ახლა უკვე მამაზეციერიც ვერ იხსნის ესპანური პრიმერის პირველ ტურს ჩაშლისგან და, ვინ იცის, იქნებ მეორესაც...
პირველი ტური (პრიმერაში და სეგუნდაში) ოფიციალურად გადაიდება. ასე რომ, ამ უქმეებზე ესპანური ფეხბურთის მოყვარულები ვერ ნახავენ საკმაოდ დამაინტრიგებელ მატჩებს: "ბარსელონა" აღარ ჩავა ანდალუსიაში მოღონიერებულ "მალაგასთან" საომრად და "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვეღარ ვიხილავთ "რეალისა" და ბილბაოს "ატლეტიკის" უთუოდ საინტერესო
ფეხბურთელები ისევ თავის პოზიციაზე რჩებიან, ჩემპიონატი არ დაიწყება, სანამ AFE-სა და ყველა კლუბს შორის არ გაფორმდება კოლექტიური შეთანხმება ფინანსურ გარანტიებზე. რამდენიმე დღის წინათ, LFP-მ გაფიცვა უსამართლოდ და უკანონოდ გამოაცხადა, მაგრამ ეს ორგანიზაცია გაფიცვის შეჩერების ბერკეტებს ვერ ფლობს.
ფეხბურთელების დასჯას კი ურჩობისთვის აზრი არა აქვს, მათ, შეიძლება სულ ჩაშალონ სეზონი. ეს კარგად ესმის LFP-ს პრეზიდენტ ხოსე ლუის ასტიაზარანს, რომელმაც აღნიშნა, რომ ორგანიზაცია დამსჯელ ღონისძიებებს არ მიმართავს:
"გაფიცვის გამო დისციპლინარულ სასჯელებს არ მივმართავთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფეხბურთელებს გაფიცვის უფლებას ვერ ჩამოვართმევთ. ახლა კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ მეორე ტურსაც არ დაემუქროს ჩაშლა, თან სხვა საკითხების მოგვარებასაც ვაპირებთ, სულ არ მინდა 37-ტურიან ლიგაზე ვიფიქრო, არადა, დღეისათვის სწორედ ასეთი სიტუაცია გვაქვს".
ეს როგორ გავიგოთ? პრიმერას პრეზიდენტი თუნდაც ვარაუდის დონეზე უშვებს იმ აზრს, რომ ჩემპიონატი ნაკლული იყოს, გუნდების ნაწილმა მეტი მატჩი გამართონ შინ, ვიდრე მათმა მეტოქეებმა? ან თუნდაც რამხელა პრივილეგია ექნებათ "ბილბაოს" და "მალაგას", რომელთაც გრანდებთან თამაში მოაკლდებათ. ბუნებრივია, სრული აბსურდია, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ არაფერია გამორიცხული.
ისე, გუშინდელი მოლაპარაკება მთლად შეთანხმების გარეშე არ დასრულებულა - მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ გააგრძელონ მოლაპარაკება - ისინი დღეს და, თუ საჭირო იქნა, ორშაბათსაც შეიკრიბებიან. LFP-ს მთავარი ამოცანა მეორე ტურის (რომელიც 27-28 აგვისტოს უნდა გაიმართოს) გადარჩენაა, ფეხბურთელთა წარმომადგენლებს კი კვლავ ფინანსური გარანტიების მიღება აინტერესებთ.
ახლა რაშია საქმე - ესპანურ ფეხბურთში ხშირია ამა თუ იმ კლუბში ფინანსური კრიზისი. ვთქვათ, პრიმერადან გავარდნა გუნდისთვის ფინანსური სიკვდილის ტოლფასია. ამ სიტუაციიდან კი კლუბებმა კარგი გამოსავალი იპოვნეს, ბანკროტად გამოცხადება, რის გამოც ყველაზე მეტად მოთამაშეები ზარალდებიან. ხელფასების გაცემა ისეთ კლუბებსაც უჭირდათ, რომელთაც თავი ბანკროტად არ გამოუცხადებიათ. მაგალითისთვის, თითქოსდა უცხოელი ინვესტორის პატრონი სანტანდერის "რასინგი" თვეობით ვერ გასცემდა ხელფასებს. "რაიო ვალეკანო" სეგუნდადივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ბოლოს პრიმერაშიც გადმოვიდა, მაგრამ იყო პერიოდი, როცა უხელფასოდ დარჩენილი ფეხბურთელები გაფიცვის პირას იყვნენ, 3-4 ტური კი აშკარად ჩააგდეს. მოკლედ, ესპანელი ფეხბურთელის კარიერა სულაც არ არის ია-ვარდით მოფენილი, თუკი ის სუსტ პრიმერულ ანდა სეგუნდადივიზიონის გუნდში თამაშობს. ამიტომაც, სულ უფრო მეტი ესპანელი ფეხბურთელი გალეგიონერდა ბოლო წლებში (ბუნებრივია, აქ სხვა მიზეზიც არის - ევროპულ და მსოფლიო მწვერვალზე ასვლის შემდეგ ესპანელ ფეხბურთელთა წონაც გაიზარდა სხვათა თვალში).
გაფიცვა ძალაშია, თუმცა ყველა გუნდი როდი იცავს "თამაშის წესებს". ბუნებრივია, ამ უქმეებზე თამაშს არავინ აპირებს, მაგრამ გაფიცვა ხომ უქმობას ნიშნავს, პრიმერადივიზიონის რამდენიმე გუნდში კი ეს თავშიც არ მოსვლიათ, იქ გრძელდება ყოველდღიური რუტინა. ეს სიტუაცია კარგად შეაფასა "მარკამ" - არც ლიგა და არც გაფიცვა.
არ გაფიცულან: ბილბაოს "ატლეტიკი" - ბასკური გუნდი ყოველდღიურად ივარჯიშებს ევროპალიგის საპასუხო მატჩისთვის მოსამზადებლად; "ატლეტიკო" - იმავე მიზეზით არც მადრიდელი "ათლეტები" გაჩერდებიან; "ბარსელონა" - გუშინ "ბარსას" ფეხბურთელებმა ოფიციალური გუნდური ფოტო გადაიღეს, ორშაბათს კი გუნდი ჟოან გამპერის თასისთვის იბრძოლებს; "ხეტაფე" - "ასულონესი" არ გაიფიცებიან, მათი პრეზიდენტი ანხელ ტორესი ხომ აფე-ს დაუძინებელი მტერია; "რეალი" - ცალ ყურში უჩურჩულეთ ამის შესახებ მოურინიოს - რა თქმა უნდა, პორტუგალიელი მუშაობას არ წყვეტს; "სევილია" - ანდალუსიური კლუბი ევროთასებზეა, ასე რომ გაფიცვის ჩაშლა ეპატიება; "ვალენსია" - დღეს შეიკრიბება ივარჯიშებს და გადაწყვეტს; "ვილიარეალი" - გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის იბრძვის და რა დროს გაფიცვაა? მოკლედ, მხოლოდ რამდენიმე გუნდი გაიფიცა (რომლებიც არ ჩამოვთვალეთ), ახალწვეულმა "გრანადამ" კი სოლომონის სიბრძნე გამოიჩინა - ვარჯიშები დაინიშნა, თუმცა ფეხბურთელებს უთხრეს, რომ მათი გადასაწყვეტია, მივლენ თუ არა ვარჯიშებზე.
სულ სხვა სიტუაციაა სეგუნდადივიზიონში - ყველა კლუბი ("ბარსას" და "ვილიარეალის" სარეზერვო კლუბების გარდა) გაფიცვას პატივს სცემს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"