ცოტა ხნის წინ, ჟოზე მოურინიომ ხორხე ვალდანოს ძალაუფლებისთვის ბრძოლა მოუგო. შედეგად, მადრიდულმა გრანდმა ვალდანო დაითხოვა.
თვითონ თურქი ნახევარმცველი კი კრიტიკის ქარცეცხლს მშვიდად შეხვდა, თავდაჯერებული ჩანს და იქადნება, ყველას დავუმტკიცებ, რომ „რეალში“ თამაშის ღირსი ვარო.
„ვფიქრობ, რომ „რეალისთვის“ სასურველი ფეხბურთელი ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არავინ მომიყვანდა. ვერც იმ მოსაზრებას დავეთანხმები, თითქოს საშუალო დონის მოთამაშე ვარ, - ამბობს ჰამითი AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, - დარწმუნებული ვარ, რომ ჟოზე მოურინიოს ძალიან ვჭირდები. ეს სპეციალისტი ფეხბურთელს ტყუილად არასდროს ყიდულობს. სადაც არ უნდა მათამაშოს, თავს არ დავზოგავ.“
სიახლე არ არის ის ფაქტი, რომ ჰამითი მრავალმხრივი ფეხბურთელია და თამაში არაერთ პოზიციაზე შეუძლია. მარჯვენა მცველი, მარჯვენა ნახევარმცველი, საყრდენი ნახევარმცველი, გამთამაშებელი - კარიერის განმავლობაში მას ყველა ამ პოზიციაზე უასპარეზია. „ბაიერნში“ კი ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველთვის სათადარიგო იყო, რადგან ლუის ვან გაალს თავი ვერაფრით მოაწონა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ რეკორდმაისტერს ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის სახით ორი შესანიშნავი გარემარბი ჰყავდა და სულაც არაა გასაკვირი, ჰამითს ძალიან იშვიათად რომ ათამაშებდა. გასულ სეზონში თურქეთის ნაკრების ნახევარმცველმა „ბაიერნის“ ფორმა მხოლოდ 14 შეხვედრაში მოირგო. ჰამითი ამბობს, ვან გაალის გაკრიტიკება არ მინდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემს შემთხვევაში ძალიან ცდებოდა, ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდიო.
„ცხადია, არ მაქვს იმის ილუზია, რომ თავიდანვე სასტარტო შემადგენლობაში ვითამაშებ, მაგრამ მადრიდში სკამის სახეხად არ ჩამოვსულვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ხშირად ვითამაშო ხოლმე და მჯერა, მიზანს მივაღწევ,“ - აცხადებს ალთინთოფი.
სხვათა შორის, ესპანური პრესა და ესპანელი ექსპერტები თავის დროზე მესუთ იოზილის მადრიდულ პერსპექტივასაც ეჭვის თვალით უყურებდნენ (იგივე ითქმის სამი ხედირაზეც), მაგრამ 22 წლის გამთამაშებელმა, რომელიც წარმოშობით ასევე თურქია, სამეფო გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. სხვათა შორის, ალთინთოფს „რეალში“ კიდევ ერთი თანამემამულე დახვდება - ნური შაჰინი, რომელიც „რეალში“ ასევე ახალწვეულია (დორტმუნდიდან).