როგორც იქნა, პრიმერა იწყებს!

AutoSharing Option
დღეს
სპორტინგი-რეალ სოსიედადი 20:00
ტრავმა: იფრანი (სოს.)

ვალენსია-რასინგი 22:00
ტრავმა: ალკასერი, ადურისი - ოსკარ სერანო

გრანადა-ბეტისი 00:00
ტრავმა: გეიხო, ხუან ხოსე - პერეირა (?), სერხიო როდრიგესი, ნელსონი (?)

ხვალ
ატლეტიკო-ოსასუნა 14:00
ტრავმა: ფორლანი (გუნდთან ერთად არ არის), დიეგო - რაულ გარსია

ბილბაო-რაიო ვალეკანო 18:00
ტრავმა: ირაოლა (?) (ბილ)

ხეტაფე-ლევანტე 20:00
ტრავმა: გუისა (?) - რაფა ხორდა, ფარინოსი, დელ ორნო, მარკ მატეუ, პედრო ლოპესი, ხუანლუ (?)

მალიორკა-ესპანიოლი 20:00
ტრავმა: მ. პერეირა, ნუნიეში, დე გუზმანი - ოსვალდო (გუნდთან ერთად არ არის)

სარაგოსა-რეალი 22:00
ტრავმა: შაჰინი, ალთინთოპი
(რეალი)
დისკვალიფიკაცია: იოზილი, პეპე (რეალი)

სევილია-მალაგა 00:00
ტრავმა: რაკიტიჩი (?) - ველიგტონი

ზეგ
ბარსელონა-ვილიარეალი 23:00
ტრავმა: პიკე, პუიოლი, სანჩესი (?) (ბარ)
დისკვალიფიკაცია: ვილია (ბარსელონა)

თავიდანვე შევთანხმდეთ - მართალია, გაფიცვამ ჩემპიონატის პირველი ტური შეიწირა და ამ უქმეებზე გასამართავს რიგითი ნომერი ორი აქვს, ჩვენ ათვლას ახლიდან ვიწყებთ და ამით ავიცილებთ კიდევაც უხერხულობას, როცა ტურის ნომერი არ დაემთხვევა გამართულ მატჩთა რიცხვს. ის, რომ ჩემპიონატი დაიწყო, პირდაპირ ვთქვათ, სასწაულია - ფეხბურთელთა ასოციაციის ინიციატივით დაწყებული გაფიცვა პირველი ორი ტურის ჩაშლას ისახავდა მიზნად, თუმცა ხუთშაბათს მხარეები შეთანხმდნენ და რიგით 81-ე პრიმერადივიზიონი იწყება.

მაშ ასე, მარათონულ დისტანციაზე გავიდნენ: 4-4 მადრიდული და ანდალუსიური კლუბი, 3-3 ვალენსიური და ბასკურ-ნავარული, 2 კატალონიური და თითო ასტურიული, კანტაბრიული, არაგონული და ბალეარული. თავს არ მოვიტყუებთ - ამჯერადაც საჩემპიონო რბოლა ორი ბედაურისა იქნება, ჩემპიონ "ბარსელონას" და მადრიდის "რეალს" შორის გაირკვევა ტიტულის მფლობელის ვინაობა.

ბოლოს, როცა ესპანეთის ჩემპიონი სხვა კლუბი გახდა 2004-ში იყო, მაშინ "ვალენსიამ" 77 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და კლუბის ისტორიაში მე-6-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. მას შემდეგ ორჯერ "ბარსელონამ" იმარჯვა, ორჯერ "რეალმა" და ბოლოს ისევ კატალონიელთა დრო დადგა, რომელთაც ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ იჩემპიონეს. ტიტულების ოდენობით "ბარსა" ჯერ ახლოსაც ვერ მივა "სამეფო კლუბთან" - "რეალი" 31-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, "ბარსელონა" კი - 21-ჯერ. სტატისტიკის მოყვარულთათვის სხვა კლუბების მიღწევასაც ვეტყვით: 9-ჯერ ჩემპიონი "ატლეტიკო" იყო, 8-ჯერ ბილბაოს "ატლეტიკი", 6-ჯერ "ვალენსია" და ორჯერ "რეალ სოსიედადი". ტიტული თითოჯერ მოპოვებული "დეპორტივოს", "სევილიასა" და "ბეტისსაც" აქვთ.

წლეულს ესპანეთის ჩემპიონატის განრიგი ისეა შედგენილი, რომ ტელევიზიით ტურის ათივე მატჩის ჩვენება შეიძლება. ეს კი დამატებითი შემოსავალია ესპანეთის არცთუ მდიდარი კლუბებისთვის, რომელთა დიდი ნაწილის მთავარი ამოცანა ყოველი ტურნირის წინ ერთია - პრიმერაში ადგილის შენარჩუნება. ერთ მაგალითს მოვიყვანთ - შარშან "ოსასუნა" ბოლო ტურში დაუძვრა დაქვეითებას და... ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა.

საჩემპიონო ბრძოლა ვახსენეთ და ისიც ვთქვით, რომელ გუნდებს შორის გაიმართება ეს ბრძოლა, თუმცა ჯერ არაფერი გვითქვამს ძალთა ახალ თანაფარდობაზე "რეალსა" და "ბარსელონას" შორის. სეზონის წინ ორივე კლუბი კიდევ უფრო გაძლიერდა: "ბარსამ" წერტილოვანი დარტყმები აწარმოა - მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა სესკ ფაბრეგასი და შეტევაში იყიდეს ჩილელი ალექსის სანჩესი. მოკლედ, "ბარსელონას" ისედაც დიდი შემტევი პოტენციალი, კიდევ გაიზარდა.

"რეალმა" ხუთი ფეხბურთელი შეიძინა: პორტუგალიელი ფაბიო კოენტრაო მარცხენა ფლანგს უთუოდ გააძლიერებს, ნური შაჰინი, ჰამით ალთინთოპი და ხოსე კალეხონი კი შუახაზს, დაცვაში პერსპექტიული რაფაელ ვარანი დაიმატეს. ესპანეთის სუპერთასის ორმა მატჩმა აჩვენა, რომ სუპერგუნდთა ძალთა ბალანსი კიდევ უფრო თანაბარი გახდა, ანუ კიდევ უფრო საინტერესო და დრამატული დუელის მომსწრენი გავხდებით.

მიუხედავად იმისა, რომ "რეალთან" და "ბარსასთან" ახლოს ვერ მოვლენ, ესპანეთის ჩემპიონატში რამდენიმე ძალიან კარგი გუნდი ითამაშებს: "ვალენსია", "ვილიარეალი", ""სევილია", "ატლეტიკო", "ბილბაო" და... "მალაგა". ამ სიაში მოკრძალებული "მალაგა" არაბული ინვესტიციების წყალობით მოხვდა, კლუბი არნახულად გაძლიერდა შემადგენლობის მხრივ, მას მაღალი დონის სპეციალისტი, მანუელ პელეგრინი წვრთნის. ამ ექვსეულს, შესაძლოა, ახალგაზრდული "ესპანიოლიც" შეუერთდეს - მოკლედ, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საგზურთა მაძიებლების სიაც შემოგთავაზეთ.

დანარჩენები? მათ ალბათ ისევ საერთო ამოცანა ექნებათ გადასაჭრელი - არ მოხვდნენ უიღბლო სამეულში, რომლებიც სეგუნდადივიზიონში დაეშვებიან. ვინ შეიძლება "გაისროლოს" აუტსაიდერთაგან? "ხეტაფემ", რომელიც უცხოელი ინვესტორის წყალობით შესამჩნევად გაძლიერდა და "ბეტისმა", რომელიც ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბუნდა ლა ლიგას.

ახლა კი ზოგადი დახასიათებიდან უშუალოდ პირველ ტურზე გადავიდეთ, რომელიც დღეს ხიხონში იწყება - ასტურიულ-ბასკური დაპირისპირებით და ორშაბათს ტურის ცენტრალური მატჩით სრულდება - "კამპ ნოუზე" "ბარსა" "ვილიარეალს" მასპინძლობს. ამ ორი შეხვედრის გარდა დიდ ინტერესს იწვევს ანდალუსიური დერბი "სევილიასა" და "მალაგას" შორის. აგრეთვე "სამეფო კლუბის" სტუმრობა არაგონს - "სარაგოსას" წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული