დე ხეა "მანჩესტერში", ვარანი "რეალში"

AutoSharing Option
გუშინ საღამოს გაირკვა, რომ მადრიდის “ატლეტიკოსა” და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის მეკარე დავიდ დე ხეა მანჩესტერს ეწვია, რათა “იუნაიტედის” ბაზაზე სამედიცინო შემოწმება გაიაროს და შემდეგ “ეშმაკებთან” კონტრაქტი გააფორმოს.

ის, რომ ედვინ ვან დერ სარი კარიერას ამა წლის მაისში დაასრულებდა, ყველამ ჯერ კიდევ გასული სეზონის დაწყებამდე იცოდა. მას შემდეგ “ეშმაკების” სახელთან უამრავი მეკარე დააკავშირეს. მათ შორის ყველაზე ხშირად ჰოლანდიელ მაარტენ სტეკელენბურგსა (29 წლის) და გერმანელ მანუელ ნოიერს (25 წლის) ახსენებდნენ. ამ უკანასკნელმა “მანიუს” უარი შეუთვალა და კონტრაქტი “ბაიერნთან” გააფორმა. სამაგიეროდ
სერ ალექს ფერგიუსონმა ორივეზე ახალგაზრდა და მათზე არანაკლები პოტენციალის მეკარე გადაიბირა. თუ დავიდმა ინგლისში თავისი თამაში იპოვა, მას უახლოესი 15 წლის განმავლობაში შეეძლება მეკარის პრობლემის მოგვარება.

მადრიდული კლუბი დე ხეას ნაცვლად 17 მილიონ ფუნტს (19,04 მილიონ ევროს) მიიღებს. შეგახსენებთ, რომ “იუნაიტედმა” წელს უკვე გადაიბირა ფილ ჯონსი (ბლექბერნიდან) და ეშლი იანგი (ასტონ ვილადან). თუკი დე ხეას ტრანსფერი საბოლოოდ გაფორმდება, “ეშმაკების” დანახარჯი ამ სამ ფეხბურთელში 50 მილიონს ფუნტს მიუკაკუნებს.

ვარანი რეალში
ესპანური გამოცემებმა “მარკამ” და “ასმა” გუშინ ერთდროულად გვამცნეს, რომ “ლანსის” 18 წლის ცენტრალური მცველი, ფრანგული ფეხბურთის იმედად შერაცხული (მას უკვე ადარებენ ლორან ბლანს), რაფაელ ვარანი გუშინ მადრიდს ეწვია, რათა სამედიცინო შემოწმების შემდეგ სამეფო კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს. კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ თინეიჯერი მცველისთვის ბრძოლაში “რეალმა” “ლილის”, პსჟ-სა და “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული