რას ამბობს ლიონელ მესი პეპ გვარდიოლაზე

AutoSharing Option
მსურს, დავამტკიცო...
"უდინეზეს" 22 წლის ჩილელმა შემტევმა ალექსის სანჩესმა, რომელსაც "ბარსელონაში" ტრანსფერს უწინასწარმეტყველებენ, განაცხადა, რომ ტოპ გუნდში თამაში იმისთვის სურს, რომ ყველას დაუმტკიცოს, რომ თავადაც ტოპფეხბურთელია. ამასთანავე, სამხრეთამერიკელმა დასძინა, რომ მისი ტრანსფერის ბედ-იღბალი "უდინეზეს" ხელშია. "უდინეზეში" თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ერთი სული მაქვს, ყველას დავუმტკიცო ჩემი კლასი. სატრანსფერო საქმეებში ბოლო სიტყვა "უდინეზეს" ეთქმის. ისინი შეისწავლიან ყველა შემოთავაზებას და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ. მე უკანასკნელი ვარ კლუბში, ვისაც ტრანსფერის შესახებ დაეკითხებიან", - განუცხადა ალექსის სანჩესმა ბარსელონურ "სპორტსს".

ამბობენ, "ბარსელონას" სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
"მანჩესტერ სიტის" სახითო - ინგლისელები იტალიელებს სანჩესის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა "ბარსა" მაინც ფავორიტია, როემლთანაც ალექსის სანჩესმა პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

პეპი: მე არა - ფეხბურთელები!
"ბარსელონას" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, რომ თავმდაბლობით გამოირჩევა, კიდევ ერთხელ დადასტურდა - ბარსელონურ გაზეთ "სპორტთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ ვერ ხედავს თავის როლს კლუბის წარმატებაში: "ამ გუნდს იგივეს გამეორება შეეძლო ნებისმიერ სხვა მწვრთნელთან ერთად, მაგრამ მე ვერ მოვახერხებდი ამას მათ გარეშე. არაფრით განსაკუთრებული არა ვარ, ვაკეთებ ჩემს საქმეს, ისევე როგორც პრიმერას, თუნდაც სეგუნდას სხვა მწვრთნელები. არასოდეს მიფიქრია, რომ სხვებზე უკეთესი ვარ. სიმართლე გითხრათ, უფრო იმას ვცდილობ ჩემი იდეებით გუნდში რამე არ გავაფუჭო".

არადა, პეპის ნამოქმედარი, როგორც ხელისგულზე ისე ჩანს - ახლახან "ბარსა ტვ-ში" სტუმრად მყოფმა იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ფრანკო ბარეზიმაც აღნიშნა, რომ გვარდიოლას გუნდი გაცილებით შეეფერება სტატუსს "დრიმ თიმი", ვიდრე - იოჰან კრუიფის დროინდელი "ბარსელონა".

ლუის, მეც წამიყვანე!
მაშ ასე, ლუის ენრიკე უკვე "რომაელია". მედია იმავე ბედს უმზადებს "ბარსას" ახალგაზრდა ფორვარდ ბოიან კრკიჩსაც. ამასობაში, ლუის ენრიკეს კიდევ ერთმა ყოფილმა შეგირდმა გამოთქვა "რომაში" თამაშის სურვილი - 24 წლის ჯონათან სორიანომ. სორიანო გასულ სეზონში 32 გოლით სეგუნდადივიზიონის ბომბარდირი გახდა, მაგრამ მას ასაკი აღარ უწყობს ხელს, რომ ისევ დაბალ ლიგაში ითამაშოს, ასე მისი კარიერა დაღმა წავა. "ორი წელი ერთად ვიმუშავეთ და ლუის ენრიკეს ყველაფერში ვენდობი, თუკი ჩემი ტრანსფერი შედგა, იმედებს არ გავუმტყუნებ. დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი წარმატებული იქნება "რომაში" და მეც მსურს ამაში მონაწილეობა მივიღო", - განუცხადა სორიანომ იტალიურ "გაძეტა დელო სპორტს".

გუნდის სახე სეიდუ კეიტა
ევროპაში ბოლო სეზონში ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი "ბარსელონამ" ითამაშა და ბუნებრივია, რომ მის რიგებში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი, კონტინენტის რეკორდსმენია - ასეთი კი მალელი სეიდუ კეიტაა, რომელმაც გასულ სეზონში 56 ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა!
56 მატჩიდან 35 აფრიკელმა ლა ლიგაში ჩაატარა, სადაც 3 გოლიც გაიტანა, მაგრამ მხოლოდ 15 მატჩში იყო კეიტა სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი. ჩემპიონთა ლიგაში მან 10 შეხვედრაში ითამაშა (4 სასტარტოში, 1 გოლი), კოპაზე მან 2 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, იანვარში ხოსეპ გვარდიოლამ კეიტას "გუნდის სახე" უწოდა.

მესი: პეპთან უფრო გავიზარდე
ახლა 23 წლის ლეო მესი არგენტინაშია, სადაც ნაკრებთან ერთად "კოპა ამერიკისთვის" ემზადება. სწორედ იქ დაუკავშირდა "სპორტი" "ლა პულგას".

- დასვენება თუ მოასწრეთ მომქანცველი სეზონის შემდეგ?

- ძალიან მნიშვნელოვან ტურნირებში ვიმარჯვეთ, გადავიტანეთ "რეალთან" 20-დღიანი დაპირისპირება, რომელიც დამღლელი იყო ფსიქოლოგიურად. ახლა კი მშვიდად ვარ და მხოლოდ "კოპაზე" ვფიქრობ.

- ამდენი ტიტული მოიგეთ, როგორ ახერხებთ, მუდამ მოსაგებად შემართული იყოთ?
- ახლა ჩემი მთავარი ოცნება "კოპას" მოგებაა. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და შეგვიძლია ამას მივაღწიოთ.

- თქვენ გვარდიოლას ეპოქაში "გაიზარდეთ"...
- გვარდიოლასგან ბევრი რამ შევითვისე, როგორც ფეხბურთელმა. რა თქმა უნდა, უკეთ ავთამაშდი. მწვრთნელი ხელს მიწყობს ამ პროგრესში.

- მოგწონთ, როცა ამბობენ, მესი მსოფლიოში საუკეთესოაო?
- მეც მიფიქრია ამაზე და ჩემი პასუხი ასეთია - მინდა რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო გუნდთან ერთად. მძიმე სეზონი მქონდა და მიხარია, რომ ყველაფერი ასე კარგად დასრულდა.

- მძიმეში 4 "კლასიკოს" გულისხმობთ?
- ერთი სული მქონდა, როდის გაივლიდა ის 20 დღე. ცუდია, რომ "სამეფო თასი" ვერ მოვიგეთ, მაგრამ ყველა დანარჩენი ჩვენ დაგვრჩა და გახარებული ვარ.

- ნოემბრის 5:0-ის შემდეგ, ელოდით ასეთ წინააღმდეგობას "რეალისგან"?
- რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ "რეალი" სხვა ფეხბურთს შემოგვთავაზებდა. მოურინიო რომ ფეხბურთში დიდებულად ერკვევა ჩვენს ტყავზე გამოვცადეთ "ინტერთან" მატჩებში.

- რაში მდგომარეობს "ბარსელონას" საიდუმლო?
- გუნდისა და მწვრთნელის სურვილი ყოველდღიურად ვვითარდებოდეთ, წინ მივდიოდეთ. ჩვენ არასდროს გვაკმაყოფილებს, რაც უკვე გვაქვს და მუდამ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. ამასთან, ჩვენი ფეხბურთელები და მწვრთნელი ძალიან მაღალი კლასის არიან.

- მთელმა მსოფლიომ იცის, როგორ თამაშობს "ბარსა", მაგრამ ჯერ ვერავინ შეძლო თქვენთვის ბურთის ფლობაში უპირატესობა ჩამოერთვა, რატომ?
- იმიტომ, რომ სულ მეტოქის ნახევარზე ვართ და სულ გოლის გატანას ვცდილობთ. მწვრთნელიც თამაშის განმავლობაში ზუსტად იმას გვკარნახობს, რაც საჭიროა უკეთ შეტევისთვის. პეპი სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, ამიტომ მცირე შეცდომებსაც ეგრევე ხვდება.

- რას ელით მომდევნო სეზონისგან?
- ვფიქრობ, ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც - ბოლო. ჩვენ გუნდი ვართ, აქ არ არიან გამარჯვებული ფეხბურთელები, აქ გამარჯვებული მხოლოდ გუნდია. ჩვენი არჩეული გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

რაო, ბოლტონიო?
"მირორი" წერს, რომ ტიაგო ალკანტარას შეძენა "ბოლტონ უონდერერს" სურს. ინგლისელები კატალონიელებს "მომავალი ჩავის" სანაცვლოდ 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს (თითქმის 6 მილიონი ევრო) სთავაზობენ. ჭორები, რომ "ბარსა" 20 წლის ნახევარმცველის გაყიდვას აპირებს, ინგლისელები გაათამამა. მოგეხსენებათ, სესკ ფაბრეგასს "ბარსაში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, ასეთ შემთხვევაში კი ტიაგოს შანსები, ძირითად შემადგენლობაში მოვხდეს, ერთობ მცირდება.

ექს-ბარსა - რაიციგერის პირველი სამწვრთნელო
ყველას გახსოვთ ალბათ "ბარსელონას" ყოფილი მცველი ჰოლანდიელი მიხაელ რაიციგერი, რომელსაც კატალონიურ გრანდში 173 თამაში აქვს გამართული. ის "ბარსას" 2004 წელს დაემშვიდობა, კარიერა "მიდლსბროში" გააგრძელა და პსვ-ში დაასრულა 2007 წელს. ამის შემდეგ რაიციგერი ბარსელონაში დასახლდა და 4-წლიანი განშორების შემდეგ ფეხბურთში ბრუნდება - 38 წლის ჰოლანდიელი ესპანეთის რანგით მესამე ლიგის გუნდ "ბადახოსს" ჩაიბარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული