ჩემპიონის ახალი ფორმა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მრავალწლიან ისტორიაში პირველად მოხდება, რომ გუნდის მაისურზე კომერციული რეკლამა მოთავსდება.

აი, ასეთი იქნება "ბარსას" ახალი ფორმა 2011-12 წლების სეზონისთვის - "ყატარ ფაუნდეიშენმა" ამ წარწერისთვის 150 მილიონი ევრო გადაიხადა და ის "ბლაუგრანას" უახლოესი ხუთი სეზონი დაამშვენებს. რაც შეეხება არაკომერციულ რეკლამას - "ბარსა" "უნისეფთან" აგრძელებს თანაშმრომლობას, თუმცა წარწერა მაისურის ზურგზე გადაინაცვლებს.

"ბარსელონას" ახალი საშინაო ფორმის პრეზენტაცია დღეს გაიმართება, მაგრამ "ფეისბუქის" კლუბის ოფიციუალურ გვერდზე ფოტოები ნაადრევად გაჩნდა, თუმცა ჯერ ბევრი დეტალი არ არის ცნობილი და არც ის, თუ როგორ გამოიყურება საგარეო ფორმა.
ამბობენ, ის შავი იქნებაო...


ბუსკეტსს მწვანე აუნთეს
უეფა-მ შეწყვიტა საქმე სერხიო ბუსკეტსის წინააღმდეგ - მას აღარ ადანაშაულებენ რასიზმში მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი მცველის, მარსელოს მიმართ. ასე რომ, 28 მაისს 22 წლის ნახევარმცველს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება აქვს.
"რეალის" ოფიციალურ საიტზე გამოფინეს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბუსკეტსი მარსელოს "მაიმუნს" უწოდებს და თან ოსტატურად იფარავს პირს. "ბარსელონა" ამ ბრალდებას უარყოფდა. უეფა კი მარსელოსგან ელოდა ჩვენებას. რა მოხდა შემდეგ უცნობია, მაგრამ ფაქტია, საქმე დაიხურა. შესაძლოა, მარსელომ აღარ ინდომა გამწვავება.

ფორლანი თურქეთში მიდის
ამ დღეებში ლა ლიგას კიდევ ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ტოვებს - დიეგო ფორლანი კარიერას ალბათ თურქულ "ბეშიქთაშში" გააგრძელებს. თურქული "ნტვ სპორის" მტკიცებით, ურუგვაელი ფორვარდი ამ კვირაშივე მოაწერს კონტრაქტს სტამბოლურ კლუბთან. ფორლანი "ატლეტიკოში" 2007 წელს გადავიდა და მადრიდულ კლუბთან ერთად ევროპის ლიგა მოიგო. 32 წლის ფორვარდი შარშანდელ მუნდიალზე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თუმცა ბოლო სეზონი "ატლეტიკოში" მას მაინცდამაინც კარგი არ გამოუვიდა.
ფორლანდ უთანხმოება აქვს კიკე ფლორესთან, რის გამოც ურუგვაელმა სეზონის ბოლოსკენ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი საბოლოოდ დაკარგა. თურქული სააგენტო "აჯანსპორი" ამტკიცებს, რომ ფორლანი "ბეშიქთაშის" ფეხბურთელი ოთხშაბათს გახდება და კლუბს მისი ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდება. ფორლანი ახალ კლუბში პრიმერაში თამაშისას კარგად ნაცნობ გუტისა და სიმაოს თანაგუნდელი გახდება.


ყველა მატჩი შაბათს
ესპანეთის ფეხბურთის პროფესიულმა ლიგამ (ლფპ) ბოლო ტურის წინ შექმნილი სატურნირო სიტუაციით იხელმძღვანელა და ლა ლიგის უკანასკნელი ტურის მატჩები (უკლებლივ ყველა) შაბათს, 21 მაისს დანიშნა. მატჩების უმეტესობა ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე (ჩვენი დროით ზუსტად შუაღამით) დაიწყება. ესენია: ოსასუნა-ვილიარეალი, რეალ სოსიედადი-ხეტაფე, ესპანიოლი-სევილია, ლევანტე-სარაგოსა, მალიორკა-ატლეტიკო, დეპორტივო-ვალენსია და რასინგი-ბილბაო. ტურს მალაგა-ბარსელონა გახსნის (ჩვენი დროით, 20 საათზე), შემდეგ კი მოედანზე "რეალი" და "ალმერია" გავლენ (22 საათზე).


ტენერიფე სეგუნდადანაც გავარდა
კანარელთა თავისუფალი ვარდნა გრძელდება - შარშან პრიმერადივიზიონიდან გავარდნილმა "ტენერიფემ" ფეხი ვერც სეგუნდადივიზიონში მოიკიდა და სეზონის დასრულებამდე "გაინაღდა" რანგით მესამე, სეგუნდა

B დივიზიონში თამაში. ბოლო ტურში "ტენერიფემ" "ვალიადოლიდი" 3:2 დაამარცხა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა, რადგან მოიგო უშუალო კონკურენტმა "ხიმნასტიკმაც". ბოლო 24 სეზონიდან 12 კუნძულელებმა უმაღლეს დივიზიონში გაატარეს, სეგუნდა B დივიზიონში კი მათ 1987 წლის მერე არ უთამაშიათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული