"რეალი" აზიაში სკოლებს ხსნის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ჩინეთში თავისი სახელობის საფეხბურთო სკოლებს გახსნის. აღნიშნული შეთანხმება კლუბმა უკვე გააფორმა "გუანჩჟოუ ევეგრანდთან". მადრიდელთა მისია იქნება, დრო და დრო გააგზავნოს საფეხბურთო სკოლების საუკეთესო სპეციალისტები, რათა ჩინელ მასწავლებლებს პატარა ბავშვების მომზადების საიდუმლოებები გადასცენ, ამას გარდა არ არის გამორიცხული ესპანელებმა ჩინეთში იჯარით თავისი სკოლის წარჩინებული ფეხბურთელებიც მოავლინონ ხოლმე.

"ჩვენ უკვე შევუთანხმდით ჩინელებს, რომ მათთან ერთად ვიმუშავებთ ახალი სკოლის ჩამოსაყალიბებლად, - განაცხადა ფლორენტინო პერესმა. - მათთან ერთად მომავალში თანამშრომლობის გაღრმავებასაც ვაპირებთ. ასეთი სკოლების მშნებელობას "რეალი" მარტო ჩინეთში კი არა, სინგაპურსა და
საუდის არაბეთშიც აპირებს".

ჩინურმა მედიამ "რეალის" უმთავრესი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია. აზიელები მას უკიდეგანო ქედმაღლობაში სდებენ ბრალს. საქმე ის არის, რომ მართალია პორტუგალიელი სამშაბათის ვარჯიშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენიაზე გამოცხადდა, მაგრამ შეკითხვებზე ძალიან ბუნდოვან პასუხებს იძლეოდა და ზოგიერთზე ლაპარაკი საერთოდ არ ისურვა.

"ის მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში ეგოისტურად და ქედმაღლურად იყურებოდა. საეჭვოა, ასეთმა საქციელმა ფეხბურთელს რამე დივიდენდები მოუტანოს," - განაცხადა ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული გამოცემის "ტიტანმედიის" ვიცე-პრეზიდენტმა იან კაინმა.

ახლა რაც შეეხება გუნდის შიგნით შექმნილ სიტუაციას:

სამეფო კლუბში ფაბიო კოენტრაუს გადაბარგების შემდეგ დღის წესრიგში დადგა საკითხი, ხომ არ ემუქრებოდა პორტუგალიელის გამოჩენა მარსელოს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. ჟოზე მოურინიომ ამ ეტაპზე ნახა გამოსავალი - თანამემამულეს ნახევარდაცვაში ათამაშებს, მაგრამ რა მოხდება, როცა გუნდს დაუბრუნდება ანხელ დიმარია? ბრაზილიელი მცველი აცხადებს, რომ კონკურენციისთვის მზადაა და გაუთავებელმა ლაპარაკმა, რომ ის შეიძლება ძირითადს მიღმა აღმოჩნდეს, უკვე დაღალა. "რეალში" ყოველთვის სერიოზული კონკურენცია იყო. სწორედ ამიტომ სეზონის განმავლობაში უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რომ სხვაზე უკეთ გამოიყურებოდე. მე ისევე განვაგრძობ მუშაობას, როგორც ადრე, იმედია, ჩემი შრომა გუნდს მეტ სარგებელს მოუტანს," - აცხადებს მარსელო.

თურქმა ნახევარმცველმა ნური შაჰინმა "რეალის" ამერიკულ შეკრებაზე მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო და მას მერე მკურნალობს. ექიმების ვარაუდით, მას ჯერ კიდევ ორშაბათს უნდა დაეწყო ვარჯიში ძირითად გუნდთან ერთად, მაგრამ "მარკას" ცნობით, ნახევარმცველს გუშინ დილასაც კი არ მისცეს ამის ნება. ჟოზე მოურინიოს თქმით, მას იმედი აქვს, რომ გაუგებრობას მალე დაესმება წერტილი და ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ჩადგება მწყობრში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული