კრიზისი ესპანურ ფეხბურთში

AutoSharing Option
ბოლო დღეებში ესპანურ ფეხბურთს სერიოზული კრიზისი შეეხო. ამ ყოველივეს სათავე კლუბების მეპატრონეთა და პროფესიული ფეხბურთის ლიგის მესვეურთა იდეამ დაუდო.

მათ განიზრახეს, საკანონმდებლო დონეზე დაეფიქსირებინათ, რომ დრო, რომელსაც ფეხბურთელი სანაკრებო შეკრებაზე ატარებს, შვებულებაში ჩათვლილიყო. ბუნებრივია, ინიციატივა პრიმერა დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელებსა და ესპანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას კატეგორიულად არ მოეწონათ.

აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი უმალ ეწვია ესპანეთის ნაკრების ბაზას, სადაც მან ფეხბურთელებთან კონსულტაცია გაიარა. შეხვედრას 12 მოთამაშე დაესწრო (რატომღაც მათი გვარები არ სახელდება) და აბსოლუტურად ყველამ კატეგორიული უარი განაცხადა, დამორჩილებოდა ამ წესს.

ამის შემდეგ სენიორ რუბიალესი ხელახლა შეხვდა პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელებს და მათ სპორტსმენების პოზიცია გააცნო. შეხვედრა სამშაბათს გაიმართა. კლუბებმა თავისი ინიციატივა უკან წაიღეს. თითქოს ამით გაუგებრობას ბოლო უნდა მოღებოდა, მაგრამ მთლად ასე მარტივად საქმე არ დგას...

ბოლო წლებში ესპანურ საკლუბო ფეხბურთს მძიმე ტვირთად დააწვა ფინანსური ვალდებულებები, რომელთაც ისინი ფეხბურთელების წინაშე იღებენ. ალბათ გახსოვთ, რომ სწორედ ეს პრეტენზია ჰქონდა "ერკულესთან" როისტონ დრენტეს, ის ელემენტარულად კუთვნილი ხელფასის გადახდას ითხოვდა და იქამდე ვარჯიშზე უარს აცხადებდა. ფაქტია ისიც, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის.

თავად ფეხბურთელებს უარესის მოლოდინი აქვთ. ისინი შიშობენ, რომ ზოგიერთი კლუბი შეიძლება გაკოტრდეს და მისი წევრი ფეხბურთელები ანაზღაურების გარეშე ჰაერში გამოკიდებულნი დარჩნენ. აი, რას აცხადებს ფეხბურთელთა ასოციაციის თავკაცი:

"ჩემპიონატი იქამდე არ დაიწყება, სანამ ახალი კოლექტიური ხელშეკრულება არ გაფორმდება კლუბებსა და ფეხბურთელებს შორის. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა, მოგვცენ ხელფასის გადახდის გარანტია იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კლუბი გაკოტრდება. არა, ბატონებო, ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რაც არ გვეკუთვნის. გვინდა მხოლოდ ის, რომ კლუბებმა ჩვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულონ.

ვითხოვთ, რომ იმ ფეხბურთელებს, რომელთა წინაშე კლუბებს სამი და მეტი თვის დავალიანება აქვთ, მიეცეთ უფლება, ცალმხრივად გაწყვიტონ ხელშეკრულება. რაღაც ეტაპამდე გვეჩვენებოდა, რომ ამ პირობებზე კლუბები წამოვიდოდნენ, მაგრამ კონსენსუსამდე ჯერ კიდევ ვერ მივედით. მოლაპარაკებათა შემდეგ რაუნდებზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ ვიმეორებთ, ახალ ხელშეკრულებამდე ახალი სეზონი არ იქნება," - დასძინა მან.

ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ ისეთი გავლენიანი ფეხბურთელები, როგორებიც არიან იკერ კასილიასი, კარლეს პუიოლი, ჩაბი ალონსო, ფერნანდო ლორენტე, ჩავი მარტინესი და სანტი კასორლა და სხვები. "აჯანყებულთა" მხარეს ამ ეტაპზე, როგორც მინიმუმ, 100 ფეხბურთელი დგას.

შეგახსენებთ, შარშან იტალიის ჩემპიონატიც იდგა ბოიკოტის საფრთხის წინაშე, მაგრამ მაშინ მხარეები იოლად შეთანხმდნენ და ჩემპიონატი დაგეგმილ დროს დაიწყო. მოგვიანებით "ასმა" ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელობასთან დააზუსტა, რომ ლაპარაკია არა მთლიანად ჩემპიონატის ჩაშლაზე, არამედ ჩემპიონატის პირველი ორი ტურის ბოიკოტზე. აქვე გეტყვით, რომ წესით, ესპანეთის ჩემპიონატი 20 აგვისტოს უნდა დაიწყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული