ჟოზე მოურინიო: კიდევ ერთი ფორვარდი მინდა

AutoSharing Option
“რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდში არსებულ მდგომარეობასა და საკუთარ თავზე ილაპარაკა.

- ამჟამინდელი “რეალი” თუ არის ის გუნდი, რომლის აშენებაც გსურთ?
- ძალიან მომწონს ეს გუნდი და ამას დაუმატეთ იგუაინი და დი მარიაც, რომლებიც ჯერ კიდევ კოპა ამერიკაზე თამაშობენ. ისევე როგორც სხვებს, მიმაჩნია, რომ ერთი თავდამსხმელი კიდევ გვაკლია. კარგია, რომ ივლისის შუა რიცხვებისთვის ჩემს განკარგულებაში უკვე ყველა იქნება ამ ორი ფეხბურთელის გარდა. ისინი ცოტა გვიან შემოგვიერთდებიან. თქვეს, თითქოს კასილიასისთვის კაპიტნობის ჩამორთმევას ვაპირებდი... ეს ძალიან
სულელური ისტორიაა, რომელიც პრესამ გამოიგონა. მესმის, გაზეთები უნდა გაიყიდოს და ამისთვის ჟურნალისტებს რაღაცების მოგონება უხდებათ, რათა აუდიტორია გაიფართოონ. გარწმუნებთ, კასილიასი იქნება “რეალის” კაპიტანი ყველა იმ შეხვედრაში, რომელშიც ის მინდორზე გამოვა.

- რატომ არ იძლეოდიით ინტერვიუს ამდენი ხანი?
- ამის საჭიროება არ იყო და იმიტომ. ჩემ შესახებ ისედაც ძალიან ბევრი ხალხი ლაპარაკობდა, უმრავლესობა აბსოლუტურად უაზრო რაღაცებს მაბრალებდა. ასე რომ, ჩემს ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ამას სხვები აკეთებდნენ ჩემ მაგივრად.

- ახლა ლოს ანჯელესში ხართ და გვითხარით, ვის გინდათ, რომ ქუჩაში შეხვდეთ?
- ალ პაჩინოს.

აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას, რომელიც გვიან საღამოს გოლ.კომმა გაავრცელა. “რეალმა” კონტრაქტები გაუხანგრძლივა წამყვან ფეხბურთელებს, სერხიო რამოსსა და პეპეს. ესპანელი “ბერნაბეუზე” 2016-მდე დარჩება, პორტუგალიელი კი 2015-მდე.


ვალენსია კანალესს უხმობს
მადრიდის “რეალის” უნიჭიერესმა ნახევარმცველმა, 20 წლის სერხიო კანალესმა სამეფო გუნდში ერთი წელიწადი გაატარა და შეიძლება ითქვას, რომ ეს პერიოდი მთლიანად დაკარგა. მას რეალურად არც უთამაშია, რაც გასაკვირი სულაც არ არის, როცა კონკურენტებად მესუთ იოზილი და კაკა ჰყავს. შესაბამისად, მისი განვითარება ამ ერთი წლით შეფერხდა. სერხიოს სამსახურით “ვალენსია” დაინტერესდა და “რეალს” უკვე ოფიციალურად მიმართა. სატრანსფერო თანხა არ ზუსტდება. თუმცა “ასის” მტკიცებით, “რეალს” ფეხბურთელის საზღვარგარეთ გაყიდვა ურჩევნია, რათა უშუალო კონკურენტები არ გააძლიეროს.

საპატა ვილიარეალში
“უდინეზეს” 24 წლის კოლუმბიელი მცველი კრისტიან საპატა მომავალი სეზონიდან “ვილიარეალში” ითამაშებს, - გვამცნობს იტალიური კლუბის ვებგვერდი. ესპანელებს ტრანსფერის გამოსყიდვა 7 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული