გვარდიოლა: ჩემი მოთამაშეების ქებით არასდროს დავიღლები

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "ვილიარეალთან" მატჩში თავისი გუნდის თამაში შეაჯამა. პეპმა ფაბრეგასი შეაქო და მასკერანოს და ბუსკეტსის დაცვის ცენტრში თამაშიც შეაფასა.

- გაკვირვებული ხართ, რომ "ვილიარეალთან" მატჩი "ბარსელონასთვის" ასეთი იოლი აღმოჩნდა?
- საიდუმლო არაა, რომ ბოლო 8-10 წელი "ვილიარეალის" წინააღმდეგ თამაში რთული იყო. ამ გუნდის სათამაშო სტილი ჩვენისგან შორს იყო. ამიტომ კმაყოფილი ვარ, კარგ გამარჯვებას მივაღწიეთ, შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ.

- დაცვაში თქვენმა ექსპერიმენტმა გაგვაკვირვა, უჩვეულო ვარიანტი მოიფიქრეთ...
- დიახ, სამი მცველის გამოყვანა სარისკო იყო, მითუმეტეს, როცა ორი მათგანი მასკერანო და
ბუსკეტსი იყო. ადრე მსგავსი დაცვით არ გვითამაშია. მოთამაშეებს ორი-სამი იდეა გავაცანი. მათ დავალებას ალღო იოლად აუღეს, რადგან მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვთ.

- აღიარებთ, რომ ეს რისკი იყო?
- რა თქმა უნდა, მაგრამ მწვრთნელების ამოცანა ხომ მოთამაშეების ძლიერი მხარეების დანახვაა. როსის და ნილმარის წინააღმდეგ სამი მცველის გამოშვება სახიფათოა, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი კარგად წარიმართა.

- თქვენ საკუთარი მოთამაშეების ქებით არ დაიღლებით...
- მე კი არ დავიღლები, მაგრამ ჩვენი გამარჯვებები ყველაფერზე თავად მეტყველებს.

- ბევრი სპეციალისტი ეჭვობდა, რომ ლეო მესის შეუძლია უმალვე დაიჭიროს რიტმი და ისევე ათამაშდეს, როგორც ადრე...
- ყველამ შესანიშნავად ვიცით, ვინ არის ლეო მესი და რა შეუძლია. დიახ ის ამ ზაფხულს ცოტას ვარჯიშობდა, მაგრამ უკვე აჩვენა, რომ თამაშების ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

- რა არის ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც გუნდში ახალ ფეხბურთელებს იღებთ?
- თუ მოთამაშეები ჩვენს სტილს მიიღებენ, წინსვლა შეგვიძლია. ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და არის ხალხი, რომლებიც ჩვენი ვარსკვლავების ზურგსუკან დგანან, მაგრამ რომელთაც ასევე თამაში სურთ. ამაშია ჩვენი სიძლიერე.

- ამიტომ არ თამაშობდა "ვილიარეალთან" გუნდის რამდენიმე ლიდერი?
- - რა თქმა უნდა, გვსურდა ჩავის და ვილიასთვის დასვენების საშუალება მიგვეცა. ნახევარდაცვაში ახალი განლაგება ვცადეთ - კეიტა, ინიესტა, სესკ ფაბრეგასი და ალკანტარა.

- რა დაგანახათ ნახევარდაცვაში ახალი განლაგებით თამაშმა?
- ჩვენი ნახევარდაცვა თამაშის კონტროლის საშუალებას ყოველთვის გვაძლევს, ის ჩვენს ფეხბურთს სტაბილურობას ანიჭებს. ყველაფერი კარგად მიდის, თუ მოთამაშეები საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ და ამას ისინი არც აკეთებენ.

- სესკ ფაბრეგასის თამაშს როგორ შეაფასებდით?
- სხვა კლუბიდან მოსულთათვის "ბარსელონაში" "გათქვეფა" ყოველთვის რთულია. ეს მაშინვე იშვიათად გამოდის. მაგრამ როდესაც სესკმა გოლი გაიტანა, აღარ ღელავდა და ნამდვილი ფაბრეგასი ვიხილეთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული