1. მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო ყველაზე მსუყე სატრანსფერო ლუკმად მიიჩნევა. 22 წლის აგუეროს ძალიან ბევრ კლუბთან აკავაშირებენ, მაგრამ ყველაზე ხშირად ტურინის "იუვენტუსს" და მადრიდის "რეალს" ახსენებენ. არადა, აგუეროს 2014 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი "ატლეტიკოსთან" და სულ
ესეც არასაკმარისი გამოდგა. ამიტომ, "ატლეტიკოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა გუშინ ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბი აგუეროს არ ყიდის. დაუსვამს თუ არა ეს წერტილს სპეკულაციებს, დრო გვიჩვენებს.
2. ისევ "ატლეტიკოს" თავდამსხმელი - დიეგო ფორლანი, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გუნდიდან წავა. საქმე იმაშია, სად? ბოლო კვირაში ყველაზე აქტუალური თურქული "ბეშიქთაში" იყო, თუმცა თურქებს კონკურენტი პლანეტის სულ სხვა მხარედან - ბრაზილიიდან გამოუჩდათ - "გლობსპორტი" იუწყება, რომ "ფლამენგო" დაინტერესებულია მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის შეძენით. ფორლანი "ტოტენჰემ ჰოტსფურზსაც" სურს.
3. "ბარსელონას" ახალგაზრდა ფორვარდმა ბოიან კრკიჩმა ვერც ამ სეზონში მოახერხა "ბლაუგრანას" შემტევი ტრიოს ძირითადი ფეხბურთელი გამხდარიყო. პედრო-მესი-ვილიას ტრიოს 20 წლის ბოიანმა ძვრა ვერ უყო. ამიტომ, მას უკვე ხშირად აკავშირებენ სხვა კლუბებთან. ბოლო სიახლე "სპორტმა" შემოგვთავაზა - თურმე ბოიანის ხილვა "მესტალიაზე" სურთ, რათა ის რობერტო სოლდადოს შეუწყვილონ. კრკიჩის ტრანსფერს ინგლისის მიმართულებითაც ვარაუდობენ.
4. როისტონ დრენტეს იჯარა "ერკულესში" სრულდება და ის "სამეფო კლუბს" უბრუნდება, მაგრამ ჰოლანდიელს ჟოზე მოურინიო სულაც არ ელის. ასე რომ, "ტუტოსპორტის" ინფორმაცია, რომ მას "იუვენტუსი" ეპატიჟება, არ უნდა იყოს მთლად ჰაერიდან მოტანილი.
5. კაკა "მილანში" - იტალიური მედიის საყვარელი თემაა. ვფიქრობთ, მხოლოდ მედია არაფერ შუაშია და "მილანი" მართლაც იყო მისი დაბრუნებით დაინტერესებული, მაგრამ, ალბათ, იყო და აღარაა. ახლა ბრაზილიელს ინგლისში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, რაც დედამისის მიერ "ტვიტერზე" დაწერილმა ფრაზამ ააგორა. თავად კაკამ კი ორი დღის წინ განაცხადა: "რეალში" ვრჩები!" ვნახოთ, რა მოხდება სინამდვილეში.
6. "ერკულესის" ფრანგი ფორვარდის, დავიდ ტრეზეგეს აგენტი პირდაპირ აცხადებს, რომ მისი კლიენტისთვის საუკეთესო გამოსავალი (მოგეხსენებათ, ვალენსიური კლუბი პრიმერადივიზიონიდან გავარდა) კარიერის იტალიურ "ნაპოლიში" გაგრძელება იქნება.
7. თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი "ტრაბზონი" "სევილიას" ნახევარმცველ დიდიე ზოკორას უმიზნებს. თურქებს 30 წლის ზოკორას სანაცვლოდ დაახლოებით 8 მილიონ ევროს გადაუხდიან, დაახლოებით იმდენს, რაც მასში "სევილიამ" 2009 წელს "ტოტენჰემს" გადაუხადა კოტდივუარელში.