არაფერი ვენგერის გარეშე

AutoSharing Option
ფრანსესკ ფაბრეგასის "ბარსელონაში" დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელმა 170 წუთში 5 გოლი გაიტანა, მათ შორის 2 ნაკრებში. რას მივაწეროთ ეს გადასხვაფერება? მის ცხოვრებაში მომხდარი სიახლეების შესახებ თავად ესპანელი ფეხბურთელი საუბრობს.

- როდის მიხვდით საბოლოოდ, რომ "არსენალში" თქვენი დრო ამოწურული იყო?
- გასულ სეზონში. ჩვენ ლიგის თასზე, ინგლისის თასზე, ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერლიგაში ვთამაშობდით და საბოლოოდ ვერაფერი მოვიგეთ. ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა უკვე იყო დრო, "ბარსელონაში" დავბრუნებულიყავი, მით უფრო, ამ კლუბს ჰქონდა ჩემდამი ინტერესი. აშკარა იყო, რომ ან კატალონიაში უნდა წავსულიყავი, ან ისევ "არსენალში"
დავრჩენილიყავი. არასოდეს მიფიქრია, რომ სადმე წასვლა ხელფასის ან რამე სხვა ფაქტორის გამო გადამეწყვიტა. 18 წლიდან მოყოლებული ხომ არაერთი კლუბის წინადადება მიმიღია.

-
"რეალიდანაც"?
- დიახ. არ არის აუცილებელი ყველას ჩამოთვლა. შემოთავაზებები იყო და ეს ფაქტია.

- ვენგერმა თქვენ მოგიტაცათ?
- არსენ ვენგერზე ბევრი არასწორი აზრია გავრცელებული. ის რომ არა, მე ახლა არ ვიქნებოდი "ბარსელონაში". იმიტომ, რომ 16 წლისას დებიუტი არ მექნებოდა ჩემპიონატში, 18-ისა არ ვითამაშებდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გუნდის კაპიტანი ვერ ვიქნებოდი 20 წლისა. რომ არა ვენგერი, საერთოდ არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი. სწორედ მან დაარწმუნა "არსენალის" მესვეურები, რომელთაც არ სურდათ ჩემი გაყიდვა, ფასი დაეკლოთ ჩემი ტრანსფერისთვის.

- თავს დავალებულად გრძნობთ "მეთოფეების" მიმართ?
- არა, რადგან მე მათ მთელი სულით და გულით ვემსახურე. გული მწყდება, რომ ვერაფერი მოვიგე. არადა, მარტო პრემიერლიგაში გამარჯვება სამჯერ შეგვეძლო. ამ მხრივ მინდოდა რამისთვის მიმეღწია, რათა უკეთესი კვალი დამეტოვებინა.

- რას მიგაქვთ ლონდონიდან?
- უამრავი მოგონება. ლონდონი ყოველთვის დარჩება ჩემს ქალაქად. იქ ჩვეულებრივ ხალხში დიდი მეგობრები ვერ შევიძინე, მაგრამ ასეთები მყავს გუნდიდან, მაგალითად როსიცკი და კარლოს ველა და, რა თქმა უნდა, ვენგერი. მის გარეშე არც მსოფლიოს ჩემპიონი ვიქნებოდი.

- რა უფრო სევდიანი იყო, 8 წლის წინ ბარსელონის დატოვება თუ ახლა ლონდონის?
- როცა ბარსელონიდან მივდიოდი, მგონი ვერაფერსაც ვერ ვიაზრებდი. მე ხომ ბავშვი ვიყავი. არასოდეს მიფიქრია, რომ პირველ გუნდში ვითამაშებდი, შეხედეთ ინიესტას, ის 23 წლის იყო, როცა პარიზში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძირითადში დააყენეს. მაშინ ვფიქრობდი, როცა ანდრესიც კი არ თამაშობს, მე ვინ ვიქნებოდი-თქო. ახლა კი სრულად ვაცნობიერებ რას ვტოვებ ლონდონში და სად მივდივარ. ნამდვილად უფრო სევდიანი დღე იყო, ვიდრე მაშინ, როცა ბარსელონა დავტოვე.

- როგორი იყო ვენგერთან დამშვიდობება?
- მე და ის დიდხანს ვლაპარაკობდით. მისი სიტყვები დიდხანს მემახსოვრება და ალბათ იქითა ცხოვრებაშიც გამყვება... რთული იყო სათქმელისთვის თავის მოყრა. ასე რომ, ვერაფერიც ვერ ვუთხარი. რამდენიმე დღის შემდეგღა მოვახერხე, დავურეკე და მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის. ის არის ადამიანი, ვისაც 10 ბალით ვაფასებ. მას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეებიც, მაგრამ რაც მან მე მომცა, ეს შეუფასებელია.

- რა გასწავლათ ინგლისმა?
- მოდი, ერთად წარმოვიდგინოთ. 16 წლისა ვიყავი, ანუ ბავშვი. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ სულელი ვარ, მაგრამ თავიდან ინგლისურის სწავლა მიჭირდა. ვერც კი წარმომედგინა, რომ ოდესმე ყველა ინგლისურენოვანი ადამიანის ლაპარაკს გავიგებდი. იქ ვისწავლე სიძნელეების გადალახვაც.

- როცა გაარკვიეთ, რომ ბარსელონაში ბრუნდებოდით, პირველი რა გააკეთეთ?
- ჩემს დას დავურეკე, რადგან შეპირებული ვიყავი.

- თქვენმა ბებიამ განაცხადა, რომ ასეთი ბედნიერი შვილიშვილი არასოდეს ენახა.
- ახლა ხანდახან ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მინდა ხოლმე ამის დამალვა. მრცხვენია კიდეც ჩემი ბედნიერების.

- "ბარსელონასთან" კონტრაქტი მართლა 2 წლის წინ გააფორმეთ?
- არა. ერთხელაც არ მილაპარაკია მათთან იქამდე, ვიდრე "არსენალს"
ყველაფერზე არ შეუთანხმდა.

- ტიტო ვილანოვა ამბობს, რომ კლუბმა ხელშეკრულება გააფორმა არა სესკთან, რომელიც ოდესღაც 16 წლისა წავიდა გუნდიდან, არამედ "არსენალის" კაპიტანთან.
- ტიტო "ბარსელონაში" ჩემი უკანასკნელი მწვრთნელი იყო. ჩვენ მშვენიერი ურთიერთობები გვაქვს. ბედნიერი ვარ, რომ გასახდელში ისევ ვხედავ მესისა და პიკეს. ტიტო მართალია, მე აღარ ვარ პატარა ბიჭი, რომელიც ოდესღაც დუბლებში თამაშობდა.

- რა მოგცათ პრემიერლიგაში გატარებულმა წლებმა?
- კარგი გაკვეთილები. ინგლისში ფეხბურთი ბევრად უფრო გიჟურია, ვიდრე აქ. ესპანეთში მეტი დისციპლინა, ტაქტიკა და პასია, ინგლისში კი ხანდახან ვიღაცამ შეიძლება მაშინაც კი შემოგიტიოს, როცა ეს მართლა არ სჭირდება და ამას გააკეთებს იმის გამო, რომ ამას გულშემატკივარი ითხოვს. იქ მსაჯებიც ბევრის უფლებას აძლევენ ფეხბურთელებს.

- ინგლისში მკვეთრად წარმოთქვამენ "სესკს"...
- დიახ, უფრო მკვეთრად ვიდრე აქ.

- მაისურაზე ფაბრეგასი რატომ გაწერიათ?
- ინგლისში იმიტომ მეწერა, რომ იქ სავალდებულოა ამის გაკეთება. "ბარსელონაში" კი თავად მოვისურვე ტრადიციის შენარჩუნება.

- "ბარსაში" პირველი რას ისწავლეთ?
- ის, რომ რეალურად ძალიან ძნელია ასე მსუბუქ სტილში თამაში. პრესინგიც, რასაც გუნდი მიმართავს ხოლმე ძალიან ძნელი რამაა.

- ეთანხმებით ჩავის, რომელიც ამბობს, რომ "ბარსელონაში" ყველაზე ლამაზი რამ ეს ვარჯიშია?
- დიახ, ეს ყველაზე ლამაზია, რაც ოდესმე მინახავს. ვარჯიშებზე მხოლოდ ბურთზე შეხების ხმა ისმის. ყოველდღიური დატვირთვები ბევრად უფრო კარგი სანახავია, ვიდე თამაშები. აქამდე არაფერი ამის მსგავსი არ მინახავს.

- გუნდში კარგი ატმოსფეროა?
- თუკი ნათქვამია, რომ ვარჯიში 10:00-ზე იწყება, ყველა 9:30-ზე მოდის. დამატებით დადებით ამოსფეროს პიკე ქმნის, ადამიანი, ვინც ყველას უყვარს.

- გვარდიოლამ რა გითხრათ?
- განსაკუთრებული არაფერი. მხოლოდ ის, რომ ბევრი უნდა ვიშრომო და ძირითადში ადგილი დავიმსახურო.

- პირველად "რეალთან" ითამაშეთ...
- გვეყოფა "რეალზე" ამდენი ლაპარაკი. ჩვენ ახლა ახალ სეზონზე ვფიქრობთ. მოუთმენლად ველოდები სხვა სტადიონებზე გამოსვლასაც. ორჯერ მითამაშია "კამპ ნოუზე", ვყოფილვარ "სანტიაგო ბერნაბეუზე", "ელ მადრიგალზე", "მესტალიაზე". ახლა ძალიან მინდა "სან მამესზე" თამაში, იქ ხომ განსაკუთრებული ატმოსფეროა.

- პატარა სესკი რაზე ოცნებობდა ყველაზე ხშირად?
- იმაზე, რაც ახლა ამისრულდა, ერთადერთი ოცნება "ბარსელონაში" თამაში იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული