საეჭვოდ შეცვლილი პოლიტიკა

AutoSharing Option
გავარდნას ბეწვზე გადარჩენილმა არაგონელებმა, სეზონის შემდეგ მასშტაბური სელექცია გამართეს, მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, "სარაგოსამ" საკლუბო პოლიტიკის შეცვლა შეძლო.

ბოლო სეზონი რამდენიმე გუნდისთვის სერიოზულ გამოცდად იქცა. როგორც წესი, 42 ქულა პრიმერაში დარჩენისთვის საკმარისი იყო, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა. "სარაგოსა" ბოლო ტურში "გამოძვრა", "ლევანტეს" 2:1 მოუგო და ელიტაში დარჩა. ხავიერ აგირე იგონებს: "მე უკვე მზა გუნდში მივედი და გადაწყობის ფინანსური შესაძლებლობები არ გვქონდა. კარგად მესმოდა, რომ დარჩენისთვის ბრძოლა მოგვიწევდა, თუმცა ხშირად ბედიც არ გვწყალობდა".

"სარაგოსას" ისევ არ ულხინს (წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, გუნდი
რომ სეგუნდაში გავარდნილიყო), ამიტომაც მისი ხელმძღვანელობა გაძლიერების გზების ძიებაში ერთობ ბევრს შრომობს. მაგალითად, არგენტინელი ფრანკო სუკულინი მათ "ჰოფენჰაიმისგან" ითხოვეს. "რეალისგან" იჯარით აიყვანეს დავიდ მატეოსი, რომელიც დარწმუნდა, რომ "სამეფო კლუბის" ძირითადში მოხვედრა არ შეეძლო. "ბარსელონასგან" არაგონელებმა ედუ ორიოლი და აბრაჰამი აიყვანეს. მოკლედ, "სარაგოსამ" ნიჭიერი ახალგაზრდები შეაგროვა, რომლებსაც გრანდებში გასაქანი არ ჰქონდათ, აქ კი თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსი ეძლევათ.

"სარაგოსას" აქტიური სატრანსფერო პოლიტიკა შეუმჩნეველი არ დარჩენია ლფპ-ს და აფე-ს. მათ კარგად უწყიან, როგორი პრობლემები აქვს გუნდს და ხელმძღვანელობისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს. საპასუხოდ, "სარაგოსას" ოფიციალურ საიტზე დაიწერა, რომ კლუბმა პოლიტიკა შეცვალა, გუნდში იწვევენ ახალგაზრდა ტალანტებს, რომელთაც მეტი ენთუზიაზმი აქვთ, რაშიც გუნდს ბევრი ფული არ ეხარჯება და არც გაკოტრება ემუქრება.

ამის მიუხედავად, "სარაგოსამ" მაინც ბევრი დაკარგა, როცა გუნდი კაპიტანმა გაბი ფერნანდესმა დატოვა. გაბიმ ბოლო სეზონში 11 გოლი გაიტანა, მათ შორის კი 2 ბოლო ტურში, "ლევანტეს" კარში. მაგრამ კაპიტანი მშობლიურ გუნდს, "ატლეტიკოს" დაუბრუნდა. "სარაგოსას" მისი გაჩერების ფინანსური ბერკეტი, ბუნებრივია, არ ჰქონდა.

ციტატები
რობერტო: "მე დიდ იმედებს ვამყარებ ახალ პროექტზე, რომელიც "სარაგოსამ" წამოიწყო. ამიტომაც გადმოვედი აქ".
აბრაჰამი: "ეს ჩემთვის დიდი მიღწევაა, გადავედი ისეთ კლუბში, რომელსაც დიდი ისტორია აქვს".
ედუ ორიოლი: "გპირდებით, რომ ბოლომდე დავიხარჯები "სარაგოსასთვის" და მისი ფანებისთვის".

სეზონის ამოცანა - პრიმერაში დარჩენა
ინგლისში მოსამზადებელი პერიოდისას ხავიერ აგირე მიხვდა, რომ გუნდს ჯერ კიდევ ბევრი აკლია, რომ კონკურენტუნარიან კოლექტივად ჩამოყალიბდეს. გუნდმა აუცილებად უნდა იყიდოს კარგი თავდამსხმელი, თორემ არსებული შემადგენლობით ძალიან გაუჭირდება. კლუბში ყველამ კარგად იცის, მთავარი პრიმერაში ადგილის შენარჩუნებაა.

ტრანსფერები
მივიდნენ: აბრაჰამ მინერო ("ბარსელონა ბ", თავ. აგენტი), ედუ ორიოლი ("ბარსელონა ბ", თავ. აგენტი), ფერნანდო მეირა ("ზენიტი", თავ. აგენტი), რობერტო ხიმენესი ("ბენფიკა", 9 მილიონი ევრო), ხუან კარლოს პერესი ("რეალი ბ", 2,6 მილიონი), ეფრაინ ხუარესი ("სელტიკი", თავ. აგენტი), დავიდ მატეოსი ("რეალი", იჯარა), ფრანკო სუკულინი ("ჰოფენჰაიმი", იჯარა), რუბენ მიკაელი ("ატლეტიკო").
წავიდნენ: ედმილსონი, დიოგო, იაროშიკი, ხ. ლოპესი, ბუტაჰარი, ანდერი, გაბი, კონტინი, პაბლო, გონი, ბერტოლო.

დოსიე
რეალ სარაგოსა
დაარსდა: 1932 წ.
სტადიონი: ლა რომარედა, 34 590
პრეზიდენტი: აგაპიტო იგლესიასი
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
კლუბის წევრი: 24 000
57 სეზონი პრიმერაში
თასის 6-გზის მფლობელი (1964, 1966, 1986, 1994, 2001, 2004), სუპერთასი (2004), უეფას თასი (1964), თასების თასი (1995)
მეტსახელი: ბლანკვილოსი, მანიოსი
გასულ სეზონში: მე-13 ადგილი
ოფიციალური საიტი: ჰტტპ://წწწ.რეალზარაგოზა.ცომ/

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: გაბი (36), ბერტოლო (36), იაროშიკი (36), ანდერი (33), ხ. ლოპესი (27).
ყველაზე მეტი გოლი 2010/11: გაბი (11), ბერტოლო (5), სინამა-პონგოლე (4), იაროშიკი (3), ანდერი (2).

გუნდი 2011/12
მეკარეები
1. ანტონიო დობლასი 05.08.1980
13. რობერტო ხიმენესი 10.02.1986
25. ლეო ფრანკო (არგენტინა) 20.05.1977
მცველები
2. ეფრაინ ხუარესი (მექსიკა) 22.02.1988
3. ხავიერ პარედესი 05.07.1982
4. დავიდ მატეოსი 22.04.1987
5. მაურიციო ლანძარო (იტალია) 14.03.1982
6. ფერნანდო მეირა (პორტუგალია) 05.06.1978
14. პაულო და სილვა (პარაგვაი) 01.02.1980
21. აბრაჰამ მინერო 22.02.1986
24. ივან ობრადოვიჩი (სერბეთი) 25.07.1988
26. ვიქტორ ლაგუარდია 05.11.1989
ნახევარმცველები
8. ედუ ორიოლი 05.11.1986
10. რუბენ მიკაელი (პორტუგალია) 19.08.1986
11. ხუან კარლოს პერესი 30.03.1990
17. ანხელ ლაფიტა 07.08.1984
22. ადამ პინტერი (უნგრეთი) 12.06.1988
23. ლეონარდო პონსიო (არგენტინა) 29.01.1982
29. კევინ ლაკრუსი 08.04.1992
თავდამსხმელები
7. ბრაულიო როდრიგესი 18.09.1985
9. იკეჩუკვუ უჩე (ნიგერია) 05.01.1984
20. ფრანკო სუკულინი (არგენტინა) 05.09.1990

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული