მატას ნასრობა

AutoSharing Option
„არსენალიდან“ 24 წლის ფრანგი სამირ ნასრი „მანჩესტერ სიტიში“ რომ მიდის, გასაგებია, მაგრამ „მეთოფეთა“ მწვრთნელ არსენ ვენგერს მის გაშვებამდე შემცვლელის შეგულება უნდა. ნასრის კონტრაქტის თანახმად „ემირეიტ სთედიუმზე“ ერთი წელიწადი აქვს დარჩენილი. სხვათაშორის, მისი შეძენის იმედი მთლად ბოლომდე ჯერ მანჩესტერის მეორე გუნდს, პრემიერლიგის ჩემპიონ „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ არ გადასწურვია.

„დეილი მეილმა“ ჯერ კიდევ ივნისში გამოქექა, რომ ვენგერი ნასრის შემცვლელად „ვალენსიას“ ვარსკვლავ ხუან მატას მიიჩნევს და 23 წლის ესპანელში მზადაა 21 მილიონი ფუნტი ანუ 23,5 მილიონი ევრო გადაიხადოს. ვენგერის სიაშია „ლილის“ სხარტი თავდამსხმელი, 20
წლის ბელგიელი ედენ ჰაზარდიც.

მოგეხსენებათ, „არსენალს“ უკვე გაექცა გაელ კლიში, რომელმაც „მანჩესტერ სიტის“ შეაფარა თავი, კაპიტანი სესკ ფაბრეგასი კი „ბარსელონაში“ გადასვლისთვის იბრძვის. საოცარია, რომ ვენგერის უიღბლობათა სერია ამით არ დასრულებულა - ამ დღეებში გაირკვა, რომ „მეთოფეებს“ აზიურ ტურნეში ვერ მიჰყვებათ კოტ დ’ივუარელი ჟერვინიო.

პრესამ შეიტყო, რომ „არსენალს“ 24 წლის თავდამსხმელის ოფიციალურად გადაფორმება დღეს უნდოდათ, მაგრამ გაირკვა, რომ საბუთებში ყველაფერი წესრიგში არ აქვს და საქმე სულ მცირე ორშაბათამდე გადაიდო. „მეთოფეები“ ჟერვინიოში „ლილს“ დაახლოებით 12 მილიონ ევროს უხდიან. ლონდონში, სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ ფეხბურთელს, საბუთების მოსაწესრიგებლად კვლავ საფრანგეთში მოუხდა დაბრუნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ის, კვირას, კუალა ლუმპურის თვითმფრინავში ჩაჯდომას ვეღარ ასწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული