ხავი მარტინესი ბასკეთში დარჩა

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" ლიდერმა ხავიერ მარტინესმა ბასკურ კლუბთან 2016 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი და ამით წერტილი დაუსვა მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ ათასგვარ სპეკულაციას.

22 წლის ნახევარმცველი 2006 წლიდან "სან მამესზე" თამაშობს. მარტინესი იმდენად კარგად ათამაშდა, რომ ესპანეთის ნაკრებშიც მოხვდა. მართალია, ჯერჯერობით მას მხოლოდ 4 კეპი აქვს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ისიც ფლობს. სავარაუდოდ, "ატლეტიკი" გაისად ევროპის ლიგაში ითამაშებს და მარტინესის ლიდერის თვისებები აშკარად წაადგება გუნდს.

სხვათა შორის, ხავიერ მარტინეს აგინაგა ნავარელია და ის "ოსასუნას" აღზრდილია. 200
6 წლის ზაფხულში 17 წლის ჭაბუკში ბილბაოელებმა 6 მილიონი ევრო გადაუხადეს ნავარელებს, არადა, ფეხბურთელს პრიმერადივიზიონში ჯერ ნათამაშები არ ჰქონდა. სამხრეთ აფრიკაში მარტინესმა ერთხელ ითამაშა, ჩილეს ნაკრებთან ბოლო 20 წუთი შეცვალა ტრავმირებული ჩაბი ალონსო.


ჩიგარინი, უკან იტალიაში
"სევილიას" იტალიელი ლეგიონერი ლუკა ჩიგარინი ახალი სეზონიდან "ნაპოლის" დაუბრუნდება, ხოლო მისი თანამემამულე ტიბერიო გუარენტე "სევილიაში" რჩება - განაცხადა ორივეს აგენტმა ჯოვანი ბიამ. 24 წლის ჩიგარინიმ სეზონი იჯარის წესით გაატარა "სევილიაში". ანდალუსიელებს მისი შესყიდვის უფლება აქვთ, თუმცა 7 მილიონი ევროს გადახდას (წინასწარ შეთანხმებული ფასი) არ აპირებენ და ფეხბურთელს იტალიაში აბრუნებენ. გუარენტე "სევილიას" წევრია და მას არაფერი ემუქრება, გაისადაც ამ კლუბში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ორივეს ბევრი გაუცდა, განსაკუთრებით კი გუარენტეს, რომელსაც მუხლის ტრავმამ სეზონი ჩაუგდო.


კამაჩო და ბაფანა-ბაფანა
ხოსე ანტონიო კამაჩო, შესაძლოა, მალე სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში. "ოსასუნას" ყოფილ თავკაცსა და აფრიკელებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. სამხრეთ აფრიკის ნაკრების უახლოესი მიზანი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრაა, რომელიც 2012 წლის ზაფხულში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მურსიელი სპეციალისტი თებერვლამდე წვრთნიდა ნავარულ კლუბს, თუმცა ცუდი შედეგების გამო მას პოსტი დაატოვებინეს. 55 წლის კამაჩო 2008 წლიდან წვრთნიდა "ოსასუნას". ამის გარდა მას "რაიო ვალეკანო", "ესპანიოლი", "სევილია", "ბენფიკა", "რეალი" და ესპანეთის ეროვნული ნაკრები გაუწვრთნია.


მორალი სევილიაში მიდის
"მარკა" ირწმუნება, რომ "სევილიამ" მიაღწია შეთანხმებას "ხეტაფეს" 27 წლის კაპიტან მანუ დელ მორალთან და რომ გარემარბი ხუთ სეზონს გაატარებს ანდალუსიაში. სამაგიეროდ, "ხეტაფე" 4 მილიონ ევროს მიიღებს. მანუს მადრიდულ კლუბში 157 თამაშში 37 გოლი აქვს გატანილი. მარტში მანუმ "ბილბაოს" კარში 25 წუთში უცნაური ჰეთ თრიკი შეასრულა - მატჩი 2:2 დასრულდა, მან ორი მეტოქის, ერთი კი საკუთარ კარში გაიტანა. დელ მორალის მთავარი კოზირი სისწრაფეა.

"სევილიამ" უკვე შეიძინა გერმანელი პიოტრ ტროხოვსკი თავისუფალი აგენტის სტატუსით. ტროხოვსკიმ უკვე სამედიცინო შემოწმება გაიარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული