მადრიდის "ატლეტიკოს" ახალი სუპერსტადიონი

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" ქალაქის გარეუბანში სტადიონის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი რამდენიმე წლის წინ იყიდა. მშენებლობაც რა ხანია, უკვე დაწყებულია. თუმცა "როხიბლანკოს" ხელმძღვანელებმა პროექტში რამდენიმე ცვლილების შეტანა ახლაღა გადაწყვიტეს, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ არენამ უეფას ყველაზე მკაცრი მოთხოვნებიც კი დააკმაყოფილოს.

სიახლე მნიშვნელოვანია გულშემატკივრებისთვისაც, რადგან ისინი თამაშის ყურებას უფრო კომფორტულ პირობებში შეძლებენ. გარდა ამისა, ტევადობა 55 ათასიდან 70 ათასამდე გაიზრდება, რაც დანახარჯის უფრო მალე ამოღებას უზრუნველყოფს.

კლუბის მენეჯმენტის გათვლით, სტადიონს მადრიდის ოლიმპიური თამაშების (თუ ასეთი თამაშები საერთოდ გაიმართება ამ ქალაქში) უმთავრესი მასპინძლის როლიც
კი შეიძლება დაეკისროს. ამის იმედს კი ის იძლევა, რომ არენა სავარაუდო ოლიმპიური სოფლის შუაგულში დგას. მშენებლობის დასრულება 2015 წლისთვის იგეგმება. როგორც კი ამის საშუალება იქნება, "ატლეტიკო" უეფას იქ ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვის ინიციციატივით მიმართავს.

გარდა სამომავლო გეგმებისა, "ატლეტიკოს" დღევანდელობაც აქვს, რომელიც პრობლემებითაა სავსე. "მანჩესტერ სიტიში" სერხიო აგუეროს გადასვლის შემდეგ გუნდს კარგი თავდამსხმელი სჭირდება. "ასის" ინფორმაციით, ესპანელები ასეთად "პორტუს" კოლუმბიელ ფორვარდ რადამელ ფალკაოს მიიჩნევენ და პორტუგალიის ჩემპიონს 25 წლის ფეხბურთელში 25 მილიონ ევროს სთავაზობენ. ამასთან "ხურდაში" 21 წლის ედუარდო სალვიოსაც იძლევიან.

ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ მხარეთა შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია, ზოგი კი იმას წერს, სანამ კლუბი ამის უფლებას არ მისცემს, რადამელი მადრიდელებთან მოლაპარაკებაზე უარს არისო. ერთი რამის თამამად თქმა ნამდვილად შეიძლება, 25 მილიონად "პორტუ" ლიდერს არ დათმობს, თუნდაც იმიტომ, რომ ფალკაოს ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 45 მილიონი უწერია, ზუსტად ის თანხა, რაც "ატლეტიკომ" აგუეროში მიიღო.

"როხიბლანკომ" შეიძლება ამ დღეებშივე დაადასტუროს "ვოლფსბურგიდან" დიეგო რიბასის გადაბირების ფაქტი. ბრაზილიელი და ფელიქს მაგათი ერთმანეთს რომ ვეღარ იტანენ, ეს არაერთხელ დაგვიწერია. ფაქტია, დიეგოს გერმანიაში აღარ დაედგომება და არც თავად მალავს, რომ კარიერიას პრიმერაში სიამოვნებით გააგრძელებდა. ერთადერთი დამაბრკოლებელი აქამდე ნახევარმცველის სახელფასო მადა იყო. როგორც ჩანს, ეს საკითხი მხარეებმა უკვე შეათანხმეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული