"რეალის" მესამე შენაძენი

AutoSharing Option
გუშინ "სამეფო კლუბმა" გამოაცხადა კიდევ ერთი ტრანსფერის შესახებ: ნური შაჰინისა და ჰამით ალთინტოპის შეძენის შემდეგ, "რეალმა" "ესპანიოლის" შემტევ ნახევარმცველ ხოსე მარია კალეხონს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. შეიძლება ითქვას, რომ 24 წლის გარემარბი შინ ბრუნდება, ის ხომ "რეალის" აღზრდილია.

კალეხონს საოცარი სეზონი ჰქონდა "ესპანიოლში". ბრწყინვალე თამაშით მან სპეციალისტთა და ევროგრანდთა ყურადღება მიიპყრო, თუმცა ისევ "რეალმა" იპირველა. საერთო ჯამში, კალეხონმა "ესპანიოლის" მაისურით ლა ლიგაში 97 თამაში ჩაატარა. გასულ სეზონში მეტოქეები ყველაზე ხშირად კალეხონის წინააღმდეგ ჯარიმდებოდნენ.

ხოსე მარია კალეხონი "რეალში" პირველად 2002 წელს მივიდა.
2007 წელს მას "რეალ კასტილიაში" ჰქონდა დებიუტი. ამ სეზონის შემდეგ ნიჭიერი ახალგაზრდა ბარსელონაში გადაბარგდა. საერთო ჯამში, მან "ესპანიოლის" მაისურით 10 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ხოსე მარიას ჰყავს ტყუპისცალი ხუან მიგელი (ხუანმი), რომელიც ახლა "გრანადაში" თამაშობს.

"ესპანიოლში" ის ფორვარდად გადავიდა, თუმცა ბარსელონაში მას პოზიცია შეუცვალეს, რადგან ფლანგიდან გაცილებით ეფექტურად უტევდა. კალეხონს ორივე ფლანგზე ერთნაირად კარგად შეუძლია თამაში, თუმცა უფრო ხშირად მას მარცხენა ფრთაზე ვხედავდით. 2010/11 წლების სეზონში მან 37 თამაშში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. სეზონის განმავლობაში მის წინააღმდეგ 124-ჯერ დაჯარიმდნენ. მაშ ასე, 3-წლიანი განშორების შემდეგ, ჟოზე მოურინიოს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ხოსე მარია კალეხონი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.
ახალი კონტრაქტი ძალაში (როგორც წესია) 1 ივლისიდან შევა. ესპანური მედია ტრანსფერის ფასად 5,5 მილიონ ევროს ასახელებს, თუმცა ეს არაოფიციალური რიცხვია. კალეხონი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, რომლის შემადგენლობაში 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული