"ბარსელონას" კაპიტანმა კარლეს პუიოლმა მარცხენა მუხლის ოპერაცია გაიკეთა. ორმა ცნობილმა ექიმმა, რამონ კუგატმა და რიკარდ პრუნამ მას მუხლში ხრტილის ის ნაწილი ამოუღეს, რომელიც ფეხბურთელს თამაშში ხელს უშლიდა. ოპერაციის შემდეგ კუგატმა და პრუნამ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ კაპიტანს ორიდან სამ თვემდე მოუწევს უქმობა.
"პუიოლმა ტრავმა ამ ოთხი თვის წინ მიიღო, ყველაფერი დაიწყო მუხლის დაზიანებით "მალაგასთან" მატჩში. ამ ტრავმამ გამოიწვია ტკივილი და ბალანსის დაკარგვა. შემდეგ უკვე იჩინა თავი ხრტილის წანაზარდმა. ამის შემდეგ ჩვენ პუიოლს მხოლოდ დიდი მატჩებისთვის
"ამის შემდეგ ფეხბურთელმა გადაწყვიტა, სეზონის ბოლომდე მოეცადა და ის მართალი იყო. ოპერაცია მან ყოჩაღად გადაიტანა, ხუთშაბათს ჰოსპიტალიდანაც გავწერთ. 2-3 თვეში კი კარლესი ფეხბურთსაც დაუბრუნდება", - დაამატა კუგატმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სეზონის დასაწყისისთვის "ბარსას" კაპიტანი, სავარაუდოდ, მზად იქნება - პრიმერა 21 აგვისტოს დაიწყება.
მაქსველი მიდის, როსი მოდის?
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" შვებულებაში გავიდა, გუნდის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ჯერ ისევ შრომობს. ოთხშაბათს პეპი ანდონი სუბისარეტას შეხვდა, სამომავლო გეგმებზე მოსალაპარაკებლად. პეპს სურს პირველ გუნდთან დაკავშირებით ყველა საქმის კურსში იყოს და არც კლუბის ხელმძღვანელობაა წინააღმდეგი.
ბოლო დროს "ბარსადან" წასვლის კანდიდატებად ხშირად ასახელებენ ბრაზილიელ მაქსველს და არგენტინელ გაბრიელ მილიტოს. გვარდიოლამ გადაწყვიტა, ამ კვირაში თავად დაელაპარაკოს მაქსველს. ის არ არის წინააღმდეგი, რომ ბრაზილიელმა კარიერა ისევ "ბლაუგრანაში" გააგრძელოს, თუმცა აუცილებლად თვლის, მაქსველს თავად აუხსნას დღეისათვის შექმნილი ვითარება.
მაქსველმა ორი სეზონი ჩაამთავრა "ბარსელონაში". ის სათადარიგო მარცხენა მცველად მიიღეს, თუმცა ხშირად ახერხებდა ძირითადში მოხვედრას. ამ სეზონში კი ბრაზილიელმა ფლანგზე მეორე ნომრის სტატუსიც დაკარგა თანამემამულე ადრიანოსთან კონკურენციაში. ამის ნათელი მაგალითი ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომლის განაცხადში მაქსველი საერთოდ ვერ მოხვდა.
გაბრიელ მილიტოსთან მოლაპარაკებას კი სუბისარეტა აპირებს. "მარისკალი" "ბარსაში" დარჩენაზე ოცნებობს, თუმცა ხშირი ტრავმიანობა მისი პირველი მტერია. სხვათა შორის, გაბის კიდევ ერთი სეზონი ეკუთვნის "ბარსაში" თამაში კონტრაქტის მიხედვით.
სავარაუდო ახალწვეულზეც ვთქვათ - "ბარსელონა" და "ვილიარეალი" მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ - კატალონიელებს "წყალქვეშა ნავის" იტალიელი ფორვარდი ჯუზეპე როსი სურთ. როსის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ განაცხადა, რომ როსის საბაზრო ფასი 25 და 30 მილიონ ევროს შორის მერყეობს და ახლა "ბარსასთან" სწორედ ამ თანხებში მიდის ვაჭრობა. "ელ მუნდო დეპორტივოს" მტკიცებით, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია და პრობლემები არ ჩანს. სავარაუდოდ, გარიგებაში ბოიან კრკიჩსაც ჩართავენ, რომელიც ვალენსიაში წავა და "ვილიარეალში" იჯარის წესით ითამაშებს. "ელ სუბმარინოს" ბოიანის გამოსყიდვის უფლებაც ექნება. მომავალში, შეიძლება, "ბარსელონამ" "უდინეზეს" ალექსის სანჩესის ტრანსფერზეც იფიქროს, თუმცა ამჟამად აქტუალური მხოლოდ როსის საკითხია. 24 წლის იტალიელი, რომელიც აშშ-ს მოქალაქეცაა, ოთხი სეზონია "ვილიარეალში". ბოლო სეზონში როსიმ ჩემპიონატში 18 გოლი გაიტანა, ევროპის ლიგაზე - 10, ესპანეთის თასზე კი - 3.
მარად ფავორიტი
მართალია, ჩემპიონთა ლიგა ახალი დასრულებულია და ჯერ მომავალი სეზონის ყველა მონაწილეც კი არ არის ცნობილი, "ბარსა" ტოტალიზატორების ფავორიტია და ტიტულს შეინარჩუნებს. "უნიბეტი" 3,4 ფსონს იღებს კატალონიური გრანდის მომავალ ჩემპიონობაზე. მეორე ადგილზე მადრიდის "რეალია" - 5, მესამეზე ფინალისტი "მანჩესტერ იუნაიტედი" - 7. თითქმის ასეთივე შანსი აქვს "ჩელსის" - 7,5. შემდეგ მოდიან: "მილანი" და "მანჩესტერ სიტი" - 12,5; "ინტერი" - 18; "არსენალი" და "ბაიერნი" - 20; "პორტუ" - 30; "ბორუსია" - 40.