რონალდომ "ვილიარეალის" კარში ორივე გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა, ასე რომ, ვერავინ იტყვის, რომ გუნდი მის რეკორდზე მუშაობდა. მან ორჯერ, 22-ე და 93-ე წუთებზე შემოატარა ბურთი ცოცხალ კედელს და დიეგო ლოპესი აიძულა ბურთი კარის ბადიდან გამოეტანა. განსაკუთრებით საოცარი, მეორე საჯარიმო დარტყმა იყო, რომელიც აუღებელთა კატეგორიიდან იყო.
ამ მარცხმა "ვილიარეალი", რომელიც ერთობ სიმპატიური გუნდი იყო ამ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ადგილის გარეშე დარჩა. ახლა ხუან კარლოს გარიდოს გუნდმა პლეი ოფიდან უნდა გაიკვალოს გზა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ანგარიში მე-17 წუთზე "სამეფო კლუბმა" კონტრშეტევით გახსნა - კაკამ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი მარსელო მოძებნა, რომელიც ვიზავის გაეპარა და მეკარესთან პირისპირ გავიდა. ბრაზილიელმა მცველმაც გამოცდილი ფორვარდივით გადაუგდო დიეგო ლოპესს ბურთი თავზე. მალევე რონალდომ გაიტანა. ის საჯარიმოს მარცხენა მისადგომიდან ურტყამდა საჯარიმოს, ლოპესი ოდნავ შეწვდა ბურთს, მაგრამ "ვილიარეალი" ვერ გადაარჩინა.
მეორე ტაიმი მასპინძლებმა დაიწყეს უკეთ, მარიო გასპარმა მარსელოს აჯობა და საჯარიმოს ცენტრში კანი მოძებნა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ამის შემდეგ უკვე ორივე გუნდის მეკარეები ყოჩაღობდნენ... 93-ე წუთამდე.
კრიშტიანო რონალდო ლეო მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთში ყველა ოფიციალურ საკლუბო მატჩში 50-გოლიან ზღვარი დაძლია ერთ სეზონში.
ხორხე ვალდანო ("რეალის" გენერალური დირექტორი): "დღეს ორივე გუნდმა იყოჩაღა და კარგი ფეხბურთი აჩვენა. მინდა ვთქვა, რომ მადრიდის "რეალს" ძალზე მნიშვნელოვანი და დიდებული სეზონი ჰქონდა. კრიშტიანომ ორი ექსტრაორდინარული გოლი გაიტანა და ისტორიული რეკორდი გაიმეორა".
აიტორ კარანკა ("რეალის" მწვრთნელის ასისტენტი): "სამი ქულა ბევრს არაფერს ცვლიდა, მაგრამ ჩვენ მაინც მოტივირებულნი გავედით მინდორზე, კრიშტიანო რონალდოს ისტორიული რეკორდის დამხობის შანსი ეძლეოდა. "ელ მადრიგალზე" გატანილი 3 ბურთის წყალობით ჩვენ ლა ლიგის ყველაზე გამტანი გუნდი გავხდით".
"რეალის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ოთხშაბათს "სამეფო კლუბი" მურსიაში ამხანაგურ მატჩს გამართავს, ადგილობრივ "მურსიასთან", რომელსაც ხოსე ანტონიო კამაჩო გაუძღვება, წარმოშობით მურსიელი მწვრთნელი. მთელი შემოსავალი კი მიწისძვრისგან დაზარალებულ ქალაქ ლორკას ფონდში გადაირიცხება. თამაშამდე "რეალის" ფეხბურთელები სწორედ ლორკას მოინახულებენ.
კრიშტიანო რონალდო:
რეკორდზე: ძალიან ბედნიერი ვარ მიღწეულით. სიმართლე გითხრათ, სეზონის დასაწყისში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენ გოლს გავიტანდი. ძალიან სასახელოა, რომ ორი ლეგენდარული ფეხბურთელის რეკორდი გავიმეორე. ეს კი რთულ მეტოქესთან, მისსავე სტადიონზე მოვახერხე. მწვრთნელმა გვითხრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სეზონის მოგებებით ჩამთავრება, ეს საფუძველს შეგვიქმნის, ახალი სეზონიც გამარჯვებებით დავიწყოთ. რჩება მატჩი "ალმერიასთან" და მსურს კიდევ გავიტანო, თუმცა მხოლოდ ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, მთავარი ხომ გუნდის გამარჯვებაა. თანაგუნდელებს არაფერი უთქვამთ ჩემთვის თამაშამდე, თუმცა ისინი, ბუნებრივია, გახარებულნი არიან, რომ დუბლი შევასრულე.
საჯარიმოებზე: არ იყო ადვილი გასატანები, თუმცა, ვიფიქრე, რომ დღეს ჩემი დღე იყო და გამომივიდოდა - ვცადე და გავიტანე კიდევაც.
სეზონზე: პირადად დიდებული სეზონი მქონდა, ძალიან ბევრი გოლი გავიტანე და კმაყოფილი ვარ, თუმცა კარგი იქნებოდა, გუნდს უკეთესი სეზონი ჰქონოდა. ჩვენ ძალიან გვსურდა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება.
საქველმოქმედო მატჩზე: ძალიან კარგი მოფიქრებაა, სიამოვნებით ვითამაშებ - ახლა იმ ხალხს ყველაზე მეტად დახმარება ესაჭიროება.