მაშინ, როცა "ბარსელონამ" საუკეთესო შენაძენში არაფერი დახარჯა (ლეო მესი), რომან აბრამოვიჩმა "ჩელსის" გაძლიერებისათვის 8 სეზონის განმავლობაში 650 მილიონი ევრო დააბანდა. მაგრამ დედამიწის ზურგზე არ არსებობს საფეხბურთო კლუბი, რომელიც ტრანსფერებში მადრიდის "რეალზე" მეტს ხარჯავს. ბოლო დეკადაში "სამეფო კლუბმა" ტრანსფერებში ჯამში მილიარდი (!) ევრო გადაიხადა...
ასეთი დასკვნა გამოაქვეყნა ყოველდღიურმა "მარკამ". ფლორენტინო პერესი "რეალის" პრეზიდენტი 2000 წლის ზაფხულში გახდა და მას შემდეგ ტრანსფერებში მილიარდზე 22 მილიონით მეტი დაიხარჯა. ამ ხნის განმავლობაში სამი სეზონი (2006-2009) კლუბის პრეზიდენტი რამონ კალდერონი იყო, შემდეგ კი ისევ პერესი
10 წლის განმავლობაში 1 მლიარდ 22 მილიონი ევრო "რეალმა" ჯამში 48 ფეხბურთელის შესაძენად დახარჯა. სეზონების მიხედვით "სამეფო კლუბის" ხარჯები და ტოპ-შენაძენები ასე გამოიყურება: 2000/01: 122 მილიონი ევრო (ფიგუ - 60); 2001/02: 72 მილიონი (ზიდანი - 72); 2002/03: 45 მილიონი (რონალდო - 45); 2003/04: 35 მილიონი (ბექჰემი - 35); 2004/05: 59,5 მილიონი (სამუელი - 24); 2005/06: 96 მილიონი (რამოსი - 27); 2006/07: 105 მილიონი (მ. დიარა - 26); 2007/08: 117 მილიონი (რობენი - 36); 2008/09: 64 მილიონი (ჰუნტელაარი - 20); 2009/10: 254 მილიონი (რონალდო - 96); 2010/11: 53,5 მილიონი (დი მარია - 25).
შედარებისთვის თუკი პერესმა და კალდერონმა ჯამში მილიარდზე მეტი დახარჯეს, ზუსტად დროის ამ მონაკვეთში "ბარსელონას" პრეზიდენტებმა გასპარმა და ლაპორტამ სულ 713 მილიონი ევრო გაიღეს კლუბის სალაროდან ახალი ფეხბურთელების შესაძენად. დავუბრუნდეთ "რეალს", კლუბის ისტორიაში სამი ყველაზე ძვირი შენაძენი ასე გამოიყურება: კრიშტიანო რონალდო - 96 მილიონი ევრო, ზინედინ ზიდანი - 72 მილიონი და კაკა - 64 მილიონი. ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და სამუელ ეტოოს ტრანსფერებს (და ახლა დავიდ ვილიასაც) თუ არ ჩავთვლით, "ბარსელონას" ტოპ ტრანსფერები თითქმის არ განუხორციელებია.
"რეალმა" აბსოლუტური რეკორდი შარშან დაამყარა, რომელსაც, ალბათ, კარგა ხანს ვერავინ მოხსნის - ფლორენტინო პერესი დაბრუნდა და თქვა, წელს იმდენი უნდა დავხარჯოთ, რომ სამი სეზონის ჩაგდება ავინაზღაუროთო და... ჯამში 254 მილიონი ევრო დახარჯა! ამ ორ ესპანურ გრანდს ევროპაში ძნელად თუ ეპაექრება, რომელიმე კლუბი - მაგალითად, რომან აბრამოვიჩმა 8 სეზონში "ჩელსიში" 650 მილიონი ევრო დააბანდა, მაგრამ ბოლო წლებში რუსი ოლიგარქი გაცილებით ხელმომჭირნეა, ვიდრე "კარიერის" დასაწყისში. ერთადერთი "შეიხთა" "მანჩესტერ სიტია", რომელიც ბოლო დროს ძალიან ბევრს ხარჯავს ტრანსფერებში - სამი წლის განმავლობაში "სიტიმ" 400 მილიონი ევრო გაიღო. "სიტი" საშუალოდ 135 მილიონ ევროს ხარჯავს ტრანსფერებში სეზონში, ამ მხირვ კი ალბიონური კლუბი მსოფლიოში პირველია...
ლელო