პრიმერას პრემიერა: უსამართლობა და სამართლიანობა

AutoSharing Option
ესპანური ლა ლიგა ერთი კვირის დაგვიანებით, მაგრამ ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ველოდით - მსოფლიო ფეხბურთის ორმა გრანდმა, "რეალმა" და "ბარსელონამ" პირველივე ტურში სერიოზული განაცხადი გააკეთა, ისევე როგორც პრიმერას ორმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა - მადრიდელმა კრიშტიანო რონალდომ და ბარსელონელმა ლიონელ მესიმ.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ერთი უსამართლობა, რომელზეც ყურადღება, რატომღაც, ესპანეთშიც კი არ გაამახვილეს - გაფიცულებმა მიზანს მიაღწიეს, მათ მოთხოვნების დიდ ნაწილს დაუკმაყოფილებენ, მაგრამ გაფიცვის პერიოდმა დიდად დააზარალა გუნდების ნაწილი, ნაწილი კი პრივილეგირებულ პოზიციაში ჩააყენა. მოგეხსენებათ, გაფიცვას განსაკუთრებით სეგუნდადივიზიონისა და პრიმერას გაჭირვებულ
კლუბებში გულშემატკივრებს. გაფიცვა კი მხოლოდ თამაშზე არ გასვლას არ ნიშნავდა - წესით, კლუბებში ყველა სახის სპორტული ღონისძიება უნდა შეწყვეტილიყო, მათ შორის ვარჯიში. კლუბების ნაწილი ასეც მოიქცა, მაგრამ აბა ვინ გაუბედავდა ჟოზე მოურინიოს, გაფიცულები ვართ და ვარჯიშზე არ მოვალთო? ზოგიერთი კლუბი სულაც ევროთასებზე გამოდიოდა და ვალდებულიც კი იყო ევარჯიშა და ტონუსი შეენარჩუნებინა. და ვინ დაიჩაგრა? რა თქმა უნდა ისინი, რომლებიც გაფიცვის ყველა პუნქტს პატიოსნად ასრულებდნენ. ეს პირველი ტურის შედეგებშიც კარგად აისახა...

ბარსელონა თამაშობს ერთი მცველით
დავიწყოთ უკანასკნელით ანუ ტურის ბოლო, ორშაბათის მატჩით, რომელშიც ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის ბინადარს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. ბოლო 72 წელია "ბარსელონას" გახსნის მატჩი არ წაუგია "კამპ ნოუზე" და არც ახლა წააგო, თუმცა რომელ წაგებაზეა ლაპარაკი, როცა "ვილიარეალის" ფეხბურთელებს მეტოქის ნახევარზე ბურთით გადასვლაც კი უჭირდათ.

დაიწყო ჩემპიონატი და ხოსეპ გვარდიოლამ პირველი სიურპრიზი შემოგვთავაზა - პეპმა 4-3-3-ის ნაცვლად 3-4-3 შემოგვთავაზა. "ვილიარეალის" დარ საშიშ გუნდთან 3 მცველით თამაში, თანაც აქედან ორი ნომინალური ნახევარმცველით. პეპმა ალბათ ყველა დროის რეკორდი მოხსნა - პრიმერადივიზიონის მატჩში ერთი ნომინალური მცველით (ერიკ აბიდალი) ითამაშა. "იდეა იყო ასეთი - რაც შეიძლება ბურთის მეტი კონტროლი და ნახევარდაცვის დატვირთვა და მუდმივი მოძრაობა", - ახსნა თამაშის შემდეგ გუნდის ტაქტიკა ჩემპიონთა თავკაცმა.

5:0 გამარჯვების მიუხედავად, პეპი მიიჩნევს, რომ ეს წინასასეზონო მზადებისა და სეზონის რუბიკონი იყო, ნამდვილი სეზონი კი მაშინ დაიწყება, როცა ფეხბურთელები ეროვნული ნაკრებების მატჩებიდან დაბრუნდებიან. გვარდიოლამ ცაში აიყვანა სესკ ფაბრეგასი, რომელმაც დებიუტი გოლით აღნიშნა: "სესკს ორი დიდებული თვისება გამოარჩევს: პირველი, ის ზედმიწევნით იცნობს კლუბს და მეორე, სესკი ადრეულ ასაკში გახდა "არსენალის" კაპიტანი და უკვე ჩამოყალიბდა პიროვნებად და ლიდერად. ცოტა-ცოტაც და ის "ბარსას" ჩვეულ რიტმში ჩაჯდება, მე მოხარული ვარ მისი კარგი დებიუტით".

ამ თამაშში ვიქტორ ვალდესმა 410-ედ მოირგო "ბარსას" ფორმა და ის ლეგენდარულ ანდონი სუბისარეტას გაუტოლდა, ერთიც და ვალდესს ყველაზე მეტი კეპი ექნება გოლკიპერებს შორის. შეგახსენებთ, რომ სუბისარეტა ამჟამად "ბარსელონას" სპორტული დირექტორია.
მოკლედ ამ მატჩის საინტერესო სტატისტიკიდან:

* "ბარსამ" ბურთი 75%-ით გააკონტროლა.
* "ბარსამ" 981 პასი გააკეთა, "ვილიარეალმა" - 313.
* ყველაზე მეტი პასის ავტორი ტიაგო ალკანტარაა - 120 (108 ზუსტი).
* გოლი გაიტანა სამმა ახალწვეულმა (ტიაგო ხომ სარეზერვო გუნდიდან გადმოვიდა) - ალკანტარამ, ფაბრეგასმა და სანჩესმა.

ლეო ვს რონი, დუბლი I
დაიწყო ახალი სეზონი და მასთან ერთად ახალი დაპირისპირებაც მსოფლიოს ორ საუკეთესო ფეხბურთელს შორის. მაშ ასე, მესი ვს რონალდო, დუბლი პირველი - ვინ ვის?

კრიშტიანო რონალდომ "სარაგოსასთან" მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა. კარისკენ დაარტყა 15-ჯერ (!), აქედან 7-ჯერ ზუსტად. პორტუგალიელის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი 2-ჯერ დაარღვია წესები.

ლეო მესიმ "ვილიარეალის" კარში "მხოლოდ" 5-ჯერ დაარტყა, თუმცა ყველა დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა, არგენტინელის ანგარიშზე დუბლი და საგოლე პასია, მას 3-ჯერ ეუხეშნენ, თავად კი ერთხელ დაარღვია წესები.
მოკლედ, პირველივე ტურში ორივემ ძალიან მაგრად ითამაშა, ასე რომ - 1:1.

ტურის სიმბოლური ნაკრები

Goal.com . 3-4-3

რობერტო ("სარაგოსა", 1): გოლკიპერი, რომელმაც 6 გოლი გაუშვა, თუმცა 10-ჯერ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
რიკარდო კარვალიო ("რეალი", 1): "რეალის" დაცვას საქმე თითქმის არ ჰქონდა, თუკი მაინც ქმნიდნენ მასპინძლები ხიფათს, მათ პორტუგალიელი ანეიტრალებდა, წინაც თამამად მიდიოდა.
სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა", 1): ამ პოზიციისთვის კი გვეცოდება, მაგრამ ახლადმოვნელი მცველი უშეცდომო იყო. ერთხელ ბურთი თავით ხარიხას გაარტყა.
ერიკ აბიდალი ("ბარსელონა", 1): ფრანგმა ლიდერის თვისებები გამოავლინა, წინაც იყო და დაცვაშიც.
ლიონელ მესი ("ბარსელონა", 1): ჰეთ თრიკს იმსახურებდა, მაგრამ ამჯერად ვერ შეწვდა. ფაბრეგასს გენიალური პასი გადააწოდა.
პიოტრ ტროხოვსკი ("სევილია", 1): დებიუტი ბრწყინვალე გამოუვიდა, "მალაგასთან" შეხვედრაში შუახაზის ბატონ-პატრონი იყო.
სესკ ფაბრეგასი ("ბარსელონა", 1): დებიუტანტმა გოლით აღნიშნა "ბარსელონაში" დაბრუნება. უკვე "კოჭებში ეტყობა", რომ მესისთან დიდებულ ალიანსს ქმნის.
ტიაგო ალკანტარა ("ბარსელონა", 1): გახსნის გოლი შეაგდო, ჩავი სრულფასოვნად შეცვალა.
რობერტო სოლდადო ("ვალენსია", 1): სოლდადომ 4 გოლი გაიტანა, აქედან ერთი საკუთარ კარში, ბოლო წუთებში მისმა ორმა გოლმა "ვალენსიას" ექტორ კუპერის "რასინგთან" წაგებული თამაში მოაგებინა.
ალვარო ნეგრედო ("სევილია", 1): ორი ლამაზი გოლი შეაგდო ანდალუსიურ დერბიში.
კრიშტიანო რონალდო ("რეალი", 1): ჰეთ თრიკი.

ტურის გმირი - რობერტო სოლდადო ("ვალენსია")

მას მივანიჭეთ უპირატესობა და არა რონალდოს ან მესის ერთადერთი მიზეზის გამო - სოლდადომ შეძლო თამაშის ჩარხის შემოტრიალება, რონალდოსა და მესის ეს არ დასჭირვებიათ. ტყუილად არ უწოდა სოლდადოს (ესპანურად ჯარისკაცს ნიშნავს) "ვალენსიას" კაპიტან-გენერალი.

კვირის ფრაზები

ხუან კარლოს გარიდო ("ვილიარეალის" მწვრთნელი): "ახალს არაფერს ვიტყვი - ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ" - "ბარსელონასთან" 0:5 მარცხის შემდეგ.
ხავიერ აგირე ("სარაგოსას" მწვრთნელი): "ვფიქრობ, ყველაფერი რაც ჩავიფიქრე, შეცდომა იყო" - "რეალთან" 0:6 მარცხის შემდეგ.

ხუან იგნასიო მარტინესი ("ლევანტეს" მენეჯერი): "ნებისმიერი სახით მოპოვებული ქულები ითვლება" - "ხეტაფესთან" სტუმრად მიღწეული ფრის შემდეგ.

ხოსე რამონ სანდოვალი ("რაიო ვალეკანოს" მწვრთნელი): "შინ ბედნიერები მივდივართ" - ბილბაოში 1:1 თამაშის შემდეგ.

ტიაგო ალკანტარა (ბარსელონა): "რეალი" და "ბარსელონა" ორი ტოპგუნდია. ჩვენ შევეცდებით ყველაფერი მოვუგოთ კონკურენტს" - I ტურის მატჩის შემდეგ.

ლეო მესი (ბარსელონა): "ჩვენ ვიძახდით, რომ სესკი ჩვენიანია და არ გაუჭირდება გუნდთან შეგუება, ხომ გამოვდექით მართლები" - "ვილიარეალის" კარში ორი გოლის გატანის შემდეგ.
მარსელინო ("სევილიას" მწვრთნელი): "ჩვენ კიდევ მრავალ სიხარულს მივანიჭებთ გულშემატკივრებს" - "მალაგას" 2:1 დამარცხების შემდეგ.

მანოლო პრესიადო ("სპორტინგის" მწვრთნელი): "კიდევ კარგი სატრანსფერო ბაზარი ჯერ ღიაა და შეცდომების გამოსწორების შანსი გვაქვს", - შინ "რეალ სოსიედადთან" 1:2 მარცხის შემდეგ.

ექტორ კუპერი ("რასინგის" მწვრთნელი): "ამაზე მეტს ბიჭებს ვერც მოვთხოვდი, თავ ზემოთ ძალა აღარაა", - "ვალენსიასთან" 3:4 მარცხის შემდეგ.

პეპე მელი ("ბეტისის" მწვრთნელი): "ეს არის ოქროს სამი ქულა", - სტუმრად "გრანადას" დამარცხების შემდეგ.

მესუთ იოზილი (რეალი): "ჩვენ უკვე მივაღწიეთ "ბარსას" სიმაღლეებს".
ხოსე მარია დელ ნიდო ("სევილიას" პრეზიდენტი): "ლა ლიგა მსოფლიოს უდიდესი შაყირია, ეს ორი კლუბის ჩემპიონატია".

პირველი...

ჩილელმა ალექსის სანჩესმა და სესკ ფაბრეგასმა პირველად ითამაშეს პრიმერადივიზიონში და დებიუტი გოლებით აღნიშნეს.

ტურის სტატისტიკა

2 ჰეთ თრიკი: კრიშტიანო რონალდო (რეალი), რობერტო სოლდადო (ვალენსია).
2 დუბლი: ლიონელ მესი (ბარსელონა), ალვარო ნეგრედო (სევილია), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი).

ახალგაზრდა ფეხბურთელები:

16 წლის: ვალენსია (სარაგოსა), ვადილიო (ბეტისი).
18 წლის: ბერნატი (ვალენსია), მუნიაინი (ბილბაო), სამპერიო (რასინგი), კამპანია (სევილია).
19 წლის: კურტუა (ატლეტიკო), ამატი (ესპანიოლი), ტიევი (ესპანიოლი), სარაბია (ხეტაფე), ალვარესი (სპორტინგი), ლ. ბანგურა (რაიო ვალეკანო).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 75 097 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 000 - "კოლისეუმ ალფონსო პერესი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 35 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 16 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 21 - მალიორკა
ყველაზე მეტი კუთხური: 11 - ბარსელონა, ვალენსია
ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - მალიორკა, გრანადა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 75% - ბარსელონა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული