ცრემლები გალისიაში, რეკორდი "სანტიაგო ბერნაბეუზე", შვება ესპანეთის ხუთ ქალაქში (რომელთა გუნდები გავარდნას გადაურჩნენ), ჩემპიონის გამარჯვება არაგონში, გამომშვიდობები და დებიუტები - აი, ამით იყო გამორჩეული ესპანური პრიმერას ბოლო, 38-ე ტური და რიგით მე-80 ლა ლიგა ისტორიის კუთვნილებაა. მომავალი სეზონიდან პრიმერაში 4 მადრიდული კლუბი ითამაშებს - პირველად ისტორიაში - "რაიო ვალეკანომ" ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა პრიმერაში თამაშის უფლება და "რეალს", "ატლეტიკოსა" და "ხეტაფეს" შეუერთდა.
ტურის სიმბოლური ნაკრები
3-4-3
მეკარე
ხავი ვარასი (სევილია, 3): მან ანდრეს პალოპს მოუგო
მცველები
კარლოს დიოგო (სარაგოსა, 1): იმისთვის, რომ "სარაგოსას" საჭირო შედეგისთვის მიეღწია, რომელიც არაგონელებს გავარდნისგან იხსნიდა, არა მხოლოდ უნდა შეეტიათ, არამედ, კარიც კარგად დაეცვათ. ამაში კი დიეგო საუკეთესო იყო.
სერხიო (ოსასუნა, 3): "ვილიარეალთან" მატჩში სოლიდურად ითამაშა და ფიზიკური უპირატესობა სტუმართა ჩია ფორვარდებთან კარგად გამოიყენა.
კატა დიასი (ხეტაფე, 2): ქულა, რომელმაც "ხეტაფე" პრიმერაში დატოვა კატა დიასის გოლმა მოუტანა მადრიდულ გუნდს.
ნახევარმცველები
გაბი (სარაგოსა, 3): "სარაგოსა" გადარჩენას მის კაპიტან გაბის უნდა უმადლოდეს, რომელმაც დუბლი შეასრულა "ლევანტეს" კარში.
იბრაჰიმ აფელაი (ბარსელონა, 1): ჰოლანდიელმა თამამი განაცხადა მომავალ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაზე. ბოლო ტურში ძალიან ლამაზი და რთულად შესასრულებელი გოლი გაიტანა.
ჟოან ვერდიუ (ესპანიოლი, 1): გაიტანა ძალიან მაგარი გოლი და შეასრულა ერთი საგოლე პასი.
ხოსე რეიესი (ატლეტიკო, 3): რეიესი სეზონის მეორე ნახევარში ბრწყინვალე ფორმაში შევიდა. ის განსაკუთრებით კარგად თამაშობს სერხიო აგუეროსთან ერთად. სამწუხაროდ, ამ დუეტს დაშლა ელის.
თავდამსხმელები
სერხიო აგუერო (ატლეტიკო, 7): ეს იყო არგენტინელის ბოლო მატჩი მადრიდული კლუბის მაისურით და ის აგუერომ ჰეთ თრიკით აღნიშნა.
ემანუელ ადებაიორი (რეალი, 2): აფრიკელს დასამტკიცებელი აქვს, რომ გუნდს მომავალშიც ესაჭიროება, ამიტომ კრიშტიანო რონალდოზე ნაკლები მოტივაციით არ გასულა მოედანზე და ესპანეთში პირველი ჰეთ თრიკიც შეასრულა.
კრიშტიანო რონალდო (რეალი, 13): "რეალის" 102 გოლიდან 40 მან გაიტანა. "ალმერიასთან" მატჩში მისი შეჩერება შეუძლებელი იყო: 2 გოლი და 4 საგოლე პასი.
ტურის კატასტროფა
"რიასორზე" მოხდა - პრიმერადივიზიონმა (იმედია, დროებით) ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი "დეპორტივო" დაკარგა. გალისიელებმა შინ წააგეს "ვალენსიასთან" 0:2 და ელიტას დაემშვიდობნენ. ორიოდ დღეში ამას გუნდის თავკაც მიგელ ანხელ ლოტინას გადადგომა მოჰყვა. დღემდე ლა ლიგის 80 სეზონი ჩატარდა და მხოლოდ ორში არ ყოფილა "დეპორტივო" ელიტაში. ქვეყნის ჩემპიონი და ხუთგზის ვიცე-ჩემპიონი სეგუნდადივიზიონში გადაბარგდა. "დეპორი" ბოლოს 1991 წელს გადავიდა პრიმერაში და მას მერე ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო, რაც 2000 წელს ჩემპიონატის მოგებით დასრულდა. 2004 წელს ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა. მართალია, იმ "სუპერდეპორისგან" ბევრი არც არაფერი იყო დარჩენილი, მაგრამ გუნდის გავარდნას მაინც ვერავინ წარმოიდგენდა.
ტურის კურიოზი
"კორნელია ელ პრატზე" "სევილიას" ფორვარდი ფრედერიკ კანუტე მეკარე კრისტიან ალვარესთან ის იყო პირისპირ გავიდა, რომ ტრიბუნაზე ვიღაც იდიოტმა ჩაუსტვინა. ფორვარდს ეგონა, თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირაო და ბურთი ხელში აიღო.
ტურის ფრაზები
"მე მსურს ძალიან უბრალო რამ - მომავალში ყველამ "ფეარ ფლეის" პრინციპით იხელმძღვანელონ, ისევე, როგორც ჩვენ", - ჟოზე მოურინიო.
"ვაჩვენოთ რასიზმს წითელი ბარათი. ოღონდ, საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით", - ჟოზე მოურინიო.
"მე ვერ შევძელი ამ გემის სამშვიდობოზე გაყვანა - პორტში ვერ შევიყვანე. ამიტომ უნდა წავიდე", - მიგელ ანხელ ლოტინა (დეპორტივო).
"96 ქულა ამ ჩემპიონატში - უდიდესი მიღწევაა. მე ამით ყოველთვის ვიამაყებ", - ხოსეპ გვარდიოლა.
"მალაგა", როგორც გუნდი, დღითიდღე იზრდება", - მანუელ პელეგრინი (მალაგა).
"ამ გუნდის ბედისწერა იყო მთელი სეზონი ეტანჯა და მაინც გადარჩენილიყო" - ხავიერ აგირე (სარაგოსა).
"რაც ვარ ყველაფერი "ხეტაფეს" დამსახურებაა", - გუნდის კაპიტანი მანუელ დელ მორალი ამ ფრაზით დაემშვიდობა მადრიდულ გუნდს.
"ჩვენ მომავალ წელსვე დავბრუნდებით", - "დეპორის" ვეტერანი ხუან კარლოს ვალერონი.
"რაც შეგვეძლო ის ვითამაშეთ, მეტი ამ ეტაპზე აღარ ძალგვიძს", - ხუან კარლოს გარიდო (ვილიარეალი).
"ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ, გადავრჩით, მაგრამ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ გადავრჩით სხვათა უიღბლობის წყალობით"- მიქაელ ლაუდრუპი (მალიორკა).
"ამ გუნდს მებრძოლი სული აქვს", - ხოაკინ კაპაროსი (ბილბაო).
ცვლილებათა ქარი პრიმერაში
მადრიდის "რეალმა" დაიბრუნა თავისი აღზრდილი ხოსე მარია კალეხონი, რომელიც ბოლო 3 სეზონი "ესპანიოლში" თამაშობდა.
"სევილიამ" ორი ნახევარმცველი გაიფორმა: "ხეტაფეს" კაპიტანი მანუ დელ მორალი და პიოტრ ტროხოვსკი "ჰამბურგიდან".
"რეალ სოსიედადმა" გამოცდილი ფორვარდი რაულ ტამუდო ტრანსფერზე დააყენა.
"ესპანიოლმა" გამოაცხადა, რომ აიყვანა ორი ურუგვაელი ფეხბურთელი: ხუან ანხელ ალბინი (ხეტაფე) და ადრიან ლუნა (დეფენსორი).
ბილბაოს "ატლეტიკის" მცველმა აიტორ ოსიომ გუნდთან 2012 წლამდე გააგრძელა ხელშეკრულება.
"ალმერიას" მეკარე ესტებანმა კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი.
"სარაგოსას" დაემშვიდობა ნახევარმცველი ანდერ ერერა, რომელიც "ბილბაოში" გადადის.
"სევილიას" მცველმა ივიცა დრაგუტინოვიჩმა განაცხადა, რომ კლუბიდან მიდის.
"ოსასუნას" ურუგვაელ ფორვარდ ვალტერ პანდიანის ახალი კონტრაქტი არ შესთავაზეს და ის გუნდიდან მიდის.
ადიოს!
"რეალის" ფეხბურთელებმა თამაშის მიწურულს საპატიო დერეფანი მოუწყეს პოლონელ გოლკიპერ ირჟი დუდეკს, რომელმაც "ალმერიასთან" უკანასკნელად ითამაშა ფეხბურთი პროფესიულ დონეზე.
ივან დე ლა პენიაც (ესპანიოლი) დაემშვიდობა აქტიურ სპორტს. "პატარა ბუდამ" ფეხბურთის მოყვარულები ბევრჯერ გაახარა ლამაზი, აზრიანი თამაშით და ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმებით.
"მალაგას" გოლკიპერმა არნაუმ ხელთათმანები ლურსმანზე ჩამოკიდა.
პირველი...
"რეალის" ახალგაზრდა ფორვარდ ხოსე ლუის სანმარტინ მატოს (ხოსელუ) ფეხბედნიერი დებიუტი ჰქონდა ლა ლიგაში. 21 წლის ტანმაღალი თავდამსხმელი "ალმერიასთან" მატჩში ბოლო წუთებზე გამოჩნდა და პირველივე შეხებით გოლი გაიტანა. ხოსელუ გერმანიაშია დაბადებული და 4 წელი იქაურ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი ვიგოს "სელტას" აკადემიაში მივიდა. "რეალში" 2009 წლიდანაა.
ხოსელუს გარდა ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდათ: ხესუს ფერნანდესს (რეალი), კარლოს ტომასს (ვილიარეალი) და იგნასიო ინსას (ვილიარეალი).
ტურის სტატისტიკა
ტურში 36 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 3,6 გოლია მატჩში. სტუმართა უპირატესობა დიდი იყო, მათ 6 მატჩი მოიგეს, 2 შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 2 კი - ფრედ. ფეხბურთელებმა ბოლო ტურში 30 ყვითელი ბარათი მიიღეს, გააძევეს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი "რასინგის" ნახევარმცველი ფრანსის პერესი. შესრულდა 2 ჰეთ თრიკი (ადებაიორი, აგუერო) და 5 დუბლი (რონალდო, გაბი, ბენზემა, ვებო და ნეგრედო).
ყველაზე მეტი მაყურებელი: 50 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ".
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 15 000 - "ხოსე რიკო პერესი".
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 26 - რეალი.
კარში: 16 - მალიორკა.
ჯარიმა: 22 - ვალენსია.
კუთხური: 14 - რეალი.
თამაშგარე: 7 - სარაგოსა, მალიორკა.
ბურთის ფლობის %: 65 - ერკულესი.
Top-10 "დონ ბალონის" მიხედვით
საბოლოო მდგომარეობა
ფეხბ გუნდი ქულა (თ) საშუალოდ
1. მესი ბარსელონა 242 (33) 7,33
2. რონალდო რეალი 246 (34) 7,24
3. როსი ვილიარეალი 251 (36) 6,97
4. ინიესტა ბარსელონა 237 (34) 6,97
5. ბ. ვალერო ვილიარეალი 242 (35) 6,91
6. კასორლა ვილიარეალი 255 (37) 6,89
7. დიეგო ალვეში ალმერია 227 (33) 6,88
8. აგუერო ატლეტიკო 215 (32) 6,72
9. არანსუბია დეპორტივო 215 (32) 6,72
10. ჩავი ბარსელონა 208 (31) 6,71
სეზონის სიმბოლური ნაკრები "დონ ბალონის" შეფასებების მიხედვით:
დიეგო ალვეში (ალმერია, 6,88) - დანი ალვეში (ბარსელონა, 6,60), მარსელო (რეალი, 6,50), დიეგო კოლოტო (დეპორტივო, 6,39) - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, 6,97), ბორხა ვალერო (ვილიარეალი, 6,91), სანტი კასორლა (ვილიარეალი, 6,89), ჩავი (ბარსელონა, 6,71) - ლიონელ მესი (ბარსელონა, 7,33), კრიშტიანო რონალდო (7,24), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი, 6,97).