პიკე: გვარდიოლას ჩვენზე უდიდესი გავლენა აქვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" შემადგენლობაში გასული სეზონის ერთ-ერთი ტრიუმფატორი ჟერარ პიკე დიდი გამარჯვებების ლამაზ წუთებს იგონებს და კატალონიური კლუბის წარმატების საიდუმლოს ამხელს.

- მსოფლიოს ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის გამარჯვებული... და ეს ყველაფერი ერთ წელიწადში! მაგარია, არა?
- მე ვიტყოდი, ურიგო არაა. მართლაც ბრწყინვალე წელიწადი იყო. მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებსა და კლუბში თამაშის საშუალება მსგავსი შედეგის მიღწევის შანსს გაძლევს. გამიმართლა, ამ გუნდების ნაწილი რომ გავხდი. ამან მომცა საშუალება, გავმხდარიყავი მსოფლიოს ჩემპიონი, რისთვისაც ესპანეთს მანამდე არასდროს მიუღწევია.

იმავეს ვიტყოდი ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაზეც: ზედიზედ
სამჯერ პრიმერას და ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა თასის მოგება, გასაოცარი ამბავია. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ბრწყინვალედ ვითამაშეთ და ნამდვილი სპექტაკლი დავდგით.

- არ გაოცებთ ეს ყველაფერი?
- ეს მართლაც უაღრესად დატვირთული სეზონი იყო, თავისი ოთხი "ელ კლასიკოთი" 18 დღეში. ვიცოდით, რომ "რეალთან" ნახევარფინალი უაღრესად დაძაბული იქნებოდა და ორივე გუნდი საკუთარ კოზირებს გამოვიყენებდით. საბოლოო ჯამში, იმ ფეხბურთის თამაში შევძელით, რომელიც გვეხერხება და დავრჩით საკუთარი ფილოსოფიის ერთგულნი. წინ უკეთესი გუნდი გავიდა, ფინალში კი დავამტკიცეთ, რომ გათამაშების საუკეთესო გუნდი ვიყავით.

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ "ბარსელონა" არამხოლოდ დომინირებდა, არამედ საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებასაც ახდენდა. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- დიახ, თუმცა მოედანს მიღმა ჩვენ მისამართით უამრავი ბრალდება წამოვიდა. არადა, ბევრს სჯერა მასმედიის და ყველაფერი იმის, რაც გაზეთებში იწერება. ამ დროს შენ ამ ყველაფრის იგნორირებას ცდილობ, თუმცა ეს ადვილი არაა.

ვგრძნობდით, რომ ყოველდღიურად იყო საჭირო იმის დამტკიცება, რომ ჩვენ საუკეთესონი ვართ, რადგან საკუთარ თავზე ყველაზე მეტს ვმუშაობთ, გვაქვს ნიჭი და ისეთ ოსტატობას ვაჩვენებთ, რომლის მსგავსს ევროპაში ვერავინ ავლენს.

- "ბარსელონას" ზეიმზე მიკროფონში განაცხადეთ: "ჩვენ არ ვიღებთ დოპინგს, არ მივმართავთ სიმულირებას, არ ვყიდულობთ მსაჯებს, ჩვენ უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობთ". ეს თავის მართლებას ჰგავდა...
- არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენს წარმატების სამართლიანობაში ეჭვი შეაქვთ. ჩვენ არ უნდა ავყვეთ ბოროტ ხმებს და მხოლოდ თამაშსა და ტიტულების მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. დღესაც ჩვენი ამოცანა - თამაშის იმავე სულისკვეთებით გაგრძელებაა.

- როგორ შეძლებთ მომავალ სეზონში მოტივაციის შენარჩუნებასა და წარმატების გამეორებას, მითუმეტეს, რომ გასულ სეზონში პრაქტიკულად ყველაფერი მოიგეთ...
- ყოველი მომდევნო წელი უფრო რთულია, ვიდრე წინა, მაგრამ ეს არა მოტივაციის გაქრობის გამო, არამედ იმიტომ, რომ მეტოქეები მუდმივად ისწრაფვიან სრულყოფისაკენ. ისინი საუკეთესო ფეხბურთელებს იკრებენ და შემადგენლობებს აძლიერებენ, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ დონეს.

იმავეს თქმა გასული სეზონის წინაც შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგა ხელმეორედ მოვიგეთ. ბევრი ფიქრობდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ ფეხბურთელები მოეშვებოდნენ და ძველებური შემართებით ვეღარ ვიბრძოლებდით, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ გამარჯვებები კვალავაც გვწყუროდა.

- გასული სეზონის მანძილზე თუ იყო გადამწყვეტი მომენტი მოტივაციის კუთხით? გვერდიდან ისე ჩანდა, თითქოს ესპანეთის თასზე წაგებიდან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე პერიოდში რაღაც მოხდა. ნუთუ გვარდიოლამ რაღაც საშუალებას მიაგნო, რითაც თქვენი მოტივაცია შეძლო?
- ესპანეთის თასის ფინალში მარცხი დიდი დარტყმა იღო, რაც ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამტკიცებდით, რომ ასეთი მომენტების დაძლევა შეგვეძლო.

გვარდიოლას ჩვენზე უდიდესი გავლენა აქვს. მან იცის, როგორ გაგვამხნევოს და ვფიქრობ, მან ბოლო სამ წელიწადში ამ მიმართულებით უდიდესი სამუშაო გასწია. ჩვენთვის დიდი პატივია მასთან მუშაობა.

- მაინც რა გითხრათ ამისთანა თასის ფინალის შემდეგ?
- გვითხრა, რომ ჩვენ ისევ ის გუნდი ვიყავით, იმავე ნიჭით და თუკი გავაგრძელებდით ძველებურად მუშაობას, საუკეთესონი ვიქნებოდით. მართლაც და, ჩვენ ეს "ბერნაბეუზეც" დავამტკიცეთ და "კამპ ნოუზეც".

- პირადად თქვენზე რა გავლენას ახდენს გვარდიოლა?
- ჩვენი გუნდის თამაშის მანერიდან გამომდინარე, ცენტრალურ მცველებს უამრავი სამუშაო გვაქვს. ამასთან, ჩვენი საზრუნავი არამხოლოდ დაცვა, არამედ შეტევაცაა. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, როდესაც ბურთი ჩვენი ნახევრიდან "ამომაქვს". ამასთან, ჩემი პოზიციიდან მთლიან მოედანს ვხედავ და ჩემი ამოცანაა, დავეხმარო გუნდს ორგანიზებაში, რათა თითოეულმა სწორი პოზიცია დაიკავოს. ჩემი მისია - თამაშის წაკითხვაა. სწორედ ამას ითხოვს ჩემგან გვარდიოლა. ის ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია და ამიტომაც გვაქვს კარგი შედეგი.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული