ამ მხრივ რაულ რორდიგესი გამოირჩა - 10 ართმევა. "ბარსელონას" ახალგაზრდა მცველმა ფონტასმა კვლავ დაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშა და ისევ დაიმსახურა გვარდიოლას შექება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ფონტასის პოზიცია - სარეზერვო გუნდში ის ცენტრალური მცველი იყო.
თუმცა გავანებოთ თავი დერბის - "ლევანტეს" მატჩის წინ კლუბის ექიმებმა ორ ფეხბურთელს შეატყობინეს, რომ სრულად გამოჯანმრთელდნენ და თამაში შეუძლიათ. ესენია, მაქსველი და ბოიან კრკიჩი. ბრაზილიელ მცველს ისედაც მცირე ტრავმა ჰქონდა. აი, ბოიანის ნაადრევად გამოჯანმრთელება კი საოცარია. "ბარსას" ვარჯიშზე სახალისო სიტუაცია იყო, კრკიჩმაც ბოლომდე ივარჯიშა გუნდთან ერთად. არადა, მან 9 აპრილს "ალმერიასთან" ისეთი ტრავმა მიიღო, რომ სეზონის ნაადრევი დასრულება უწინასწარმეტყველეს. სამაგიეროდ, ჯერ ბოლომდე ვერ არიან მწყობრში კაპიტანი კარლეს პუიოლი და ადრიანო. გვარდიოლამ 8 ფეხბურთელი მიიწვია სარეზერვო შემადგენლობიდან, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი ტიაგო ალკანტარაა.
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვიქტორ ვალდესმა ისაუბრა: "ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულია ჩვენთვის, რადგან მისთვის დიდი ბრძოლა გამოვიარეთ, "რეალი" იოლად არ დანებებულა. ლა ლიგის ტიტული მთავარია და მასთან "პიჩიჩი" და "ზამორას" ტიტულები ახლოს ვერ მოვლენ. ამიტომ, მეც და ლეო მესიც უპირველესად გუნდის წარმატებაზე ვფიქრობთ". ვალდესს დაეკითხნენ, თუ რომელი მომენტი დაამახსოვრდა ყველაზე მეტად ამ სეზონში, "ბარსას" მეკარემ თქვა, რომ ყველაზე ძნელი ესპანიოლელი კალეხონის დარტყმის მოგერიება იყო და ამაყობს, რომ ეს შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ბომბარდირობისთვის ბრძოლაში რონალდო 2 გოლით უსწრებს ლეო მესის.
ინციდენტი მოხდა "ვალენსიას" ვარჯიშზე "ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ - ერთმანეთში შელაპარაკდნენ მეკარე სესარ სანჩესი და ხორდი ალბა. რომ არა უნაი ემერის დროული ჩარევა, შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზრდებოდა.
ერთად და ღამით
ლფპ-ს ხელმძღვანელობამ დაადგინა, რომ პრიმერადივიზიონის ბოლოსწინა ტურის ყველა მატჩი კვირას, 15 მაისს ერთდროულად გაიმართება. 10-ვე შეხვედრა ჩვენი დროით შუაღამით დაიწყება. გეტყვით, რომ "ბარსელონა" "დეპორტივოს" მასპინძლობს, ხოლო "რეალი" "ვილიარეალს" სტუმრობს.
რა შეიძლება გაირკვეს ამ ტურში?
* გამოვლინდეს ჩემპიონი
* "ვალენსიამ" დაიბევოს მე-3 ადგილი.
* "ვილიარეალმა" დაიბევოს ჩემპიონთა ლიგის საგზური.
* "ერკულესი" ოფიციალურად დაემშვიდობოს პრიმერადივიზიონს.
* "ესპანიოლი" გამოეთიშოს ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლას.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 35 29 4 2 91-19 91
2. რეალი 35 26 5 4 87-31 83
3. ვალენსია 35 20 6 9 60-42 66
4. ვილიარეალი 35 18 7 10 53-40 61
5. ბილბაო 35 17 3 15 55-51 54
6. ატლეტიკო 35 15 7 13 55-47 52
7. სევილია 35 15 7 13 54-55 52
8. ესპანიოლი 35 15 3 17 42-49 48
9. სპორტინგი 35 10 13 12 33-39 43
10. ლევანტე 35 12 7 16 39-49 43
11. მალიორკა 35 12 7 16 35-47 43
12. რასინგი 35 11 10 14 37-51 43
13. მალაგა 35 12 6 17 50-64 42
14. ოსასუნა 35 11 8 16 41-42 41
15. სოსიედადი 35 13 2 20 45-61 41
16. ხეტაფე 35 11 7 17 46-55 40
17. სარაგოსა 35 10 9 16 36-50 39
18. დეპორტივო 35 9 12 14 29-44 39
19. ერკულესი 35 9 6 20 33-56 33
20. ალმერია 35 5 11 19 32-61 26
ბომბარდირები: 33 - რონალდო (რეალი); 31 მესი (ბარსელონა); 18 - ვილია (ბარსელონა), როსი (ვილიარეალი); 17 - ფ. ლორენტე (ბილბაო), აგუერო (ატლეტიკო); 16 - სოლდადო (ვალენსია); 15 - ნეგრედო (სევილია).