დე ლა პენიას ცრემლიანი დასასრული

AutoSharing Option
გუშინ "ესპანიოლის" ნახევარმცველმა ივან დე ლა პენიამ მედია შეჰყარა და ფეხბურთიდან წასვლა საჯაროდ გამოაცხადა. 35 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთ უნიჭიერეს გამთამაშებლად მიიჩნევდნენ, განაცხადა, რომ მრავალრიცხოვანმა და ქრონიკულმა ტრავმებმა აიძულეს მას ეს ნაბიჯი გადაედგა.

"მადლობა ყველას, გუნდს, ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს, მე მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. მე საოცრად ლამაზი დრო გავატარე ბავშვობიდან ფეხბურთში. აქ შევიძინე ყველაზე კარგი მეგობრები. ყველაფერი ფანტასტიკური ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთს უკავშირდება. არ მავიწყდება, რამხელა სიყვარულით მიმიღეს გულშემატკივრებმა, მას შემდეგ, რაც პრიმერადივიზიონში გამოვჩნდი", - განაცხადა დე ლა პენიამ
პრესკონფერენციაზე და ბავშვივით ატირდა.

დე ლა პენია შაბათს "სევილიასთან" მატჩში უკანასკნელად გავა მოედანზე და ბარსელონურ პუბლიკას გამოეთხოვება: "არავის უნდა ფეხბურთთან განშორება, მას მერე, რაც ამ საოცარ სამყაროში შეაბიჯებს. მეც მინდოდა, კიდევ დიდ ხანს მეთამაშა, მაგრამ ეს შეუძლებელია. გულს სურს მოედანზე გასვლა, მაგრამ ორგანიზმი ჯიუტად მეუბნება: კმარა".

"მართალია, ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია მწვრთნელის ამპლუაში და ეს არც მოხდება, მაგრამ ფეხბურთთანაც განშორება მიჭირს. არ ვიცი მომავალში რითი დავკავდები, მაგრამ ჩემს ოჯახს, რომ მეტ დროს დავუთმობ, ცხადია", - განაცხადა დე ლა პენიამ.

"პატარა ბუდამ" ამ სეზონში სულ 30 წუთი ითამაშა "ესპანიოლის" შემადგენლობაში. დე ლა პენია კანტაბრიაში დაიბადა. ის "ბარსელონას" აღზრდილია და საფეხბურთო სამყაროში გამოზომილი პასით და საჯარიმო დარტყმების უბადლო შესრულებით იყო ცნობილი. 1995 წელს 19 წლის "პატარა ბუდას" იოჰან კრუიფის გუნდში ჰქონდა დებიუტი. ის "ვალიადოლიდთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა და გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტმა სეზონში 7 გოლი გაიტანა და მას ყველა ხოსეპ გვარდიოლას შემცვლელად მიიჩნევდა, კრუიფმა აქცენტის გაკეთება სხვა ფეხბურთელებზე გადაწყვიტა. კლუბში ბობი რობსონის მოსვლასთან ერთად დე ლა პენიას მეორე შანსი მიეცა და მან ეს შანსი კარგად გამოიყენა, რონალდოსთან ბრყინვალე დუეტი ააწყო. მაგრამ ლუის ვან გაალის მოსვლით, "პატარა ბუდამ" კვლავ დაკარგა მწვრთნელის ნდობა "ბარსაში".

ამის შემდეგ დაიწყო მისი უიღბლობები, დე ლა პენიამ ვერ გაამართლა "ლაციოში" და ის მარსელის "ოლიმპიკში" გაანათხოვრეს. ვერც იქ იყოჩაღა და დროებით "ბარსას" დაუბრუნდა. 2002 წელს მან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, "ბარსას" მოსისხლე მტერ "ესპანიოლში" გადაბარგდა, სადაც გაატარა კიდეც კარიერის საუკეთესო წლები. 2007 წლიდან კი დაიწყო გაუთავაბელი პრობლემები ტრავმებთან დაკავშირებით, "პატარა ბუდა" უმეტეს დროს კლუბის ლაზარეთში ატარებდა. მას ესპანეთის ნაკრებში 5 მატჩი აქვს გამართული.

დე ლა პენიას მოგებული აქვს: ვეროპის თასების მფლობელთა თასი (1997), უეფა-ს სუპერთასი (1997), ესპანეთის ჩემპიონატი (1998), ესპანეთის თასი (1997), ესპანეთის სუპერთასი (1996) - "ბარსელონაში"; თასების მფლობელთა თასი (1999), იტალიის სუპერთასი (1998) - "ლაციოში"; ესპანეთის თასი (2006) - "ესპანიოლში". "დონ ბალონმა" ის 1995-96 წლების სეზონის ლა ლიგის საუკეთესო დებიუტანტად დაასახელა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული