ვინ იქნება "რეალის" ათიანი

AutoSharing Option
და მაინც, აგუერო?
ამას წინათ, "რეალის" გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა ისეთი თქვა, რომ ესპანურ მედიას კიდევ უფრო გაუღვივა ეჭვი, რომ არგენტინელი სერხიო აგუერო "სამეფო კლუბში" გადადის. იოზილმა გერმანულ "ზაც აქტუელს" შემდეგი უთხრა: "რეალმა" ახალი სეზონისთვის 10-ნომრიანი მაისურა აგუეროსთვის შეინახა".

ასე რომ, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ ლასანა დიარა (რომელსაც 10-ნომრიანი მაისურა აცვია "სამეფო კლუბში") ამ ზაფხულს გუნდს გამოიცვლის. სხვათა შორის, ფრანგს სულ გრანდები ეპატიჟებიან: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული", "ტოტენჰემი" და "იუვენტუსი".

აგუერომ ბოლო სეზონში "ატლეტოკოში" 41 თამაშში 27 გოლი გაიტანა. მადრიდულმა
კლუბმა აგუეროს სანაცვლოდ კონტრაქტით გათვალისწინებული 45 მილიონი ევრო მოითხოვა.

ის, რომ ჩემი შვილი იყოს ვეტყოდი - რეალი!
ვაგნერ რიბეირო ბრაზილიელი ტალანტის, ნეიმარის აგენტია. სწორედ მან თქვა ასეთი ფრაზა: "ის, რომ ჩემი შვილი ყოფილიყო, "რეალში" გადასვლას ვურჩევდი. "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, მას სწორი არა ჰყავს. მათ პრეზიდენტს კარგად ვიცნობ, ის ძალიან სერიოზული მენეჯერია. ნეიმარი იმიტომ არ არის მსოფლიოში საუკეთესო, რომ არ თამაშობს ევროპაში, თუმცა შემოთავაზებები, იცოცხლე, ბევრი გვაქვს", - განუცხადა "დიარიო ას-ს" 19 წლის ფეხბურთელის აგენტმა. ოთხშაბათს ნეიმარი პირველად ითამაშებს კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალში, მისი "სანტოსი" ურუგვაულ "პენიაროლს" შეხვდება.

აირჩიეთ საუკეთესო
მადრიდის "რეალის" ოფიციალურ საიტზე დაიწყეს გამოკითხვა, კრიშტიანო რონალდოს რომელი გოლია საუკეთესო. ოფიციალურ საიტზე პორტუგალიელის 8 საუკეთესო გოლი შეარჩიეს და გულშემატკივარმა მათგან საუკეთესო უნდა აარჩიოს. ჯერჯერობით პირველ ადგილზე კრიშტიანოს მიერ კოპა დელ რეის" ფინალში გატანილი თავურია - მას ხმა 33 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა. მეორე ადგილზეა "ვილიარეალის" კარში გატანილი მეორე საჯარიმო - 7,8 ათასი ხმა, მესამეზე - "სარაგოსას" კარში გატანილი საჯარიმო - 5,5 ათასი ხმა.

"რეალის" პატარა ბომბარდირები
კრიშტიანო რონალდომ "პიჩიჩი" მოიგო. ვნახოთ ვინ გამოიჩინა თავი "რეალის" სხვა გუნდებში. "რეალ კასტილია" სეგუნდა ბ დივიზიონში თამაშობს. ამ გუნდის ბომბარდირობა 14-14 გოლით მორატამ და ხოსელუმ გაიყვეს. მორატა სულ რაღაც 18 წლისაა, თუმცა უკვე ჩამოყალიბებული ბომბარდირია, ხოსელუ 21 წლისაა და ის სეზონის მიმდინარეობისას გადავიდა "რეალის" სარეზერვო გუნდში.
რეალ მადრიდ ც: ოსკარ პლანიო, 12 გოლი.
19-წლამდელთა გუნდი: ხესე და რუბენ სობრინო, 17-17 გოლი.
18-წლამდელთა გუნდი: რაულ დე ტომასი - 27 გოლი.
17-წლამდელთა გუნდი: კრისტიან ბენავენტე - 14 გოლი.
16-წლამდელთა გუნდი: მარკოს ლეგასი - 29 გოლი.
15-წლამდელთა გუნდი: ხოსე ანხელ პოსო - 34 გოლი.

კოენტრაუ "რეალს" მიუახლოვდა
და მაინც, ფაბიო კოენტრაუ ალბათ ითამაშებს "რეალში" - ერთი ხანობა "ბენფიკას" პრეზიდენტი ლუიშ ფელიპე ვიეირა ფეხბურთელის დასჯასაც აპირებდა მედიასთან გამოთქმული ფრაზებისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი მოგვარდა - "მარკა" ვარაუდობს, რომ პორტუგალიელი სულ მალე გახდება რეალელი. მადრიდული გაზეთი ამტკიცებს, რომ "ბენფიკამ" პოზიცია მას მერე შეცვალა, რაც "რეალი" დათანხმდა გარიგებაში სხვა ფეხბურთელებიც ჩართოს. მაგალითად, ესეკიელ გარაი ფავორიტია, რომ ლისაბონში გადაბარგდება, ისევე როგორც - პაბლო სარაბია. თავად კოენტრაუ არდადეგებს მენორკაზე ატარებს. ყველაფერი უკვე შემდეგ კვირაში შეიძლება გაირკვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული