ბარსელონა რეალ იუნაიტედი

AutoSharing Option
ვენესუელა-ესპანეთი 0:3
ვენესუელა (4-2-3-1): ვეგა - როსალესი (89. ა. გონსალესი), ლუსენა, პეროსო, სიჩერო - რინკონი, სეიხასი (46. დი ჯორჯი) - ს. გონსალესი (65. მესა), მალდონადო (46. მიკუ), ოროსკო (46. არანგო) - მორენო (74. გუერა).
ესპანეთი (4-3-3): ვალდესი (89. კასილიასი) - ირაოლა, მარჩენა, ალბიოლი, არბელოა (63. კაპდევილა) - ინიესტა (46. კასორლა), ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო (46. სილვა) - პედრო, ფ. ლორენტე (63. ტორესი), ვილია (46. მ. დელ მორალი).
გოლები: 0:1 ვილია (5), 0:2 პედრო (20), 0:3 ჩაბი ალონსო (45)

"ფურია როხამ" კიდევ ერთხელ
დაამტკიცა სიძლიერე - ამჯერად, სტუმრად ვენესუელის ნაკრები გაანადგურა ამხანაგურ მატჩში - 3:0. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს რენი ვეგას კარში, ჯერ ორმა ბარსელონელმა გამოიჩინა თავი, შემდეგ რეალელმა.

ეს თამაში პუერტო ლა კრუსში გაიმართა. სულ ხუთი წუთი იყო გასული, როცა დავიდ ვილიამ საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში. მალევე პედროს დარტყმული მასპინძელთა მცველს მოხვდა და მიმართულება ოდნავ იცვალა. ტაიმის მიწურულს ესპანელებმა ისევ საჯარიმო დარტყმით იხეირეს, ამჯერად, ბურთთან ჩაბი ალონსო მივიდა, მიზანმა არც მას უმტყუვნა.

შეგახსენებთ, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ამერიკული ტურნე სრული ტრიუმფით დაასრულა - ჯერ ბოსტონის "ფოქსბოროზე" 4:0 გაანადგურა აშშ-ს ნაკრები (ეს მატჩი შაბათს გაიმართა), ახლა კი ვენესუელა 3:0 დაამარცხა.

ვილიას გოლისას ვეგა აშკარად შეცდა, ეს არ იყო აუღებელი საჯარიმო, მიუხედავად იმისა, რომ "ელ გუახემ" ოსტატურად შემოატარა კედელს ბურთი. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ - ვილია ძალიან შორიდან ურტყამდა, თან ბურთი ძელს მოხვდა და შემდეგ გოლკიპერს, ისე გავიდა ვენესუელელთა კარში.

მასპინძლებიც აქტიურობდნენ და შანსებს ისინიც ქმნიდნენ ვიქტორ ვალდესის კართან. ყველაზე ახლოს მიზანთან ჯანკარლო მალდონადო იყო - ფორვარდმა, რომელიც ბოლო სეზონში ესპანურ "ხერესში" ასპარეზობდა, ვეღარ აჯობა ვალდესს. თამაში, თითქოს, თანაბარი იყო, მაგრამ გუნდებს შორის ერთი უზარმაზარი განსხვავება იყო - სტუმრები იყენებდნენ თავიანთ შანსებს, მასპინძლები კი ანიავებდნენ. მე-20 წუთზე ბარსელონური კომბინაცია გათამაშდა - ვილიამ პედრო დასარტყამ პოზიციაზე გაიყვანა (მანამდე კი კომბინაცია პედრომ დაიწყო), რომელმაც მახვილი კუთხიდან დაბალი ბურთი დაურტყა ვეგას, პედროს რიკოშეტიც დაეხმარა და "ფურია როხა" 2-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა.

ამის შემდეგ ისევ მალდონადოს მიეცა თავის გამოჩენის შანსი, სამხრეთამერიკელმა ფორვარდმა ბურთის დაუმუშავებლად დაარტყა, მაგრამ ვალდესის კარს გადააცილა. ცოტა ხანში ვეგამ კინაღამ კიდევ გაატანინა ვილიას, მეკარეს უბრალოდ გაუმართლა, რომ ბურთი ხარიხას გადაცდა. ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი საჯარიმო რომ დაინიშნა, ვეგა შესამჩნევად ანერვიულდა - ჩაბი ალონსომ დაახლოებით 20 მეტრიდან ბურთი კედელს შემოატარა და დაბალ კუთხეში გაიტანა. ამჯერად, ვეგას ვერაფერში დავადანაშაულებთ - ბასკმა სტანდარტული უნაკლოდ შეასრულა, თუმცა ახლაც კარამდე საკმაოდ შორი იყო. სხვათა შორის, ამ სეზონში ჩაბი ალონსოს ერთხელაც არ ანდეს "რეალში" საჯარიმოს დარტყმა - არადა, სულ ტყუილად.

მეორე ტაიმის წინ ერთი ღირშესანიშნავი ფაქტი მოხდა "ფურია როხაში" - ნაკრების მაისურა კარიერაში პირველად მოირგო მანუ დელ მორალმა, "ხეტაფეს" ყოფილმა კაპიტანმა და "სევილიას" ახალწვეულმა. დელ ბოსკემ შესვენების შემდეგ ბოსტონური მატჩის გმირები, სანტი კასორლა და დავიდ სილვაც გამოიყვანა. დელ მორალის დებიუტზე რა ვთქვათ - შეტევა ვერ გაამწვავა, საინტერესოდ იხსნებოდა, მაგრამ პასები არ მისდიოდა, თანაგუნდელებთან შეთანხმება აკლდა.

საგოლე მომენტები მეორე ტაიმშიც შეიქმნა, თუმცა ორივე კართან უშედეგოდ. ჯერ ალეხანდრო მორენომ ახლო მანძილიდან ააცილა, შემდეგ ფერნანდო ტორესი თითქმის პირისპირ გავიდა ვეგასთან და ეს დიდებული შანსი ვერ გამოიყენა. მალე ვალდესმაც იყოჩაღა და ტომას რინკონის ყუმბარისებრი დარტყმა მოიგერია. ვენესუელას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თამაშის ბოლომდე არ გატეხილა და იბრძოდა.

ვისენტე დელ ბოსკემ ბოსტონისგან განსხვავებული შემადგენლობა ათამაშა. დაცვა სანახევროდ გადახალისებული იყო - ჟერარდ პიკემ და სერხიო რამოსმა დაისვენეს, მათ ნაცვლად კი ანდონი ირაოლა და კარლოს მარჩენა გამოჩდნენ. შუახაზში ჩავი ანდრეს ინიესტამ შეცვალა. თავდასხმის ტრიოდან მხოლოდ ვილია დარჩა სასტარტოში. სამაგიეროდ, გამოჩდნენ პედრო და ფერნანდო ლორენტე.

ესპანეთის ნაკრების მომდევნო მეტოქე აგვისტოში იტალიაა, ეს შეხვედრა მილანში, "სან სიროზე" გაიმართება.

ვენესუელასთან მატჩში საუკეთესო პედრო იყო, 23 წლის ფორვარდმა გოლი გაიტანა და კარგი დუეტი შექმნა შეტევაში დავიდ ვილიასთან. სანამ ის მოედანზე იყო, მუდამ აქტიურობდა და ხიფათს უქმნიდა ვენესუელის ნაკრების დაცვის ხაზსა და მეკარე ვეგას.

მოკლედ, "ფურია როხამ" სეზონი წარმატებულად ჩაამთავრა - ესპანეთის ნაკრებმა ითამაშა, როგორც ერთიანმა ორგანიზმმა. არადა, "რეალისა" და "ბარსელონას" 18-დღიანი დაპირისპირების შემდეგ ძალიან ბევრს ეგონა, რომ ბარსელონელები და მადრიდელები ერთად ჰარმონიაში ვერ ითამაშებდნენ, თუმცა ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრებში პირველ რიგში ეს პრობლემა მოაგვარა.

"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნაკრებში ყველაფერი რიგზეა და მოდი, ამიერიდან სპორტულ საკითხებზე ვიზრუნოთ. ტური გამარჯვებით დავასრულეთ. კარგად ვითამაშეთ, თუმცა მეორეში ოდნავ მოვდუნდით და ვენესუელას ერთი-ორი საგოლე მომენტი შევაქმნევინეთ", - დასძინა 60 წლის ვისენტე დელ ბოსკემ თამაშის შემდეგ.

სხვა ამხანაგური მატჩები
პარაგვაი-ბოლივია 0:0

ეკვადორი-საბერძნეთი 1:1
გოლები: 0:1 ციოლისი (16), 1:1 ერასო (58)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული