სხვა ესპანეთი

AutoSharing Option
მთელ მსოფლიოში ასეა, როცა ლაპარაკი ესპანურ ფეხბურთზე მიდის, უმთავრესი ყურადღება ყოველთვის "რეალსა" და "ბარსელონას" ეთმობათ. ამ გუნდებმა თავისი ისტორიითა და დღევანდელობით ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად დაიმსახურეს. მაგრამ არსებობენ სხვა ესპანური კლუბებიც, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ და რომლებიც ასევე იმსახურებენ ყურადღებას. მოდით, დღეს სწორედ მათზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. მათი მზადება ერთ-ერთმა უკრაინულმა ვებგვერდმა შეაჯამა.

ვალენსია
"ღამურებმა" რამდენიმე ფეხბურთელი უკვე გადაიბირეს, მაგრამ მთავარი სატრანსფერო სიახლე, როგორც ჩანს, მათ ჯერ კიდევ წინ ელით. უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ ხუან მატას გადაბირებას "არსენალი" და
"ტოტენჰემი" ცდილობენ. თავად ფეხბურთელს საცხოვრებლად ლონდონში გადასვლის პერსპექტივა არ ხიბლავს, მაგრამ კლუბი რამდენად გაუძლებს მაცდუნებელ წინადადებებს, მთავარი სწორედ ესაა. ლიდერის გამოკლება უნაი ემერის გუნდს სერიოზულად დაეტყობა.

რაც შეეხება შემადგენლობის გაძლიერებას: "ღამურებმა" "ალმერიიდან" დიეგო ალვეში 3 მილიონად იყიდეს. ახლა მათ უკვე ორი კვალიფიციური გოლკიპერი ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ვისენტე გუაიტა შარშან დამაჯერებელი იყო, კონკურენცია მაინც არ აწყენს. შარშანდელი დაცვა "ვალენსიაში" ყველაზე სუსტი წერტილი იყო. "ლილიდან" მოსულ ადილ რამის შეუძლია ნაწილობრივ მაინც გადაწყვიტოს პრობლემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკანა ხაზი ამიერიდან მხოლოდ 25 წლის ფრანგის იმედად დარჩეს. შუა ხაზისთვის გუნდმა "ხეტაფედან" 22 წლის დანი პარეხო მოიყვანა. მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ევერ ბანეგასა და რიკარდო კოშტას.

კითხვის ნიშნები რჩება მხოლოდ განაპირა ნახევარმცველებთან დაკავშირებით. "მალაგამ" "ღამურებს" ხოაკინი წაართვა, ხულიენ ვისენტე კი მუდმივად ტრავმირებულია. სერიოზულ ძალად შეიძლება იქცნენ სერხიო კანალესი და პაბლო პიატი. ამ უკანასკნელის მოსვლის შემდეგ ემერის სამი თავდამსხმელით შეეძლება ასპარეზობა. შარშან მშვენიერი სეზონი ჩაატარეს სოლდადომ და ჟონასმა, იმედია, ისინი წელსაც სათანადო დონეზე ითამაშებენ.

ვილიარეალი
"ვილიარეალმა" ფეხბურთელების გაყიდვით სერიოზული ფული იშოვა, მაგრამ ისიც ბუნებრივია, რომ გუნდი შესამჩნევად დასუსტდა. განსაკუთრებულად მძიმე შედეგი შეიძლება მოიტანოს სანტიაგო კასორლას წასვლამ. თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილება ცოტა უცნაური იყო, რადგან "სუბმარინები" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეიძლება მოხვდნენ, მისი ახლანდელი გუნდი კი ევროთასებს ვინ ჩივის, გავარდნას ძლივს გადაურჩა. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ სანტის ახალი მწვრთნელი მანუელ პელეგრინია, სპეციალისტი, რომელსაც ეხერხება ძლიერი გუნდების ჩამოყალიბება. თანაც "მალაგა" ახლა მდიდარი არაბების ხელში გადავიდა, ანაზღაურება კი ყოველთვის და ყველასთვის არ არის მეორეხარისხოვანი. ხუან კარლოს გარიდოს გუნდს ორ ფრონტზე ძალების თანაბრად გადასანაწილებლად შემადგენლობის გაძლიერება მართებს, მაგრამ სერიოზული ტრანსფერები ჯერ არ ჩანს. ხავიერ კამუნიასი ნამდვილად არ არის ის ფიგურა, ვისაც შეუძლია ამხელა დანაკლისის შევსება.

კარგია, რომ ჯუზეპე როსი-"იუვენტუსის" სატრანსფერო საგა დასრულდა. "ქალბატონმა" ამ ეტაპზე იტალიელი თავდამსხმელის შეძენაზე უარი თქვა. კასორლას გარეშე როსისა და ნილმარს გაუჭირდებათ შეტევის სათანადო დონეზე შენარჩუნება. მით უფრო, ბრაზილიელი ძალიან არასტაბილურია. წელს ბევრს ელიან მარკო რუბენისგანაც.

სევილია
ანდალუსიელებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ - გრეგორიო მანსანოს მაგივრად გუნდს მარსელინო გაუძღვება. თუმცა დიდი ცვლილებები ამით არ ამოიწურება. "ვალენსიას" მიაშურა დიეგო კაპელმა, გუნდი დატოვეს დიდიე ზოკორამ (ტრაბზონსპორი) და სერხიო სანჩესმაც (მალაგა). არ არის გამორიცხული, მათ კვალს დაადგეს დიეგო პეროტიც, ვისი სამსახურითაც "იუვენტუსი" სერიოზულად არის დაინტერესებული.

დანაკარგის წილ გუნდს სერიოზული შევსებაც აქვს. პეტერ ტროხოვსკისა და მანუელ დე მორალს სერიოზულად შეუძლიათ ნახევარდაცვის გაძლიერება. ისინი განსაკუთრებულად ძლიერები შემოქმედებით ფეხბურთში არიან. "თეთრ-წითლებმა" შარშან "ბარსადან" იჯარით აყვანილი განაპირა მცველი მარტინ კასერესი გამოისყიდეს. საკამათოა გამოადგება თუ არა გუნდს ემირ სპაჰიჩი, მაგრამ 30 წლის ბოსნიელ მცველს ზღვა გამოცდილებას ვერავინ წაართმევს. ასე რომ... თავდასხმას კი ნამდვილად გაუჭირდება, გუნდმა ხომ ლუიშ ფაბიანო "სან პაულუში" გაყიდა, თავდამსხმელი, რომელიც მთელი ექვსი წელიწადი იყო სევილიელთა შეტევების სულის ჩამდგმელი.

ატლეტიკო
"როხიბლამკომ" ორი უმთავრესი ვარსკვლავი სერხიო აგუერო და დავიდ დე ხეა გაყიდა, რაც შეუძლებელია გუნდის პოტენციალზე არ აისახოს. ამიერიდან "ვისენტე კალდერონზე" გრეგორიო მანსანო იმუშავებს. მას ლამის ნულიდან მოუწევს ახალი გუნდის შექმნა.

დე ხეას ნაცვლად გუნდში "ჩელსიდან" იჯარით 19 წლის ბელგიელი გიგანტი (198 სმ) ტიბო კურტუა მოვიდა. თუმცა საკითხავია, შეძლებს თუ არა ის სრულად თავისი პოტენციალის გამოვლენას, აქამდე ხომ მას ამ დონის ლიგაში არასოდეს უთამაშია. თუმცა "გენკში" ჩატარებული 41 მატჩი, თუნდაც მისი ასაკის გათვალისწინებით, ცოტა ნამდვილად არ არის. "არისტოკრატებმა" ტიბო სწორედ ამ ზაფხულს გადაიბირეს "გენკიდან" და უმალ "ატლეტიკოში" გაუშვეს იჯარით. თუკი ტრავმირებული სერხიო ასენხო ბოლომდე გამოჯანმრთელდა, ამ მხრივ სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდება.

გუნდმა ორი კარგი განაპირა მცველი იყიდა - პორტიგალიელი სილვიო პერეირა "ბრაგადან". ნახევარდაცვას კი "სარაგოსადან" გაბი ფერნანდესი შეემატა. შეძლებს თუ არა ის ძირითადში დამკვიდრებას, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. მთავარი სიახლე გუნდში, რა თქმა უნდა, აგუეროს დაკარგვაა. დიეგო ფორლანს, დიეგო კოშტასა და "დეპორტივოდან" ნაყიდ ადრიან ლოპესს გაუჭირდებათ არგენტინელი ვარსკვლავის შეცვლა.

მალაგა
მანუელ პელეგრინის გუნდი თავისუფლად შეგვიძლია ჩავწეროთ ჩემპიონთა ლიგის საგზურის პრეტენდენტთა შორის. ყოველ შემთხვევაში იმ ფონზე, როცა "ვილიარეალსა" და "ატლეტიკოს" სერიოზული პრობლემები აქვთ, ამის გამორიცხვა არ შეიძლება. განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება ნახევარდაცვა, სადაც სანტი კასორლას გარდა ხოკინ სანჩესი და დუდა თამაშობენ. აი, თუკი არაბმა ინვესტორებმა "შალკედან" რაულის გადაბირებაც მოახერხეს, რაც ფრიად საეჭვოა, მაგრამ მაინც, მაშინ ეს გუნდი პრიმერას დამატებით ინტრიგას შესძენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული