შესრულებული მისია

AutoSharing Option
"ბეტისზე" ენა ვერ მოგიბრუნდება ახალწვეული უწოდო, გუნდს ხომ დიდი ტრადიციები მოსდგამს და მრავალრიცხოვანი ფანიც ჰყავს. "ბეტისის" დაბრუნებით აღდგა ძალიან საინტერესო დაპირისპირება, რომელიც უთუოდ ალამაზებდა ესპანურ პრიმერას - სევილიის დერბი.

სეგუნდაში "ბეტისი" ყველას სჯობდა, თუმცა სეზონი მაინც მძიმე გამოდგა ანდალუსიელებისთვის. პეპე მელის გუნდს განსაკუთრებით მაშინ გაუჭირდა, როცა "ბარსელონას" თასის მეოთხედფინალში 3:1 მოუგო. "ბეტისმა" თავი შეაკლა გრანდს, მიზანს კი ვერ მიაღწია (შემდეგ ეტაპზე მაინც "ბარსა" გავიდა) და კინაღამ ჩემპიონატშიც გაირთულა საქმე - ამ გამარჯვებას წაგებათა სერია მოჰყვა.

ამას დაერთო შემზარავი ცნობა, რომ
გუნდის ნიჭიერ მცველ მიკი როკეს სიმსივნე აღმოაჩნდა, ამის შესახებ თვალცრემლიანმა ფეხბურთელმა თავად განუცხადა ჟურნალისტებს. მაშინ მან ბიჭებს მიმართა: "თუ გსურთ ჩემი დახმარება, აუცილებლად მოიპოვეთ პრიმერას საგზური". და, მართლაც, როცა "ბეტისმა" ელიტის საგზური გაინაღდა, ფეხბურთელებმა მაისურზე წარწერით უპასუხეს თანაგუნდელს: "მისია შესრულებულია! მიკი, ჩვენ შენთან ვართ".

"ბეტისის" დაბრუნება პრიმერაში რიგითი მოვლენა სულაც არ არის, ამ კლუბს სულ სხვა ისტორია აქვს, ის წლების განმავლობაში თანასწორად ებრძოდა ესპანური ფეხბურთის გრანდებს და ქვეყნის ჩემპიონიც კი ყოფილა. ორწლიანი პაუზის შემდეგ, გულშემატკივრებს სევილიური დერბიც გვარიანად მოენატრა.

"ბეტისი" სეზონის დასრულების შემდეგ გაძლიერდა კიდეც, ახალწვეულებიდან კი ხავიერ ჩიკას, ამაიას, მარიოსა და "ვილიარეალის" ორ ფეხბურთელს, ხავიერ მატილიასა და მონტეროს. ანდალუსიელებმა თვალი ნელსონ ვალდესსაც დაადგეს, თუმცა მათ მდიდარმა "რუბინმა" აჯობა. სხვათა შორის, პირველ ტურში სევილიური დერბი უნდა გამართულიყო, რაც გაფიცვამ შეიწირა. არადა, გუნდები მთელი სერიოზულობით ემზადებოდნენ. ამბობენ, მათ საქმეში საფეხბურთო ჯაშუშებიც კი ჩართესო...

ციტატები
პეპე მელი:
"ბეტისი უბრალოდ ჰაერივით სჭირდება პრიმერას".
მარსელინო ("სევილიას" მწვრთნელი): "ბეტისი" ჩვენთან რას მოვა, მას სულ სხვა ამოცანები ელის ამ სეზონში".
ანტონიო ამაია: "გვინდა ახალ სეზონს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ".
მიგელ გილიენი (გუნდის პრეზიდენტი): "ვხედავ ბიჭების მონდომებას, ისინი ძალიან შემართულები არიან, რაც პატივისცემას იმსახურებს".

სეზონის მიზანი - ცხრილის შუაში დამკვიდრება
პეპე მელი მიიჩნევს, რომ გუნდი უნდა გაძლიერდეს, რაღა აღმაფრენას ძირს დაცემა არ მოჰყვეს. მწვრთნელის აზრით, "ბეტისი" ისევე მუდმივი წევრი უნდა იყოს პრიმერის, როგორც "ვალენსია", "ატლეტიკო" და "ბილბაო".

ტრანსფერები
მივიდნენ: ნელსონი ("ოსასუნა", იჯარა), ანტონიო ამაია ("უიგანი", 400 ათასი ევრო), ჯეფერსონ მონტერო ("ვილიარეალი", იჯარა), ხავიერ მატილია ("ვილიარეალი", 1.5 მლნ.), ფაბრისიო ("ვალიადოლიდი", თავ. აგენტი), ხუანიტო ("ბეტისი ბ"), მარიო ალვარესი ("ხეტაფე", თავ. აგენტი), ხავი ჩიკა ("ესპანიოლი", თავ. აგენტი), ხუანდე ("გრანადა"), როდრი ("კარტახენა"), უსტარიცი ("ბილბაო").
წავიდნენ: ოდონკორი, როვერსიო, მ. ლოპესი, რაზაკი, ბელენგერი, ისრაელი, მ. პავონე, ემანა.

დოსიე
რეალ ბეტის ბალომპიე

დაარსდა: 1907 წ.
სტადიონი: ბენიტო ვილამარინი, 56 500
პრეზიდენტი: მიგელ გილიენი
მწვრთნელი: პეპე მელი
კლუბის წევრი: 29 500
46 სეზონი პრიმერაში
ჩემპიონი (1935), თასის მფლობელი (1977, 2005)
მეტსახელი: ვერდიბლანკოსი
გასულ სეზონში: 1-ელი ადგილი სეგუნდაში
ოფიციალური საიტი: ჰტტპ://წწწ.რეალბეტისბალომპიე.ეს/

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: რ. კასტრო (42), ბენატი (36), ირინეი (36), მოლინა (34), ნაჩო (34).
ყველაზე მეტი გოლი 2010/11: რ. კასტრო (27), მოლინა (18), ემანა (13), ბენატი (4), ირინეი (3).

გუნდი 2011/12
მეკარეები
1. ინიაკი გოიტია 02.03.1982
13. კასტო ესპინოსა 18.06.1982
25. ფაბრისიო რამირესი 31.12.1987

მცველები
2. ხოსე ისიდორო გომესი 01.08.1986
3. მარიო ალვარესი 02.02.1982
4. ანტონიო ამაია 31.05.1983
5. ჩეჩუ დორადო 10.07.1982
6. ხუანიტო კალაორო 12.05.1988
15. უსტარიცი 16.02.1983
17. ხავიერ ჩიკა 17.05.1985
22. ნელსონი (პორტუგალია) 10.06.1983
23. ნაჩო პერესი 24.06.1980
ფერნანდო ვეგა 03.07.1984
26. მიკი როკე 08.07.1988

ნახევარმცველები
7. ხუანმა სანჩესი 29.05.1981
8. ხავიერ მატილია 01.01.1988
10. ბენატ ეჩებარია 19.02.1987
11. ხერონიმო ფიგეროა მომო 15.07.1982
14. სალვა სევილია 18.03.1984
18. ირინეი სანტოსი (ბრაზილია) 23.04.1981
20. ჯეფერსონ მონტერო (ეკვადორი) 01.09.1989
21. ხოსე ალბერტო კანიასი 27.05.1987
არტურო არსუ 17.03.1981
ხუანდე ლოპესი 12.08.1986

თავდამსხმელები
9. ხონათან როდრიგესი 12.05.1987
19. ხორხე მოლინა 22.04.1982
24. რუბენ კასტრო 27.06.1981
28. ესეკილ კალვენტე 12.01.1991
31. როდრი პენია 07.03.1986

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული