"ბარსა": ადიოს და მომავალ სეზონამდე!

AutoSharing Option
2010/11 წლების სეზონი "ბარსელონასთვის" ტრიუმფული გამოდგა - მართალია, გუნდი ტიტულების ჰეთ თრიკს ვერ შეწვდა (ქვეყნის თასი ვერ მოიგო), მაგრამ ოქროს დუბლი კი გაახერხა - ლა ლიგას, ჩემპიონთა ლიგაც დაუმატა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა სეზონში სულ 62 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელთაგანც 45 (ანუ 73%) მოიგო, 11 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 6 წააგო. "ბარსამ" 152 გოლი გაიტანა და 39 გაუშვა! მწვრთნელმა სულ 32 ფეხბურთელი გამოიყენა (მათ შორის, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც 1 სექტემბრამდე გადავიდა "მილანში"). აქედან 21 პირველი გუნდის წევრია (1 იბრაჰიმოვიჩი) და 10
- ბ გუნდის. ყველა შეჯიბრებაში ყველაზე მეტი დრო მოედანზე ბრაზილიელმა დანი ალვეშმა გაატარა - 4 652 წუთი. რაღა თქმა უნდა, გუნდის ბომბარდირი ლეო მესია, რომელმაც სულ 53 გოლი გაიტანა. მესი უკვე ბუენოს აირესშია, ეროვნული ნაკრების განკარგულებაშია. აი, რა თქვა "ლა პულგამ" აეროპორტში: "უბრალოდ ვერ წარმომიდგენია სხვა კლუბის მაისურით თამაში - ჩემი გუნდი მხოლოდ "ბარსაა".

პუიოლი დანის ქვეშ
"ბარსელონას" კაპიტანი კარლეს პუიოლი დღეს მუხლის ოპერაციას გაიკეთებს. კაპიტანმა გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ მოიცილოს პრობლემა და მომავალ სეზონს სრულიად ჯანსაღი დაუბრუნდეს. ოპერაცია პუიოლის მარცხენა მულხზე დღეს კლინიკა კვირონშია დაგეგმილი. ესპანეთის ჩემპიონისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდის კაპიტნის ოპერაცია იმდენად დიდ ინტერესს იწვევს, რომ, როგორც კი ყველაფერი დასრულდება, "კამპ ნოუს" ერთ-ერთ დარბაზში პრესკონფერენციას ექიმები, რიკარდ პრუნა და რამონ კუგატი გამართავენ.
პუიოლმა ეს ტრავმა 22 იანვარს "კამპ ნოუზე" "რასინგის" წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ამის გამო პუიოლმა თითქმის სამი თვე იუქმა და მხოლოდ 15 აპრილს დაუბრუნდა ფეხბურთს. ამის შემდეგაც ცხადი იყო, რომ კარელსი ბოლომდე მორჩენილი არ იყო და გვარდიოლა მას მხოლოდ ბოლო წუთებზე ათამაშებდა. ასე რომ, ოპერაცია გუნდისთვის და ფეხბურთელისთვის ყველაზე მისაღები გამოსავალი გამოდგა.

შაკირას კონცერტზე
30 მაისს კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ ბარსელონას "ოლიმპიურ სტადიონზე" კონცერტი გამართა. ერთ-ერთი სიმღერისას მომღერალმა სცენაზე აიყვანა "ბარსას" მე-3 ნომერი და მისი ბოიფრენდი ჟერარდ პიკე, რომელსაც სხვა ბარსელონელებიც (ჩავი, პედრო, ვილია და ბუსკეტსი) მიყვნენ. შაკირამ გამოაცხადა, რომ დიდებული შეგრძნებაა, როცა მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ნახევრის გვერდით სცენაზე დგახარო. ფეხბურთელები მას "ვისკა ელ ბარსას" შესრულებისას აყვნენ.

იმავე დილით "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" ფოტოსესია მოაწყო. გუნდმა ერთობლივი ფოტო გადაიღო სამი თასით: ჩემპიონთა თასით, ლა ლიგის ჩემპიონის თასით და ესპანეთის სუპერთასით. შაბათ-კვირას კლუბის ვებსაიტმა რეკორდი დაამყარა - ის 1,9 მილიონმა ადამიანმა მოინახულა. საიტზე მსოფლიოს 167 ქვეყნიდან შევიდნენ.
სხვათა შორის, "ბარსელონამ" ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ოთხჯერვე იმ სეზონში ესპანეთის ჩემპიონი გახდა. 4 დუბლი - ამ მაჩვენებლით ვერც ერთი ევროპული კლუბი ვერ დაიკვეხნის. შეგახსენებთ, რომ პირველად კატალონიელებმა ჩემპიონთა თასი 1992 წელს "უემბლიზე" მოიპოვეს, შემდეგ პარიზში (2006 წ) იპირველეს, მერე რომში (2009) და ახლა ისევ ლონდონში. 3-3 დუბლი აქვთ "მილანს", "რეალს", "ბაიერნს" და "აიაქსს".

იცით თუ არა, რომ...
* ჩემპიონთა ლიგის 13 მატჩიდან "ბარსამ" 9 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ წააგო, ლონდონში "არსენალთან".
* "კამპ ნოუზე" 6 მატჩიდან ჩემპიონმა 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა (რეალთან).
* "ბარსამ" სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 30 და მხოლოდ 9 გაუშვა.
* ჩემპიონთა ლიგაში "ბარსა" ყველაზე მეტჯერ ურტყამდა კარში - საშუალოდ 7,54. მეორე ადგილზე "ბაიერნია" - 7,38.
* "ბარსელონა" თამაშში საშუალოდ 10,92-ჯერ ჯარიმდებოდა. კატალონიელებზე ნაკლებად მხოლოდ "რეინჯერსი" და "ინტერი" უხეშობდნენ.
* ხოსეპ გვარდიოლამ ლიგის გათამაშებაში სულ 26 ფეხბურთელი გამოიყენა. შედარებისთვის, ლა ლიგაში "ბარსას" 28 ფეხბურთელი დასჭირდა, "კოპაზე" - 25.
* გუნდში ლიგაში ყველაზე მეტი სერხიო ბუსკეტსმა ითამაშა - 1 129 წუთი. მან სულ რაღაც 5 წუთით აჯობა დანი ალვეშს.
* "ბარსელონას" ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტ ორთაბრძოლაში ჟერარდ პიკე შევიდა - 122 (11 თამაშში).
* ზედიზედ მესამე სეზონია, ლიგაზე "ბარსას" ბომბარდირი ლიონელ მესი ხდება. მან 12 გოლი გაიტანა. პედრომ 5, ხოლო დავიდ ვილიამ 4, გაიტანეს.
* ჩემპიონთა ლიგის მოგებით გვარდიოლას ტროფეების რიცხვმა 3 სეზონში 10 შეადგინა.

ხუთი მუშკეტერი
ვიქტორ ვალდესი, კარლეს პუიოლო, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი - რა აერთიანებს ამ ხუთეულს გარდა იმისა, რომ თანაგუნდელები არიან? რა და, ხუთივე "ბარსას" აღზრდილია და შაბათის მერე ხუთივეს ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალი სამ-სამჯერ აქვს მოპოვებული. არადა, მხოლოდ ჩავის და პუიოლს თუ უწოდებ ვეტერანს, ისიც გაჭირვებით.

ვიქტორ ვალდესი (29 წლის) "ბარსას" ისტორიაში ერთადერთი გოლკიპერია, რომელმაც კლუბის ღირსება ლიგის სამ ფინალში დაიცვა და გაიმარჯვა. ვალდესი პარიზული გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი იყო, რომშიც დიდი წვლილიც მიუძღვის, აი, ლონდონში კი შედარებით ცოტა სამუშაო ჰქონდა.

კარლეს პუიოლი (33) "ბარსას" ისტორიაში ყველაზე მეტი საჩემპიონო მედლის პატრონი კაპიტანია. ის სასტარტოში იყო პარიზსა და რომში, ლონდონში კი თამაშის მიწურულს შევიდა, მაგრამ მაინც ფანტასტიკური რამ გააკეთა. მან კუთვნილი სამკლავური ერიკ აბიდალს მისცა და ფრანგს, რომელმაც ღვიძლის სიმსივნე დაამარცხა, ჩემპიონთა თასის შემართვის საშუალება მისცა.

ჩავი ერნანდესი (31): 2006 ტრავმირებული იყო, 2009-ში - გადამწყვეტი, 2011-ში - კი ბრწყინვალე. რომში მისი საგოლე პასით მესი დააჯილდოვა, ლონდონში კი - პედრო.

ანდრეს ინიესტა (27): 2006-ში შეცვლაზე შევიდა და დაიწყო კომბინაცია, რომელიც სამუელ ეტოოს გოლით დასრულდა. 2009-შიც მისმა დაწყებულმა კომბინაციამ ეტოოს გოლი განაპირობა. ლონდონში ერთი სიამოვნება იყო ინიესტას თამაშის ყურება.

ლეო მესი (23): 2006 წლის ფინალი ტრავმის გამო გამოტოვა. 2009-ში ისეთი გოლი გაიტანა, მთელი მსოფლიო აალაპარაკა. 2011 - უკომენტაროდ. მხოლოდ მესიმ და ეტოომ შეძლეს "ბარსელონადან" ლიგის სხვადასხვა ფინალში გატანა.

ქეცბაიას გუნდის კვალდაკვალ
იქ, სადაც მალე საქართველოს ნაკრებს მოუწევს თამაში, 23 ივლისს "ბარსას" ვიხილავთ - საუბარია სპლიტის "პოლიუდის" სტადიონზე, სადაც "ბარსელონა" სეზონისწინა მომზადების პირველ მატჩს გამართავს "ჰაიდუკის" წინააღმდეგ. "ჰაიდუკი" იმ დღეს 100-წლიან იუბილეს იზეიმებს. გუნდთან ერთად არ იქნებიან ისინი, ვინც კოპა ამერიკაზე და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშებენ. ზუსტად 50 წელიწადია, "ბარსა" ხორვატიაში არ ყოფილა - 1961/62 წლების უეფას თასზე ლუის მიროს გუნდი ზაგრების "დინამოს" 2:2 ეთამაშა, კატალონიაში კი 5:1 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ამით "ბარსელონამ" საბოლოოდ დააკომპლექტა ახალი სეზონის მზადებისთვის გეგმა: სპლიტის შემდეგ "ბარსა" მიუნხენში მიდის "აუდის თასზე" სათამაშოდ (მეტოქეები, "პორტუ ალეგრე", "ბაიერნი" და "მილანი"), 30 ივლისს კატალონიელები ამერიკულ ტურს "მანჩესტერ იუნიატედთან" მატჩით იწყებენ. 3 აგვისტოს ლიგის ჩემპიონი მექსიკურ "ჩივასს" შეხვდება, 6-ში კი - "ამერიკას". სულ ეს არის, ახალ სეზონამდე "ბარსა" მეტ ამხანაგურ მატჩს არ გამართავს.

აბიდალ-150
ჩემპიონთა ლიგის ფინალი საიუბილეო, 150-ე იყო "ბარსას" ფრანგი მცველის, ერიკ აბიდალის კატალონიურ კარიერაში. აქედან 41 წლევანდელ სეზონზე მოდის, რომლის განმავლობაშიც ერიკი მძიმე სენს ებრძოდა. ეს ნამდვილი გმირობაა.

რომ შეიძლებოდეს, პრიმერაში გადავიდოდით
ეს სიტყვები "ბარსა ბ-ს" თავკაც ლუის ენრიკეს ეკუთვნის. ლუის ენრიკემ ასე "ბარსა ტვ-ისთან" ინტერვიუში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი კლუბის სარეზერვო გუნდს ეთხოვება და, სავარაუდოდ "რომაში" მიდის.
"თუკი ფეხბურთელებს ერთ კლუბში იშვიათად ეძლევათ დიდი ხანი კარიერის ასაწყობად, მწვრთნელებს სულ მთლად შეზღუდული აქვთ დრო ერთ კლუბში. აქ მე 3 ფანტასტიკური სეზონი გავატარე და ვფიქრობ, წასვლის დროა", - თქვა ყოფილმა ფეხბურთელმა. ლუის ენრიკეს დაეკითხნენ, რატომ გაუცრუა იმედები მათ, ვისაც სჯეროდა, რომ ის გვარდიოლას საუკეთესო შემცვლელი იქნებოდა: "ბარსა" ჩემი სახლია, აქ ყველას ვუყვარვარ, მაგრამ პირველი გუნდის ჩაბარება ერთეულთა საქმეა, ჩვენ კი საუკეთესო მწვრთნელი გვყავს. ვფიქრობ, ბ გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც მთავარი გუნდის წევრებსაც კი სჯობიან. იტყვით, ეს ნონსენსიაო, მე კი ძალიან მინდა ჩემს ბიჭებს ეს რწმენა ჩავუნერგო. წესებით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ჩვენ უეჭველი გადავიდოდით პრიმერადივიზიონში და არც იქ შევირცხვენდით თავს".

ახალი ტალანტის ძიებაში
"ბარსელონამ" თვალი "ერკულესის" 20 წლის მცველ კიკო ფემანიას დაადგა. ამის შესახებ კატალონიური სპორტული გაზეთი "სპორტი" იუწყება. ალიკანტეელთა 15 ნომერი მარჯვენაფლანგელია, კარგად თამაშობს, როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაში. კიკო ტექნიკურია და უფრო შემტევი სტილისაა. მოკლედ, თუ ეს ტრანსფერი გამოვიდა, ის დანი ალვეშის შემცვლელი გახდება. აპრილში "დეპორტივოსთან" მატჩში, როცა "ერკულესმა" 1:0 მოუგო გალისიურ კლუბს, კიკო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან ბრწყინვალე საგოლე პასი ტიაგო გომეშს გაუკეთა. სულ კი სეზონში 6 საგოლე პასი მიითვალა.

ამასობაში "ბარსა" ერთ ფეხბურთელს შეელია - აქამდე 24 წლის ურუგვაელი მცველი მარტინ კასერესი კატალონიურ კლუბს ეკუთვნოდა და "სევილიაში" იჯარით თამაშობდა. სეზონის ბოლოს ანდალუსიურმა კლუბმა ხელშეკრულებაში ჩადებული უფლება გამოიყენა და კასერესი გამოისყიდა. "სევილია" "ბარსას" 3 მილიონ ევროს გადაუხდის და კიდევ 1,5 მილიონს დაუმატებს, თუ უახლოეს 4 სეზონში კასერესი გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაეხმარება. კასერესი 2008 წელს "უელვადან" გადავიდა კატალონიურ გრანდში. ძირითად გუნდში კასერესმა სულ 13 მატჩი ითამაშა, შემდეგ კი იჯარით "იუვენტუსსა" და "სევილიაში" ითამაშა.

***
დღეიდან, "ბარსელონა" შვებულებაშია18 ივლისამდე. "მისტერმა" (ასე მოიხსენიებენ "ბარსას" ფეხბურთელები პეპ გვარდიოლას) სეზონში ბოლოჯერ შეჰყარა ბიჭები ბაზაზე, ოღონდ ვარჯიშის ნაცვლად, ემოციური სიტყვით მიმართა შეგირდებს, რომელიც შემდეგი სიტყვებით დაასრულა: "გახსოვდეთ, ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა"...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული