დაიწყო თამაში და გამოჩნდა, რომ "ფურია როხა" ერთობ აღემატებოდა
ამხელა უპირატესობას შედეგი ოდესმე უნდა გამოეღო და 28-ე წუთზე ესპანელებმა ანგარიში გახსნეს, მარცხენა ფრთაზე დავიდ სილვამ იყოჩაღა და საჯარიმოს ცენტრში სანტი კასორლა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ჰოვარდის კარში. 32-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა კიდევ ერთი გოლით გამოიხატა - ჩაბი ალონსომ ბრწყინვალე პასით დასარტყამ პოზიციაზე ნეგრედო გაიყვანა და "სევილიას" ფორვარდმაც მშვიდად შეაგდო ბურთი ამერიკელთა კარში. 41-ე წუთზე პირველის ანალოგიური გოლი გავიდა, კვლავ სილვამ იყოჩაღა ფლანგზე და კვლავ საჯარიმოს ცენტრში ჩააწოდა, ამჯერად, ვილიამ ქუსლით დაუტოვა ბურთი კასორლას და ამ უკანასკნელს გატანა არც ამჯერად გაუჭირდა - 0:3. ასეთი უპირატესობით გავიდა "ფურია როხა" შესვენებაზე. ამერიკის ნაკრები ძალიან სუსტად თამაშობდა, ერთადერთი საგოლე მომენტი ისევ ესპანელი მცველების (პიკე) უყურადღებობის შედეგი იყო, ამ შემთხვევაშიც რობი როჯერსმა, "კოლამბუს ქრუს" ფორვარდმა ვერ ივარგა.
შესვენებაზე ამერიკელებმა, რომლებიც "გოლდ კაპისთვის" ემზადებიან 5 ფეხბურთელი შეცვალეს, ესპანელებმა - 3. მეორე ტაიმში ხოსე რეინას კართან ხიფათმა იმატა. მაგრამ ერთხელ კრის ვონდოლოვსკი ვერ შეწვდა მაღალ ჩამოწოდებულს, მეორედ კი კლინთ დემპსის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. გოლი კი ერთი გავიდა მეორე ნახევარში და ისიც ამერიკელთა კარში, ბორხა ვალერომ შეცვლაზე შესული ფერნანდო ტორესი მოძებნა და "ჩელსის" ფორვარდმაც ძელის დახმარებით მასპინძელთა რბევას წერტილი დაუსვა.
ვისენტე დელ ბოსკემ 4-3-3 ტაქტიკური სქემით ათამაშა გუნდი: კარში პეპე რეინა იდგა, დაცვის ფლანგებზე სერხიო რამოსი და ალვარო არბელოა ირჯებოდნენ, ცენტრში - რაულ ალბიოლი და ჟერარდ პიკე. შუახაზს კასორლა, სერხიო ბუსკეტსი და ჩაბი ალონსო ამაგრებდნენ, წინ ცენტრფორვარდ ნეგრედოს ფლანგებიდან ეხმარებოდნენ ერთ დროს თანაკლუბელები სილვა და ვილია. შესვენებაზე დელ ბოსკემ ბუსკეტსის ნაცვლად ბრუნოს მისცა თავის გამოჩენის შანსი, ვილიას ნაცვლად კი ინიესტა გამოიყვანა, ნეგრედო ტორესით ჩაანაცვლა. თამაში მოუწიათ კასილიასს, კასორლასა და ბორხა ვალეროსაც.
მატჩში საუკეთესო "მანჩესტერ სიტის" ესპანელი ლეგიონერი იყო, რომელმაც მხოლოდ 65 წუთი დაჰყო მოედანზე. მის ანგარიშზე ორი საგოლე პასია. როგორც ზემოთ ვთქვით, სილვამ გაიტანა კიდევაც, თუმცა მსაჯებმა გოლი არ ჩაუთვალეს, არადა, კარგად გამოჩნდა, რომ გოლი ალალი იყო.
სანტი კასორლა: "როცა ესპანეთის ნაკრების მაისურით ვთამაშობ, თავს არ ვზოგავ - ეს ხომ უდიდესი პრივილეგია, ითამაშო შენი ქვეყნის სახელით. დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, როგორი შეკრული გუნდია "ფურია როხა". გოლებს ჩემს ბიჭს ვუძღვნი. მოედნის საფარი არ იყო იდეალური, თუმცა ჩვენ მას ალღო მალევე ავუღეთ. მიხარია, რომ ბორხას დებიუტი შედგა, თან მან თავი საგოლე პასით გამოიჩინა".
ფერნანდო ტორესი: "ძალიან რთული წელიწადი მქონდა, თუმცა როგორც კი მოედანზე გავედი, მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ბოლო დროს სულ ორჯერ ვითამაშე ნაკრებში, ტრავმებმა ძალიან დამხიეს უკან. ბედნიერი ვარ, გუნდმა მოიგო, მე კიდევ გოლი გავიტანე. ახლა კი მხოლოდ ვენესუელასთან მატჩზე ვფიქრობთ".
აშშ-ესპანეთი 0:4
აშშ (4-4-2): ჰოვარდი - სპექტორი, ლიჩაი, ონიევუ (46. გუდსონი), რიმი - როჯერსი (46. დემპსი), ჯონსი (46. ბრედლი), კლისტანი, ედუ (46. ჩერუნდოლო) - აგუდელო (65. ბედოია), ალტიდორი (46. ვონდოლოვსკი).
ესპანეთი (4-3-3): რეინა - სერხიო რამოსი (65. კაპდევილა), პიკე, ალბიოლი, არბელოა - კასორლა, ბუსკეტსი (46. ბრუნო), ჩაბი ალონსო - სილვა (65. ბ. ვალერო), ნეგრედო (46. ტორესი), ვილია (46. ინიესტა).
გოლები: 0:1 კასორლა (28), 0:2 ნეგრედო (32), 0:3 კასორლა (41), 0:4 ტორესი (73)