პირველად, როხას ისტორიაში

AutoSharing Option

ესპანეთი მეცხრე ცაზეა, ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობით გახარებულთა დღესასწაულები, თუმცა დღეს სადღესასწაულო სწორედ "ფურია როხას" მეტოქე ქვეყანას აქვს - დღეს მთელს მექსიკაში დამოუკიდებლობის 200 წლისთავს იზეიმებენ... ესპანეთისგან დამოუკიდებლობის. მუნდიალის ტრიუმფატორებს პირველ გამოცდას სახელგანთქმული "აცტეკა" გაუწევს.

ჩემპიონებს საკმაოდ სახეშეცვლილი "ელ ტრი" დაუხვდება. მექსიკის ნაკრებს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია აფრიკულ მუნდიალზე, მაგრამ მერვედფინალში მათ არგენტინელებმა (ნაწილობრივ მსაჯთა დახმარებით) აჯობეს - 3:1. მას მერე თანამდებობიდან გადადგა მექსიკელთა თავკაცი ხავიერ აგირე, რომლის მოხსნასაც არავინ აპირებდა. მექსიკის ფეხბურთის ბოსებმა სახელდახელოდ

62 წლის ენრიკე მესა მოიწვიეს, თუმცა იქვე დასძინეს, რომ მესა მექსიკის ნაკრებს "ფურია როხას" წინააღმდეგ გაწვრთნის და მორჩა. აბა ასეთი პირობით დანიშნულმა მწვრთნელმა რა უნდა შეცვალოს გუნდში, თუმცა მესამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და ეროვნულ ნაკრებში "ბარსელონას" თინეიჯერი ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი მიიწვია. ჯონათანი ნაკრების გაფართოებულ სიაში იყო, მაგრამ სამუნდიალე შემცირებაში მოყვა და ნაკრებს მიღმა დარჩა. სამაგიეროდ სამხრეთ აფრიკაში მისმა უფროსმა ძმა ჯოვანი დოს სანტოსმა ითამაშა, თანაც ძალიან კარგად. სხვათა შორის, მაშინ ამ ამბავს დოს სანტოსების მამის, ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის ზიზინიოს რეაქცია მოყვა - ჩემი შვილი აღარასოდეს ითამაშებს მექსიკის ნაკრებშიო, როგორც ჩანს ჯონათანს წყენამ გაუარა...

ენრიკე მესამ კიდევ ერთი ახალგაზრდა მიიწვია, რომელსაც, თუკი ესპანეთთან ითამაშებს, ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება - ლაპარაკია მექსიკუერი "მორელიას" 22 წლის ვინგერ ელიას ერნანდესზე. ენრიკე მესამ ისიც განაცხადა, რომ მექსიკის ნაკრების ახალი ბირთვი ახალგაზრდების ირგვლივ უნდა შეიკრას და მომავალ ბირთვში ანდრეს გუარდადო, ჯოვანი დოს სანტოსი, ხავიერ ერნანდესი და კარლოს ველა იგულისხმა.

მოკლედ, მექსიკის ნაკრების ვეტერანებს დამტკიცება მოუწევთ, რომ კვლავ საჭირონი არიან. კვატემოკ ბლანკოს მწვრთნელმა აღარ დაუძახა, მაგრამ იგივე რაფა მარკესს ვერ შეჰბედა, კაპიტანი ისევ გუნდშია. "აცტეკა" რომ გადაიჭედება ამაზე ლაპარაკიც არ ღირს...
მექსიკის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ხესუს კორონა, გილერმე ოჩოა.
მცველები: პოლ აგილარი, ლეონარდო ლოპესი, რაფაელ მარკესი, ექტორ მორენო, ფაუსტო პინტო, ფრანსისკო როდრიგესი, კარლოს სალსიდო.
ნახევარმცველები: პაბლო ბარერა, ჯონათან დოს სანტოსი, ანდრეს გუარდადო, ეფრაინ ხუარესი, ხერარდო ტორადო.
თავდამსხმელები: ჯოვანი დოს სანტოსი, ენრიკე ესკედა, ელიას ერნანდესი, ხავიერ ერნანდესი, კარლოს ველა.

დღეს ესპანეთის ნაკრები სათამაშოდ ისტორიაში პირველად გავა, როგორც მსოფლიოს ჩემპიონი. ზუსტად ერთი თვის წინათ, 11 ივლისს იკერ კასილიასმა და მისმა 22-მა თანაგუნდელმა დამსახურებული თასი ჩაიბარა იოჰანსებურგში. ამ დღიდან "ფურია როხას" ყველგან მოუწევს დამტკიცება, რომ პლანეტის საუკეთესო გუნდია, პირველი გაჩერება კი სწორედ "აცტეკაა".

ვისენტე დელ ბოსკემ სამექსიკო შემადგენლობა დაასახელა და... კატალონიიდან კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა. არა, გამოცდილ სპეციალისტს სულაც არ უთქვამს უარი იმ ხალხზე, რომელთაც მას კარიერის მთავარი ჯილდო მოაპოვებინეს, ნაკრების ბირთვს ხომ "ბარსელონას" ფეხბურთელები შეადგენდნენ მუნდიალზე - საქმეც იმაშია, რომ დელ ბოსკეს იმიტომ აკრიტიკებენ, რომ ბარსელონელი ტრიუმფატორები ისევ გამოიძახა ნაკრებში - ერთბაშად 7 კაცი. ამხანაგური თამაშიდან ზუსტად სამ დღეში ესპანეთში სუპერთასის მატჩია "სევილია" "ბარსელონას" წინააღმდეგ! 8 კაცს კი (ერთი სევილიელი ხესუს ნავასია) უკან, ატლანტიკის "გადმოცურვა" და სუპერთასისთვის ძალების აღდგენა აქვს მოსასწრები, რაც დროში სხვაობასაც თუ დავამატებთ, წარმოუდგენელია. მოკლედ, დელ ბოსკემ ბარსელონელები სულ წუწუნით გარეკა მექსიკაში...

დელ ბოსკემ მხოლოდ სამ ფეხბურთელს დაუძახა, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული არ მოუპოვებია. სულ პირველად გამოიძახეს ესპანეთის ნაკრებში "ვილიარეალის" ნახევარმცველი ბრუნო სორიანო, რომელიც ბასკ ხავი მარტინესს ცვლის (ახალგაზრდულ ნაკრებს დასჭირდა). "როხას" დაუბრუნდნენ ნაჩო მონრეალი და სანტი კასორლა, რომლებიც გაფართოებულ სიაში კი იყვნენ, მაგრამ აფრიკაში აღარ წაიყვანეს.  
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: იკერ კასილიასი, ვიქტორ ვალდესი.
მცველები: სერხიო რამოსი, ალვარო არბელოა, კარლოს მარჩენა, ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ხოან კაპდევილა, ნაჩო მონრეალი.
ნახევარმცველები: ხესუს ნავასი, ჩაბი ალონსო, სერხიო ბუსკეტსი, სანტი კასორლა, სესკ ფაბრეგასი, ჩავი, ბრუნო სორიანო, დავიდ სილვა, ხუან მატა.
თავდამსხმელები: ფერნანდო ლორენტე, პედრო როდრიგესი, დავიდ ვილია.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული