დედაქალაქთა სამი ახალი მწვრთნელი

AutoSharing Option
გუშინ მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში სამი დანიშვნა გამოცხადდა ოფიციალურად - ახალი თავკაცები ჰყავთ იტალიურ "რომასა" და ესპანეთის დედაქალაქის ორ კლუბს "ატლეტიკოსა" და "ხეტაფეს". პირველი შემთხვევაც კავშირშია ესპანეთთან, რადგან "რომას" თავკაცად ესპანელი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ლუის ენრიკე დაინიშნა.

დავიწყოთ იტალიის დედაქალაქით - ოფიციალურად დადასტურდა, რაზეც აქამდე ვწერდით, ლუის ენრიკე "რომას ახალი მთავარი მწვრთნელია. "ბარსელონა ბ-ს" ყოფილი თავკაცი "რომას" ახალ ერას იწყებს. ლუის ენრიკემ კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის გაზრდა კიდევ ერთი წლით არის შესაძლებელი. ლუის ენრიკემ "ბარსას" სარეზერვო გუნდის 4-კაციანი სტაფი
თან იახლა. რომაულ კლუბში 41 წლის სპეციალისტი წელიწადში 1,6 მილიონ ევროს მიიღებს.

ამ ცნობამდე რამდენიმე საათით ადრე ლუის ენრიკემ მედიას განუცხადა, რომ "რომასთან" პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტს მხოლოდ მისი ხელმოწერაღა აკლდა.

ლუის ენრიკე "რომაში" დროებით მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას შეცვლის, რომელიც თებერვლიდან ხელმძღვანელობდა გუნდს (პოსტზე მან კლაუდიო რანიერი შეცვალა). "რომამ" სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის პლეი ოფში ითამაშებს.

ორმა მადრიდულმა კლუბმაც გაიფორმა ახალი თავკაცი - "ატლეტიკოში" გრეგორიო მანსანო მივიდა, ხოლო "ხეტაფეში" - ლუის გარსია. "ატლეტიკომ" მანსანოს 12-თვიანი ხელშეკრულება გაუფორმა. მას შემდეგ, რაც 55 წლის სპეციალისტმა "სევილია" დატოვა, მის ბედს სხვადასხვა გუნდს უკავშირებდნენ. მანსანო "ატლეტიკოში" კიკე ფლორესს შეცვლის, რომელსაც კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებდნენ, თუ იგი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდა, ასე არ მოხდა ("ატლეტიკო" მე-7 ადგილზე გავიდა) და კიკე ფლორესსაც დაემშვიდობნენ. სხვათა შორის, მანსანო ერთხელ უკვე წვრთYნიდა "ატლეტიკოს" - ეს რვა წლის წინ იყო, შემდეგ მანსანო "მალიორკაში" გადავიდა, საიდანაც "სევილიაში" აღმოჩნდა.

სხვათა შორის, მანსანოს სავარაუდო სამუშაო ადგილად უფრო მეორე მადრიდულ კლუბს, "ხეტაფეს" ასახელებდნენ, მაგრამ სანამ "ატლეტიკო" მანსანოს დაასახელებდა, არაბების მიერ ნაყიდმა "ხეტაფემ" ახალ მწვრთნელად ლუის გარსია დანიშნა. კლუბის ოფიციალური საიტის მტკიცებით, 38 წლის ლუის გარსიას მედიას დღეს წარუდგენენ. 10 დღეა, რაც "ხეტაფე" უმწვრთნელოდაა, მას შემდეგ, რაც გუნდიდან მიჩელი გაუშვეს. ლუის გარსია ბოლო სეზონში "ლევანტეს" წვრთნიდა და გუნდი პრიმერადივიზიონიდან დაქვეითებისგან იხსნა. არადა, სეზონის შუაში, თითქოს" უიმედო მდგომარეობა ჰქონდა. ლუის გარსია "ხეტაფესთან" 3-წლიან კონტრაქტს აწერს ხელს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული