კუპერის ტესტი: ზედიზედ მეთერთმეტედ

AutoSharing Option
გასულ სეზონში "რასინგმა" მხოლოდ იმის გამო შეინარჩუნა ადგილი პრიმერაში, რომ გადამწყვეტ მომენტში დიდებულად ითამაშეს ლიდერებმა ჯოვანიმ, როზენბერგმა და ენრიკემ. კანტაბრია ლამაზი პეიზაჟKებისა შესანიშნავი კლიმატური პირობების მხარეა. ასე რომ, რომ იკითხოთ "ელ სარდინიერო" რა არისო, უმეტესობა გიპასუხებთ, რომ საქვეყნოდ ცნობილი პლაჟია, ამავე დასახელების სტადიონს კი ბევრი ვერც გაიხსენებს.

ადგილობრივი "რასინგი" ბოლო წლებია წარმატებით იბრძვის ლა ლიგაში დარჩენისთვის, მიუხედავად სერიოზული ფინანსური პრობლემებისა. უკვე ათი სეზონია ზედიზედ კანტაბრიას ესპანური ფეხბურთის ელიტაში წარმომადგენელი არ მოკლებია.

შარშან გუნდს უჩვეულო რამ შეემთხვა - ის უცხოელმა ინვესტორმა
შეიძინა, მაგრამ მაინც არაფერი ეშველა. ინდოელი ბიზნესმენი ალჰასან ალი-საედი საეჭვო რეპუტაციისა გამოდგა. სეზონის ბოლოს ინდოელს სასამართლომ ჩამოართვა კლუბი, რადგან საერთოდ არ ასრულებდა ხელშეკრულებით გაფორმებულ ვალდებულებებს. გუნდი მესამე პირს, კანტაბრიის მთავრობას გადაეცა, რომელიც გამალებით ცდილობს "რასინგი" ნამდვილ ინვესტორს მიჰყიდოს და შარშანდელი შეცდომა აღარ გაიმეოროს.

სამწვრთნელო სკამზე ისეთი კაცი მოკალათდა, რომ "სანტანდერი" ახალ სეზონში ჩვენთვის ერთი-ორად საინტერესო გუნდი გახდა - არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი ხომ არცთუ დიდი ხნის წინათ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო. გამოცდილი გონსალო კოლსა აღფრთოვანებულია: "კუპერის დანიშვნით ჩვენ ავტორიტეტული მწვრთნელი შევიძინეთ, რომელსაც ხელი არ აუკანკალდება სათადარიგო სკამზე დასვას ის, ვინც ამას დაიმსახურებს. კუპერს შეუძლია ბიჭების ერთ მუშტად შეკვრა".

მაგრამ მხოლოდ მწვრთნელი რას იზამს, "რასინგის" სატრანსფერო პოლიტიკა კი უკეთესის სურვილს ტოვებს (მიზეზი, ისევ ფინანსებია). ყველა მიიჩნევს, რომ მთავარი შენაძენი არგენტინელი ლაუტარო აკოსტაა. იმის მიუხედავად, რომ მას კარიერა "სევილიაში" არ აეწყო, ლაუტაროს არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთ იმედს უწოდებენ.

აი, მარკუს როზენბერგის წასვლა კი დიდი დარტყმაა, შვედი ფორვარდი კარგად მოერგო პრიმერას, თუმცა ბუნდესლიგაში დაბრუნება მოუწია. აღარ იქნებიან სხვა ლიდერებიც: ჯოვანი, ენრიკე, ციოლისი. მოკლედ, "რასინგმა" მეტი დაკარგა, ვიდრე შეიძინა.

ციტატები
ადრიან გონსალესი: "ამ სეზონში უარესი შედეგი არ გვექნება, ამის პირობას გაძლევთ".
კრისტიან სტუანი: "იტალიის ჩემპიონატს ესპანეთისა მირჩევნია, აქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ძალიან ბევრს ვიმუშავებ და გოლებიც არ დაახანებს".
გონსალო კოლსა: "კლუბში რაც ხდება ძალიან მაღელვებს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენს თამაშზე არ აისახება".
ექტორ კუპერი: "ჩემი აზრით, აკოსტა ფორვარდია. ის მაღალი არ არის, თუმცა ამ ნაკლს თავისი სიმამაცით ინაზღაურებს და მეორე სართულზეც კარგად თამაშობს".

სეზონის ამოცანა - პრიმერაში დარჩენა
მძიმე ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, მწვრთნელი და ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. თუმცა ჩვენ მათ შემართებას ვერ ვიზიარებთ. კანტაბრიელებს კვლავ მზის ქვეშ ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ, თუმცა, შესაძლოა, "რასინგი" ამ ბრძოლაში კვლავ გამარჯვებული გამოვიდეს.

ტრანსფერები
მივიდნენ: ალვარო გონსალესი ("რასინგი ბ"), ხულიან ლუკე ("რასინგი ბ"), ლაუტარო აკოსტა ("სევილია"), კრისტიან სტუანი ("რეჯინა"), მარიო ორტისი ("კონკენსი"), ხოსე პიკონი ("პონტევედრა"), დამიან ისმოდესი ("უნივერსიტარიო დეპორტესი"), ედუ ბედია ("სალამანკა").
წავიდნენ: ლასენი, კოლტორტი, სარმიენტო, ბოლადო, პინილიოსი, ციოლისი, როზენბერგი, ჯოვანი.

დოსიე
რეალ რასინგ კლუბ დე სანტანდერ
დაარსდა: 1913 წ.
სტადიონი: ელ სარდინიერო, 22 400
პრეზიდენტი: ფრანსისკო პერნია
მწვრთნელი: ექტორ კუპერი
კლუბის წევრი: 17 300
44 სეზონი პრიმერაში
მეტსახელი: ლოს რასინგისტასი, ლოს ვერდიბლანკოსი
გასულ სეზონში: მე-12 ადგილი
ოფიციალური საიტი: ჰტტპ://წწწ.რეალრაცინგცლუბ.ეს/

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: ტორეხონი (36), ენრიკე (35), ლასენი (33), როზენბერგი (33), სისმა (32).
ყველაზე მეტი გოლი 2010/11: როზენბერგი (9), კენედი (6), ჯოვანი (5), ნაუელპანი (3), პინილიოსი (2).

გუნდი 2011/12
მეკარეები
13. ტონიო მარტინესი 17.12.1979
25. მარიო ფერნანდესი 30.04.1988
მცველები
2. ხოსე პიკონი 13.03.1988
3. კრისტიან ფერნანდესი 15.10.1985
4. ოსმარი იბანიესი 05.06.1988
6. დომინგო სისმა 09.02.1982
15. ფრანსის პერეს მალია 17.12.1981
19. მარკ ტორეხონი 18.02.1986
33. ალვარო გონსალესი 08.01.1990
ნახევარმცველები
7. მანუელ არანა 03.12.1984
8. გონსალო კოლსა 11.05.1977
11. ოსკარ სერანო 30.09.1981
18. ედუ ბედია 23.03.1989
21. პაპაკული დიოპი (სენეგალი) 19.03.1986
23. ადრიან გონსალესი 25.05.1988
თავდამსხმელები
9. კრისტიან სტუანი (ურუგვაი) 12.12.1986
10. პედრო მუნიტისი 19.06.1975
16. კენედი ბაკირჩიოგლუ (შვედეთი) 02.11.1980
22. არიელ ნაუელპანი (არგენტინა) 15.10.1987
24. ლაუტარო აკოსტა (არგენტინა) 14.03.1988

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული