27-ე წუთზე ჩავიმ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და მალელმა ნახევარმცველმაც ბრწყინვალე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. "ლევანტე"
ხოსეპ გვარდიოლა: "ლა ლიგის მოგება ძალიან რთულია. ამაში კლუბის ყველა წევრმა შეიტანა თავისი წვლილი. საქმე ბოლომდე მივიყვანეთ, ახლა ტიტულით ტკბობის დროა. მთავარი მაინც ფეხბურთელები არიან, რომ არა ისინი, არაფერიც არ იქნებოდა. ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. ფაქტია, რომ ჩემპიონები ვართ და ეს ტიტული დამსახურებულად მოვიგეთ, კიდევ ერთი ბრწყინვალე სეზონი გვქონდა".
კარლეს პუიოლი: "ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულია ჩვენთვის, ახლა კი დროა, დავიწყოთ "უემბლისთვის" მზადება".
სეიდუ კეიტა: "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა "ბარსას" ფანებისთვის. გოლს მეუღლეს, შვილებსა და ფანებს ვუძღვნი".
ლეო მესი: "ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ "რეალის" წინააღმდეგობა დაგვეძლია, ახლა კი ზეიმის დროა".
ხავიერ მასკერანო: "ეს ტიტული კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ "ბარსა" "მშიერი" გუნდია".
ვიქტორ ვალდესი: "ვიბრძოლეთ და სეზონში ყველაფერი ჩავაქსოვეთ, რაც შეგვეძლო. ტიტული იოლად არ მოგვიპოვებია, ამიტომ ახლა უფლება გვაქვს ბოლომდე მოვულხინოთ. ეს სეზონი ყველაზე რთული გამოდგა ჩვენთვის. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ ბარსელონაში".
ჩავი: "ტიტულის მოპოვება ყოველთვის სასიამოვნოა, მით უფრო, როცა ის ძნელად მოსაგებია. გუნდმა დაიმსახურა ეს, მინდა "ბარსას" ყველა ფანს მივულოცო წარმატება".
ანდრეს ინიესტა: "ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ ხეირიანად ზეიმს ვერ ვასწრებთ ხოლმე. ამ ლიგის მოსაგებად შესაძლებლობების მაქსიმუმის გაღებაა საჭირო".
დავიდ ვილია: "ახლა მხოლოდ ზეიმზე ვფიქრობთ".
ეს უკვე მე-6 შემთხვევაა, როცა "ბარსელონამ" ლა ლიგის ტიტული გასვლით მატჩში მოიპოვა. ბოლოს ეს 2004/05 წლების სეზონში მოხვდა, როცა გუნდს ფრანკ რაიკაარდი წვრთნიდა და მაშინაც ეს "სიუტატ დე ვალენსიაზე" მოხდა "ლევანტეს" წინააღმდეგ.
ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ამ სეზონში იმდენი ინდივიდუალური თუ გუნდური რეკორდი დაამხო, კაცს თვლა აერევა. ინებეთ მათი ჩამონათვალი:
* "ბარსელონამ" პირველ წრეში 52 ქულა დააგროვა და 61 გოლი გაიტანა, ორივე ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
* "ბარსელონამ" 13 მატჩი მოიგო სტუმრად (ერთი საგარეო შეხვედრა კიდევ დარჩა), ეს კლუბის შარშანდელი მიღწევის გამეორებაა. ამდენივე შეხვედრა მოგებული აქვს "რეალს" და "ატლეტიკოსაც". ასე რომ, კატალონიელებს ახალი რეკორდის დამყარების ბრწყინვალე შანსი აქვთ.
* "ბარსელონამ" სტუმრად ზედიზედ 10 მატჩი მოიგო, ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში მსგავსი არავის გაუკეთებია.
* სტუმრად 46 გოლი გაიტანა, ესეც ახალი რეკორდია, თანაც გუნდს რეზერვში ერთი თამაში რჩება.
* "ბარსელონას" ეკუთვნის ლა ლიგის ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერია, რომელიც 16 ტური გაგრძელდა - მე-7 ტურიდან 22-ემდე.
* "ბარსელონამ" სტუმრად ზედიზედ 23 მატჩი არ წააგო - 2010 წლის თებერვლიდან 2011 წლის აპრილამდე.
* მოიგო ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით სტუმრად, 8:0 დაამარცხა "ალმერია", გაიმეორა თავისივე 1959 წლის მიღწევა.
* "ბარსელონას" ჰქონდა ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია ოფიციალურ მატჩებში - 28 - (17 ლა ლიგა, 6 ჩემპიონთა ლიგა, 5 კოპა).
* "ბარსელონას" 22-მა ფეხბურთელმა შეძლო გატანა ოფიციალურ მატჩებში.
"ბარსელონას" პირველი გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელს ჰქონდა ჩემპიონის ტიტული მოგებული, "ბარსას" ან რომელიმე სხვა კლუბის მაისურით. გამონაკლისი მხოლოდ დავიდ ვილია და ადრიანო იყვნენ. ეს მათი პირველი საჩემპიონო ტიტულია. ვილიამ პრიმერადივიზიონში 8 სეზონი გაატარა ("სარაგოსასა" და "ვალენსიაში"), თუმცა ჩემპიონი ახლაღა გახდა. არც ადრიანო კორეიას მოუგია აქამდე საკლუბო ჩემპიონატი. სამაგიეროდ, ბრაზილიელი მაქსველისთვის ეს მე-7 ტიტულია. მაქსველმა ორი ტიტული "აიაქსში" თამაშისას მოიგო, 3 - "ინტერში", "ბარსელონას" შემადგენლობაში კი მეორედ გაჩემპიონდა. მართალია, პრიმერა აქამდე არასოდეს მოუგიათ, მაგრამ სხვაგან იჩემპიონეს იბრაჰიმ აფელაიმ და ხავიერ მასკერანომ. პირველი ჰოლანდიის 4-გზის ჩემპიონია, მასკერანო კი (თითოჯერ) ბრაზილიისა და არგენტინის ჩემპიონია.
ჩავი ერნანდესი ერთადერთი ბარსელონელია, რომელსაც გუნდთან ერთად 6 ტიტული აქვს მოგებული. 5-5-ჯერ გაჩემპიონდნენ ვალდესი, მესი, პუიოლი და ინიესტა. განსაკუთრებით დიდი პერსპექტივა აქვთ მესის და ინიესტას, ისინი ხომ ჯერ ასე ახალგაზრდები არიან: მესი ივნისში გახდება 24 წლის, ხოლო ანდრესმა 27 წლის იუბილე სწორედ "ლევანტესთან" მატჩის დღეს იზეიმა. ჩავი მეექვსე ტიტულით "ბარსას" ორ ლეგენდას გაუტოლდა: ანტონი რამალტესს და გუნდის დღევანდელ დამრიგებელ ხოსეპ გვარდიოლას.
ბარსელონას ყველა ტიტული (21): 1929, 1945, 1948, 1949, 1952, 1953, 1959, 1960, 1974, 1985, 1991, 1992, 1993, 1994, 1998, 1999, 2005, 2006, 2009, 2010, 2011.