25-ში "რეალის" ბორდის შეკრება იყო დანიშნული, ითათბირეს, იმსჯელეს და კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის პრესკონფერენციაც დაიწყო. იქ ფართო საზოგადოებამ შეიტყო, რომ ხორხე ვალდანო აღარ არის "რეალის" გენერალური დირექტორი. პერესმა ვალდანოს გაშვების მიზეზი ახსნა:
"თქვენ ყველამ
ამ პრობლემის განხილვისას კლუბის საბჭომ გადაწყვიტა, საერთოდ გააუქმოს გენერალური დირექტორის თანამდებობა და ამ ფუნქციების ნაწილი ხოსე ანხელ სანჩესის ფუნქციაში შეიყვანოს. ამიერიდან, მწვრთნელი, რომლის ფუნქცია-მოვალეობები გაიზარდა, პირდაპირ ანგარიშვალდებული იქნება ხოს ანხელ სანჩესთან. გენერალური დირექტორის ინსტიტუტის გაუქმების გამო, გადაწყდა ხორხე ვალდანოსთვის კონტრაქტის შეწყვეტაც. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ ცვლილებებში, რომლებსაც ჩვენ უახლოეს კვირებში ვგეგმავთ.
გრძნობების დამალვა არ მჩვევია და მინდა, ყველამ იცოდეს, როგორ მწყდება გული ვალდანოს წასვლის გამო, ჩვენ დიდი ხანია, ერთად ვშრომობდით, მაგრამ კლუბის წევრებმა იმიტომ აგვირჩიეს, რომ სიტუაციის და მიხედვით, სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ჩემი გრძნობები ხელს ვერ შემიშლის იმაში, რომ გავაკეთო, ის რისი გაკეთებაც მმართებს, როგორც "რეალის" პრეზიდენტს.
ჩვენ ყველანი ძალიან მადლიერნი ვართ ხორხესი. მისი შრომის და თავდადებისთვის, ვუსურვებთ მას ყველაფერ საუკეთესოს და მომავალში ისევ "რეალში" დაბრუნებას ვუსურვებთ."
ერთ პრესკონფერენციას მეორე მოყვა, ფლორენტინო პერესის სავარძელი ხორხე ვალდანომ დაიკავა. მან თქვა: "ძალიან მწყდება გული, ვტოვებ კლუბს, სადაც 27 წელიწადი გავატარე. მე ყოველთვის პატივს ვცემდი "რეალს" და მის მესვეურთა გადაწყვეტილებას. არასოდეს საფრთხეში არ ჩამიგდია გუნდი. აქაურობა ძალიან მიყვარს. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი საქმიანობით "რეალი" მესარგებლებინა.
მჯერა, რომ ჟოზე მოურინიოს დარჩენა კარგია იმ გუნდისათვის, რომელიც ბოლო წლებში სტაბილურობით ვერ გამოირჩეოდა. მან საკმაოდ მოკლე დროში ბრწყინვალე სამუშაო გასწია. მივიჩნევ, რომ ის კარგი მწვრთნელია და კარგია, რომ "რეალში" რჩება.
ძალიან ძნელია იმ ადგილის დატოვება, რომელიც გიყვარს, იმ ხალხთან განშორება, რომლებზეც გული შეგტკივა, ყველას გეუბნებით - მშვიდობით."
გემზე ორი კაპიტნის ადგილი არ არის!
მოკლედ, "რეალში" გამოაცხადეს, რომ უფრო "ინგლისურ" რელსებზე გადადიან, სადაც მწვრთნელს გაცილებით მეტი თავისუფლება და ფუნქცია აქვს. თუმცა, სინამდვილეში, ბევრი ამაში მოურინიოსა და ვალდანოს დაპირისპირებას ხედავს და აცხადებს, რომ ომი "განსაკუთრებულმა" მოიგო. პერესპრესკონფერენციაზე პირდაპირ ჰკითხეს: "ხომ არ მოითხოვა ვალდანოს გაშვება მთავარმა მწვრთნელმა".
"რას ამბობთ, მოურინიოს არაფერი მოუთხოვია. მან მხოლოდ ერთი რამ ითხოვა - მეტი ავტონომია. ისე, როგორც ეს ინგლისურ კლუბებშია. სპორტული განხრით კლუბში ორი ძლიერი პიროვნება მუშაობდა, რის გამოც მათ შორის ჰარმონია ვერ მიიღწია. ეს თქვენ ყველამ კარგად დაინახეთ მთელი სეზონის განმავლობაში. იყო აშკარა პრობლემა და ამ პრობლემას შველა ესაჭიროებოდა", - თავი ასე იმართლა პერესმა.
ყველაფერი კი ზუსტად ერთი წლის წინათ დაიწყო, როცა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი მოურინიოს დანიშვნას "რეალში" ხორხე ვალდანო შეეწინააღმდეგა. მაგრამ პერესმა დაიჟინა, რომ სწორედ მოუ იყო ის კაცი, რომელიც ლა ლიგაში "ბარსლონას" დომინირებას ბოლოს მოუღებდა. სხვათა შორის, სად იყო ჯერ ეს ტრანსფერი, როცა ვალდანო მოურინიოს გუნდების თამაშის მანერას სატელევიზიო ინტერვიუებში, თუ საგაზეთო სვეტებში მკაცრად აკრიტიკებდა. 2008 წელს ვალდანომ თქვა, რომ ჟოზეს ისეთი ქარიზმა აქვს, რომელიც კაცმა არ იცის, რას შეიცავსო.
გენერალურ დირექტორსა და მთავარ მწვრთნელს შორის ურთიერთობა იანვარში დაიძაბა, როცა "ალმერიასთან" 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ არგენტინელმა გაიკვირვა, რატომ დასვა მოუმ სათადარიგოთა სკამზე ქარიმ ბენზემა: "ვიმედოვნებ, რომ ბენზემას დიდ ხანს არ მოუწევს სკამზე ჯდომა, მის ირგვლივ სიტუაცია უსამართლობის შეგრძნებას ტოვებს", - თქვა მაშინ ვალდანომ. რაზეც ჟოზემ მიუგო: "შემადგენლობას თავად ვარჩევ და თუკი რჩევა დამჭირდება, საამისოდ ასისტენტები მყავს". ამ მკვეთრ განცხადებას ფლორენტინო პერესის მხრიდან არ მოჰყოლია რეაგირება. ცხადი გახდა, რომ ის მოურინიოს მხარეს გადაიხარა. ნელ-ნელა ვალდანომ ძირითადი გუნდიდან ფეხი ამოიკვეთა და მატჩებზეც ცალკე მიემგზავრებოდა, გუნდი ცალკე.
არგენტინელმა თქვა, რომ მოურინიოს ამის შემდეგ თავაზიანი გამარჯობის გარდა არც დალაპარაკებია. ითხოვა პერესთან სიტუაციის განხილვა, მაგრამ ამაოდ: "არ ვიცი, მოურინიოს რა ამოძრავებდა, მაგრამ ჩემი მხრიდან სულ ვცდილობდი ემოციების ჩახშობას და ყველაფრის მშვიდობიანად მოგვარებას", - იგონებს ახლა არგენტინელი.
თუკი მოურინიო ახალი სახეა "რეალისთვის", ვალდანოს სახელი "სამეფო კლუბის" უახლეს ისტორიას მჭიდროდ უკავშირდება. 1984 წელს "სამეფო კლუბში" აიყვანეს მაშინ 29 წლის სამხრეთამერიკელი ფორვარდი, რომელიც "სარაგოსაში" თამაშობდა. მისი წყალობით "რეალმა" ორჯერ მოიგო უეფას თასი, 1985 წლის ფინალში გოლი გაიტანა, მომდევნო წლის ფინალში კი სულაც დუბლი შეასრულა. 1988 წელს ვალდანოს კარიერა მოულოდნელად შეწყდა, მიზეზი კი ჰეპატიტი იყო.
ვალდანო კომენტატორი გახდა, შემდეგ კი "რეალის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი. 1991 წელს ვალდანო "ტენერიფეში" დანიშნეს, მან კანარული გუნდი ჯერ გავარდნისგან იხსნა, შემდეგ კი უეფას თასის საგზური მოუპოვა. ამის მერე ვალდანო "სამეფო კლუბში" მთავარი მწვრთნელის სტატუსით ბრუნდება. 1995 წელს არგენტინელის თავკაცობით "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. შემდეგ იყო მწვრთნელობა "ვალენსიაში". 1996 წელს ის "რეალის" სპორტული დირექტორი გახდა და ამ თანამდებობაზე 2005 წლის ივნისამდე გაძლო.
2009-ში ვალდანო უკან დაბრუნდა, ახლა როგორც გენერალური დირექტორი და პრეზიდენტის თანაშემწე. და, აი, 25 მაისს ყველაფერი დასრულდა - ის მოხსნეს კლუბში, რომელსაც 27 წელი შესწირა. ხორხე ვალდანოს უმაღლესი საფეხბურთო მიღწევა 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალია, როცა მან ფინალში გაიტანა და არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის, ვალდანოს კალამს ეკუთვნის წიგნი "სუენოს დე ფუტბოლ" (საფეხბურთო ოცნებები). "რეალის" ლეგენდა რაულმა თავის ვაჟს ხორხე ვალდანოს საპატივცემულოდ დაარქვა.
ვინ არის შემდეგი, ზინედინი?
ამბობენ, რომ მოურინიოს ინტრიგები კლუბში ამით არ ამოიწურება. სეზონის განმავლობაში იყო კიდევ ერთი კაცი, რომელმაც ღიად გააკრიტიკა მოურინიო - პრეზიდენტის მრჩეველი ზინედინ ზიდანი. 7 მაისს დიდმა ფრანგმა ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა პორტუგალიელთან ბრწყინვალეა, რომ ის მხოლოდ რჩევებით ეხმარება მოურინიოს. მაგრამ უნდა ავტონომიის მოყვარულ "განსაკუთრებულს" სხვისი რჩევები? თუნდაც ეს სხვა ზინედინი იყოს...