ესპანეთიდან იტალიაში და...

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, 23 წლის სერხიო აგუერო ახლა სამშობლოშია და არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში კოპა ამერიკაზე თამაშობს. აგუერომ არგენტინელებს ბოლივიის ნაკრებთან ქულა მოუტანა, როცა შეცვლაზე შევიდა და 5 წუთში გოლიც გაიტანა. ამასობაში, ევროპაში არ წყდება მითქმა-მოთქმა დიეგო მარადონას სიძის შესაძლო ტრანსფერზე.

შეგახსენებთ, რომ აგუერომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მადრიდის "ატლეტიკოდან" მიდის. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ჯერ არ გარკვეულა, თუ სად გააგრძელებს "კუნი" კარიერას. ბოლო დღეებში კი აშკარა ფავორიტი გამოიკვეთა - ტურინის "იუვენტუსი". საქმე სერიოზულად არის და კლუბების მოლაპარაკების მორიგი რაუნდი სამშაბათისთვისაა დანიშნული,
წერს "გაძეტა დელო სპორტი".

სამშაბათს მადრიდში "იუვენტუსის" გენერალური დირექტორი ჯუზეპე მორატა და სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიკი ჩავლენ. ამბობენ, "ბებერი ქალბატონი" მზადაა არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გაიღოს. "იუვე" ბოლო დღეებში ხშირად ეკონტაქტები ფეხბურთელის წარმომადგენლებს. იტალიური გრანდი კუნს 5-წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ წელიწადში 7,5 მილიონ ევროს სთავაზობს.

გასულ კვირაში მაროტამ აღიარა, რომ აგუეროს დამატება "იუვეს" სატრანსფერო პოლიტიკის პრიორიტეტია ამ ზაფხულში. სერხიო აგუერო "ატლეტიკოში" 2006 წელს "ინდეპენდიენტედან" გადავიდა. მასში ესპანურმა კლუბმა დაახლოებითY 23 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს თანხა აგუერომ სრულად გამოიმუშავა (ლა ლიგაში "ატლეტიკოს" მაისურით 74 გოლი გაიტანა) და ახლა მისი ტრანსფერიც დიდ მოგებას უქადის მადრიდულ გუნდს.

...იტალიიდან ესპანეთში
იტალიური წყაროების მტკიცებით, ჩილელი ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში მაინც "ბარსელონა" გამოდის გამარჯვებული. ამის მიზეზი კი მხოლოდ ფინანსური მხარე არ არის, 22 წლის გარემარბს კატალონიაში თამაში ძალიან უნდა.

ამ დღეებში "უდინეზეს" და "ბარსას" წარმომადგენლები სამომავლო ტრანსფერს უფრო რეალურ კონტურებს შესძენენ. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ესპანური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ "უდინეზეს" მფლობელის, ჯანპაოლო პოცოს ვაჟ, ჯინოს შეხვდა. ამბობენ, რომ ამ შეხვედრაზე იმდენად თანხაზე არ იყო საუბარი, რამდენადაც მექანიზმი, რომლის მიხედვითაც "ბარსამ" იტალიელებს სანჩესის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. "ბარსას" სურს, რომ 27 მილიონი გადაიხადოს, ხოლო დარჩენილი 13 მილიონი ბონუსების სახით გაწეროს, მაგრამ იტალიელები ფრთხილობენ. მართალია, სანჩესი ექსტრანიჭის ფეხბურთელია, მაგრამ "ბარსელონაში" წარმატების მიღწევა არავისთვისაა გარანტირებული.

სანჩესი ახლა არგენტინაშია, სადაც ჩილეს ნაკრების ღირსებას კოპა ამერიკაზე იცავს. ჩილეს ნაკრები პირველ მატჩს სამშაბათს გამართავს. კიდევ ერთი ტრანსფერი შეიძლება განხორციელდეს იტალიური სერია ა-დან ესპანურ ლა ლიგაში - "ინტერის" ბრაზილიელი მცველი მაიკონი, სავარაუდოდ, "რეალში" გადავა. მაიკონიც კოპა ამერიკაზეა, თუმცა წინა ორი სავარაუდო ტრანსფერისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არაფერი გაირკვევა სანამ ბრაზილიის ნაკრები კოპაზე ითამაშებს. ამის შესახებ თავად მცველმა განაცხადა: "რეალში" ტრანსფერზე ვილაპარაკოთ, ოღონდ, სანამ კოპა დასრულდება, მხოლოდ ბრაზილიის ნაკრები მაინტერესებსო. სხვათა შორის, პირველ მატჩში მაიკონი ბრაზილიელთა სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული