კრიზისი ესპანურ ფეხბურთში - გაფიცვა გრძელდება

AutoSharing Option
ესპანეთის პრიმერა და სეგუნდა დივიზიონების ფეხბურთელთა მიერ გამოცხადებული გაფიცვა, ჩემპიონატის პირველი ორი ტურის ჩაშლა ნელ-ნელა რეალური ხდება, - იუწყებიან ესპანური გაზეთები.

ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატის გამო დაგეგმილზე გვიან ტურნირის დამთავრებას და ტურების მაისის ბოლოსთვის გადატანას არავინ დათანხმდება. შესაბამისად, პროფესიული ფეხბურთის პრეზიდენტმა ხოსე ლუის ასტიასარანმა ლიგას შესთავაზა, თუკი საწყისი ტურები მართლა ჩაიშალა, ეს თამაშები 24 და 28 დეკემბერს ჩაატარონ. შესაბამისად, ფეხბურთელები საშობაო და საახალწლო დასვენებით ვეღარ ისარგებლებენ.

წესით ესპანურმა საკლუბო ფეხბურთმა პაუზა 18 დეკემბერს, მე-17 ტურის შემდეგ უნდა აიღოს. მე-18 ტური 8
იანვარსაა დაგეგმილი. ამასთან, ფეხბურთელები უარს არ ამბობენ ესპანეთის სუპერთასსა და ევროპულ ტურნირებში მონაწილეობაზე. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მათ პრეტენზიები სწორედ პროფესიულ ლიგასთან აქვთ. ისინი ითხოვენ, შეიქმნას ე.წ. საგარანტიო ფონდი, სადაც წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაირიცხება. ამ ფულს კი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენებენ - თუკი რომელიმე კლუბი გაკოტრდება და ფეხბურთელები ანაზღაურების გარეშე დარჩებიან, ასევე იმ დროს, თუკი რომელიმე კლუბის სახელფასო დავალიანება ფეხბურთელის მიმართ სამ თვეს გადასცდება.

ლიგის ხელმძღვანელობა თავდაპირველად დათანხმდა ამ წინადადებას, ეს 3 აგვისტოს მოხდა, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვა. უარის მიზეზი დასახელდა: თუკი ეს პროექტი მართლა განხორციელდება, 2015 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა პროფესიულ ლიგასა და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას შორის კოლექტიურ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურება, ამ ორგანიზაციის დავალიანებამ შეიძლება 70 მილიონ ევროს მიაღწიოს.

ფეხბურთელთა ასოციაცია აპროტესტებს ასევე იმასაც, რომ ლიგა აპირებს მიიღოს კანონი, რომლის ძალითაც კლუბის გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში ის ფეხბურთელთა მიმართ ფინანსური ვალდებულებებისგან ავტომატურად თავისუფლდება. ასოციაცია სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის ითხოვს ~სტაბილურობის ფონდის" დაარსებას. ამას გარდა ლიგა აპირებს კლუბებს გადასცეს უფლება, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგონ ფეხბურთელთა ფოტო და ვიდეოგადაღებებიდან მიღებული შემოსავალი, დღემდე ამ თანხებიდან წილს თავად ფეხბურთელებიც ფლობენ.

დამოუკიდებელ აუდიტორთა დათვლით, ამჟამად პრიმერა და სეგუნდა დივიზიონებში კლუბების მხოლოდ სახელფასო დავალიანება ფეხბურთელთა მიმართ 50 მილიონ ევროს აჭარბებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული