პრიმერადივიზიონის ტურმა პირველი ოთხი გუნდი დაალაგა: "ბარსელონა", "რეალი" და "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, ხოლო მე-4 ადგილზე გასული "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაში პლეი ოფიდან ჩაებმება. ევროპის ლიგაზე გამსვლელი სამეულიც გაირკვა: "სევილია", "ატლეტიკო" და "ბილბაო". მათ 55-55 ქულა
ტურის სიმბოლური ნაკრები
გოლ.კომ. 4-3-3
მეკარე
მარიო (რასინგი, 1): 23 წლის გოლკიპერს დებიუტი ჰქონდა ლა ლიგაში, მისმა გუნდმა 1:2 წააგო და მაინც... რომ არა მარიოს ბრწყინვალე თამაში ანგარიშში სხვაობა კანტაბრიელთათვის კატასტროფული იქნებოდა.
მცველები
მარტინ კასერესი (სევილია, 4): ჯერ მარტო საფეხბურთო გმირობისთვის ეკუთვნის ურუგვაელს ადგილი სიმბოლურში. მოგეხსენებათ, ორი ტურის წინ ანდალუსიურ დერბიში, კასერესს შეჯახების შედეგად თირკმელმა უღალატა და ის კინაღამ მოედანზე მოკვდა. გვეგონა, მას ვეღარასოდეს ვიხილავდით "სევილიას" მაისურით (რადგან "ბარსას" საკუთრებაა და "სანჩეს პისხუანზე" იჯარით თამაშობს), მაგრამ "რეალ სოსიედადთან" გამოჩნდა და მოედანზე საუკეთესოთა შორის იყო.
პეპე (რეალი, 6): პეპემ დაამტკიცა, რომ "რეალის" სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. არა აქვს მნიშვნელობა, სად გაამწესებს მას მოურინიო - დაცვაში თუ ნახევარდაცვაში. "ვილიარეალთან" შეხვედრაში მან იტალიელ ჯუზეპე როსის გასაქანი არ მისცა.
ალვარო დომინგესი (ატლეტიკო, 2): ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრს არ ჰქონია საუკეთესო სეზონი, თუმცა "ერკულესთან" ახლო მანძილიდან გაიტანა. "ვისენტე კალდერონზე" დომინგესი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელთა იმედი აქვთ მომავალში.
ალბერტო ლოპო (დეპორტივო, 2): "დეპორტივოს" ჰაერივით სჭირდებოდა ის ქულა, რომელიც გალისიურმა კლუბმა "კამპ ნოუდან" წაიღო. ლოპომ კი მასპინძელთა ახალგაზრდულ თავდასხმის ხაზს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.
ნახევარმცველები
ანხელ ლაფიტა (სარაგოსა, 2): ის, რომ "სარაგოსა" არ ნებდება, დიდწილად ამ არაგონელი ფეხბურთელის დამსახურებაა. ორი კვირს წინ მან "რეალს" დუბლი შეუსრულა, ახლა კი "ესპანიოლთან" გამარჯვებაში დაიდო ლომის წილი.
ტიაგო ალკანტარა (ბარსელონა, 2): მიუხედავად იმისა, რომ "ბარსამ" ვერ მოიგო, გუნდი მეორე შემადგენლობითაც საინტერესო ფეხბურთს თამაშობდა, რაც ტიაგოს დამსახურებაა. უეჭველია, რომ მას მომავალ სეზონში გაცილებით დიდი როლი დაეკისრება კატალონიურ გრანდში.
პედრო რიოსი (ხეტაფე, 3): რიოსის ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა "ხეტაფეს" გადარჩენის შანსი მისცა.
თავდამსხმელები
პაბლო პიატი (ალმერია, 3): აფსუსია თუკი ამ ბრწყინვალე არგენტინელ ფეხბურთელს მომავალ სეზონში პრიმერადივიზიონში ვეღარ ვნახავთ. მისმა ბრწყინვალე თამაშმა "ალმერიას" გულდაწყვეტილი გულშემატკივრები დროებით მაინც გაახარა.
ფრედერიკ კანუტე (სევილია, 3): ვეტერანი ფორვარდი ხშირად რომ არ იმტვრეოდეს, "სევილიას" მისგან გაცილებით მეტი ხეირი ექნებოდა.
კრიშტიანო რონალდო (რეალი, 12): ბოლო სამ მატჩში 9 გოლი გაიტანა და ფაქტობრივად გაინაღდა "პიჩიჩი" და "ოქროს ბუცი". "ელ მადრიგალზე" ორი ბრწყინვალე გოლი მიითვალა, ორივე საჯარიმო დარტყმით.
ლეო ვს რონალდო დუბლი 37...
... არ შედგა. რატომ? ჰკითხეთ პეპ გვარდიოლას! ამასობაში რონალდომ დუბლი მიითვალა და მესის უკვე 7 გოლით უსწრებს ჩემპიონატში. ბომბარდირის საკითხი პრაქტიკულად გარკვეულია.
ტურის ფრაზები
"შემდეგ სეზონშიც "რეალში" ვიქნები", - განაცხადა ხორხე ვალდანომ, რათა თამაშის წინ აგორებული ჭორებისთვის ბოლო მოეღო, თითქოს ის "სამეფო კლუბიდან" მიდის.
"შეტევაში, ბოლო დროს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დაგვაკლდა", - "ვილიარეალის" თავკაცი ხუან კარლოს გარიდო "რეალთან" მისი გუნდის მარცხის შემდეგ.
"ბოლოს და ბოლოს "ბარსასთან" არ წავაგეთ და პრესტიჟი არავის შევალახინეთ", - "დეპორის" ვეტერანი ვალერონი.
"ჩვენ დავიმსახურეთ, რომ ბოლო ტურამდე ვიწვალოთ", - მიქაელ ლაუდრუპი, "მალიორკას" მთავარი მწვრთნელი.
"გამარჯვებას პუბლიკას ვუმადლი, რომელთაც უბრალოდ აიძულეს ჩემი ფეხბურთელები, ფანტასტიკურად ეთამაშათ", - "ხეტაფეს" მწვრთნელი მიჩელი "ოსასუნათან" 2:0 მოგების შემდეგ.
"ლევანტესთან" მატჩში საკუთარ სიცოცხლეს გავწირავთ", - "სარაგოსას" თავკაცი ხავიერ აგირე.
"შესაძლოა, მსურს დავრჩე "ვალენსიაში", შესაძლოა, არც მსურს", - უნაი ემერის ორჭოფული ფრაზა ვალენსიური დერბის შემდეგ.
"ტრიბუნაზე რომ ვყოფილიყავი, მეც დავუსტვენდი ჩემს გუნდს", - თავისი გუნდით უკმაყოფილო ხოაკინ კაპაროსი.
"დღეს გუნდმა ისე ითამაშა, როგორც მე მომწონს", - მანუელ პელეგრინი ბილბაოში მოპოვებული ქულის შემდეგ.
ტურის ჩემპიონი ფრაზა
პეპე: "ოფიციალური მატჩის რეპორტაჟის მიხედვით, გოლი ეკუთვნის კრიშტიანო რონალდოს და არა მე. ბურთი მე მომხვდა და ისე გავიდა, მაგრამ ის მთლიანად ჯარიმის დამრტყმელის დამსახურებაა. ერთი წუთითაც არ მქონია პრობლემა, ყოველთვის ვაცხადებდი, რომ გოლი მას ეკუთვნის."
ახლა განვმარტოთ რაშია საქმე - კრიშტიანო რონალდოს ესპანური და მსოფლიო მედიის დიდი ნაწილი სეზონში 38 გოლს უთვლის, გამონაკლისია "მარკა" და კიდევ რამდენიმე გამოცემა. თუმცა სწორედ "მარკა" გადასცემს "პიჩიჩის". "მარკას" მტკიცებით კი კრიშტიანომ უკვე დაამხო ტელმო ზარასა და უგო სანჩესის რეკორდი, მას 39 გოლი აქვს ანგარიშზე. როგორ? 2010 წლის სექტემბერში, "ანოეტაზე" კრიშტიანო რონალდომ ჯარიმა დაარტყა, რომელიც კედელში მდგომ მისსავე თანაგუნდელ პეპეს მოხვდა და ისე გავიდა მასპინძელთა კარში. თავიდან გოლი რონალდოს ჩაუთვალეს, შემდეგ კი - პეპეს. თუკი, პორტუგალიელი "ალმერიასთან" გოლს ვერ გაიტანს, გასული სექტემბრის ბასკური საღამოს ამ ეპიზოდის ინტერპრეტირებას დიდი მნიშვნელობა მიეცემა.
ტურის მსხვერპლნი
ჟულიო ბაპტიშტა (მალაგა): ბრაზილიელმა, შეიძლება, ბოლო ტურის მატჩი გამოტოვოს "ბარსელონას" წინააღმდეგ. მან ტრავმა ბილბაოში "ატლეტიკთან" მატჩში მიიღო.
პირველი...
"ბარსელონა"-"დეპორტივოს" მატჩის 82-ე წუთზე "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 19 წლის ტარაგონელი ყმაწვილი ორიოლ რომეუ ვიდალი გამოჩნდა, რომელსაც ხან ორიოლად მოიხსენიებენ, ხან - რომეუდ. ეს ორიოლ რომეუს დებიუტია ლა ლიგაში. ის დაცვითი ტიპის ნახევარმცველია და სერხიო ბუსკეტსისა და ხავიერ მასკერანოს მსგავსად, დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში. სხვათა შორის, ორიოლ რომეუ "ესპანიოლის" აღზრდილია.
ტურის სტატისტიკა
ტურში 23 გოლი გავიდა (2,3 გოლი საშუალოდ), მასპინძლებმა მოიგეს 10-დან 6 მატჩი, 3 ფრედ დასრულდა და მხოლოდ ერთში იმარჯვეს სტუმრებმა. ტურში 32 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენეს.
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები: ხუანმი (17 წლის), მუნიაინი (18), ტატო (18), რომეუ (19), კოკე (19), ამატი (19), ლუკე (19).
ყველაზე მეტი მაყურებელი: 70 044 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 5 000 - "მედიტერანეო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 31 - სპორტინგი
კარში: 15 - სპორტინგი
ჯარიმა: 18 - რეალ სოსიედადი, ვალენსია
კუთხური: 15 - სპორტინგი
თამაშგარე: 9 - რეალი
ბურთის ფლობის %: 78 - ბარსელონა
ტოპ-10 "დონ ბალონის" მიხედვით
ფეხბ. კლუბი ქულა (თ) საშ.
1. მესი ბარსელონა 242 (33) 7,33
2. რონალდო რეალი 238 (33) 7,21
3. როსი ვილიარეალი 247 (35) 7,06
4. ინიესტა ბარსელონა 237 (34) 6,97
5. კასორლა ვილიარეალი 249 (36) 6,92
6. ბ. ვალერო ვილიარეალი 235 (34) 6,91
7. დ. ალვეში ალმერია 227 (33) 6,88
8. ჩავი ბარსელონა 208 (31) 6,71
9. არანსუბია დეპორტივო 207 (31) 6,68
10. დ. ლოპესი ვილიარეალი 247 (37) 6,68
გუნდი ქულა
1. ბარსელონა 93
2. რეალი 89
3. ვალენსია 68
4. ვილიარეალი 62
5. ატლეტიკო 55
6. სევილია 55
7. ბილბაო 55
8. ესპანიოლი 49
9. მალაგა 46
10. რასინგი 46
11. სპორტინგი 46
12. ლევანტე 45
13. სოსიედადი 44
14. ოსასუნა 44
15. მალიორკა 44
16. დეპორტივო 43
17. ხეტაფე 43
18. სარაგოსა 42
19. ერკულესი 34
20. ალმერია 30
ბოლო ტური
21 მაისი
მალაგა-ბარსელონა
ერკულესი-სპორტინგი
რეალი-ალმერია
ესპანიოლი-სევილია
დეპორტივო-ვალენსია
ლევანტე-სარაგოსა
მალიორკა-ატლეტიკო
ოსასუნა-ვილიარეალი
რეალ სოსიედადი-ხეტაფე
რასინგი-ბილბაო