ბალანსი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის მეორე ტურშივე დაირღვა

AutoSharing Option
უპს... ბალანსი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის მეორე ტურშივე დაირღვა ჩემპიონის საზიანოდ. მაშინ, როცა "ბარსა" ბასკეთში გაიჭედა, ჟოზე მოურინიოს გუნდმა შესანიშნავი დერბი მოიგო. ჩვენ, ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ ჩემპიონის ვინაობას ბოლოს ეს ორი გრანდი გამოავლენს? ასე რომ, პლუს ორი "რეალის" სასარგებლოდ.

რა მოგვცა ამ ტურმა? ვნახეთ, ძალიან კარგი მატჩი "ელ მადრიგალზე", განსაკუთრებით 10-კაციანი "ვილიარეალის" შესრულებით, ვნახეთ კრიშტიანო რონალდოს 50-მეტრიანი ფანტასტიკური საგოლე პასი. ამის საპირისპიროდ, დავიდ ვილიას დამღუპველი უზუსტო პასი, ალექსის სანჩესის ტრავმა და დრამატული მატჩი "მესტალიაზე", სადაც სრულიად ახალი "ატლეტიკო"
დაამარცხეს.

ისტორია იუწყებოდა, რომ "ბარსელონას" სან სებასტიანში უნდა გასჭირვებოდა. ამ ქალაქში კატალონიურ გრანდს ჩემპიონატებში 15 მოგება აქვს (აქედან ხუთი "ანოეტაზე"), ეს კი "ბარსასთვის" ცოტაა. ამიტომაც, ვერ გაგვიგია, რატომ დაასვენა ლეო მესი გვარდიოლამ, სანაკრებო მატჩი ხო სხვა ბარსელონელებსაც ჰქონდათ. არგენტინელი მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა ყველაფერი გაფუჭდა და ურემი გადაბრუნდა, მესი მაინც ეცადა, მაგრამ მეკარე ბრავოს დიდებულ რეაქციასა და ყვითელ ბარათს თუ გამორჩა, როცა პენალტისთვის საჯარიმოში წაიქცა.

"ჩვენ სამომავლოდ კარგი გაკვეთილი მივიღეთ. ახლა უკვე ცხადია, რომ ლა ლიგის მოგება ისეთივე თამაშით, რაც შარშან ვაჩვენეთ არ გამოგვივა, თუ არ მოვუმატეთ, ტიტულს წაგვართმევენ", - განაცხადა პეპმა, რომელმაც "რეალ სოსიედადთან" მატჩში პედროს, სესკისა და სანჩესის ტრიო გაამწესა შეტევაში.

არადა, ყველაფერი ისე იწყებოდა, როგორც ხშირად ხდება პრიმერაში, "ბარსა" ბრწყინვალედ თამაშობდა, პირდაბჩენილი მეტოქე კი ცდილობდა მისთვის ხელის შეშლას. ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა: მე-9 წუთზე სესკმა დიდებული პასით მეკარესთან პირისპირ ერთდროულად სანჩესი და ჩავი გაიყვანა, ჩილელმა პასი არ დააგვიანა და ანგარიში ჩავიმ გახსნა. ჩავიმ "ვალი" 2 წუთში დააბრუნა - ანალოგიური პასით პედრო და სესკი ბრავოს შეატოვა, თუმცა სამხრეთამერიკელმა პედროს აუღო, იქვე ფაბრეგასმა დაამატა და ლა ლიგაში მე-2 მატჩში მე-2 გოლი შეაგდო.

"ბარსას" უბედურება 30-ე წუთზე დაიწყო, როცა მანამდე დიდებულად მოთამაშე ალექსის სანჩესი ისე დაიმტვრა, რომ 22 წლის ჩილელი კარგა ხანს ვერ დაეხმარება გუნდს, მის ნაცვლად დავიდ ვილია შევიდა, ფეხბურთელი, რომელსაც ტურის ანტიგმირობა უნდა ეტვირთა...

სტუმარებს არც მასპინძლები ჩამორჩნენ, რომელთაც 2 გოლი 2 წუთში გაიტანეს, 57-ე წუთზე ჩაბი პრიეტომ მარჯვენა ფრთიდან ჩააწოდა და 24 წლის იმანოლ აგირეჩემ თავით გაიტანა. ორ წუთში, აქამდეც ცუდად მოთამაშე "ელ გუახემ" უკან მოინდომა ბურთის დაბრუნება და... აგირეჩე პირისპირ შეატოვა თავის გოლკიპერს, სერხიო ბუსკეტსმა მეკარის მისია იტვირთა ხელით მოიგერია ბურთი, რომელიც ხარიხას მოხვდა და უკან დაბრუნდა, იქ კი მას 20 წლის ფრანგი ტალანტი ანტუან გრიზმანი დაუდარაჯდა - 2:2. გრიზმანმა არ იცოდა რა ეზეიმა, გოლი თუ პენალტი, თუმცა მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, უპირატესობის წესი გამოიყენა და გოლი ჩათვალა, ბუსკეტსი კი (სწორედ ამ წესის გამო) ყვითელ ბარათს დააჯერა. მასპინძლები ტყუილად და უსაფუძვლოდ ითხოვდნენ სერხიოს გაძევებას, მაგრამ მსაჯი შეუვალი იყო.

თუკი ვალენსიელმა არბიტრმა მატეუ ლაჰოსმა კარგად გაართვა თავი ძნელ მატჩს, იგივეს ვერ ვიტყვით არაგონელ კლოს გომესზე, რომელსაც მადრიდული დერბი ანდეს, მან კი სრულიად უსაფუძვლო პენალტი დანიშნა "ხეტაფეს" კარში. ძნელი სათქმელია, მოიგებდა თუ არა "სამეფო კლუბი" მაინც ამ მატჩს, მაგრამ ფაქტია, თავად მოურინიომ აღიარა, რომ "რეალი" მხოლოდ პენალტის შემდეგ ათამაშდა უნაკლოდ, მანამდე კი ხარვეზები იყო.

საბოლოო ჯამში ჩემპიონობის პრეტენდენტმა 4:2 მოიგო, ხოლო ქარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა. პირველი გოლის სულის ჩამდგმელი და "რეჟისორი" მესუთ იოზილი იყო, "რეალის" გერმანელმა 10-იანმა მარცხენა ფრთაზე მოძებნა მარსელო, შეტევაში ფაბიო კოენტრაოც ჩაერთო და ბურთი ისევ იოზილს დაუბრუნდა, რომელმაც საჯარიმოს ცენტრში ბენზემა მონახა.

მალე 26 წლის ვენესუელელმა ფორვარდმა მიკუმ "რეალს" აგრძნობინა, რომ მატჩი ჯერ არ მოეგოთ - ლასენის პასი მიიღო და კასილიასსაც აჯობა, "რეალის" მცველები თამაშგარეს დაფიქსირებას ითხოვდნენ, თუმცა უსამართლოდ. მოკლედ, 59-ე წუთამდე ტაბლოზე 1:1 ენთო, მაშინ კი კრიშტიანო რონალდო ზედ საჯარიმოს ხაზთან მოცელა კატა დიასმა. პენალტი ნაღდი არ იყო, თუმცა პორტუგალიელმა მსაჯის ნაჩუქარი შეირგო და მასპინძლები დააწინაურა. შემდეგ იყო ის საოცარი პასი, რომელიც მან მარცხენა ფლანგიდან მარჯვენაზე გააკეთა და ნახევარი "ხეტაფე" "მოტეხა", ბენზემას კი დუბლი შეასრულა. ლუის გარსიას გუნდი ასე იოლად არ ნებდება - ევროპის ჩემპიონმა დანიელ გუისამ კასილიასს დაურტყა, მართალია, "რეალის" კაპიტანმა მოიგერია რთული ბურთი, მაგრამ გუისამ ისევ იყოჩაღა, ბურთი მიკუს დაუგორა და ვენესუელელმაც დუბლი შეასრულა. მხოლოდ 87-ე წუთზე გახდა ცხადი, რომ შაბათს "რეალის" დღე იყო - შეცვლაზე შესულმა კაკამ ქუსლით მოძებნა იგუაინი, რომელმაც მეურვე ჩამოიცილა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თამაშის შემდეგ ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ პენალტი არ იყო, თუმცა იქვე დაიცვა რონალდო, ის აფერისტი სულაც არ არის, ერთი ცნობილი გუნდის ფეხბურთელებივითო. "რეალის" პლუსებზე ვთქვით, აქვე გუნდის ნაკლზეც შევჩერდებით - დაცვა არადამაჯერებელია სერხიო რამოსის გამოკლებით.

"ელ სუბმარინომ" მატჩი ვერა, მაგრამ გულშემატკივართა გულები კი მოიგო, არადა, ეს ძალიან სჭირდებოდა ბარსელონაში 0:5 განადგურებულ გუნდს - "ვილიარეალი" 2:2 დაუზავდა "სევილიას". 23-ე წუთზე დიეგო ლოპესს სხვა არაფერი დარჩენოდა, დიეგო პეროტის გასაჩერებლად და ის მოცელა, მეკარემ წითელი ბარათი იხილა, მის ნაცვლად კი კარში სესარ სანჩესი ვიხილეთ, "რეალისა" და "ვალენსიას" ყოფილი კარის დარაჯი, რომელიც ახლახან 40 წლის გახდა ჩემპიონატში მე-400-ედ გამოჩნდა! სესარმა ნეგრედოს პენალტი კი მოიგერია, მაგრამ ბურთი ისევ ესპანეთის ნაკრების ფორვარდთან მივიდა და მანაც მახვილი კუთხიდან გაიტანა.
ამის შემდეგ, რაც მოხდა ამისთვის "ვილიარეალი" მხოლოდ ქებას იმსახურებს.

"სევილია" ისედაც დიდებულად დაკომპლექტებული გუნდია, 1:0-ზე და თან რიცხობრივ უპირატესობაში არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ პირიქით კი იყო, რადგან ძალიან კარგად ითამაშეს მასპინძელთა ფორვარდებმა ჯუზეპე როსიმ და შეცვლაზე შესულმა მარკო რუბენმა. ჯერ როსიმ ორი მცველი ჩამოიცილა და პენალტი დაიმსახურა (რომელიც თავადვე გაიტანა), შემდეგ (მე-2 ტაიმში) მარკოპ რუბენმა მკერდით ჩამოიღო ბურთი და ბრწყინვალედ დაარტყა. "წყალქვეშა ნავმა" მაინც ვერ მოიგო - ბოლო წუთებზე მცველმა ალექსისმა თავურით 2:2 დააფიქსირა. მარსელინომ აღიარა, რომ გამარჯვებას "ვილიარეალი" იმსახურებდა.

"მესტალიაზე", ტურის ცენტრალურ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, თუმცა მატჩს არაფერი დაეწუნებოდა. რობერტო სოლდადომ გამარჯვების გოლი, რა თქმა უნდა, თავით გაიტანა, ასისტენტობა კი მცველმა მიგელმა ითავა. აქაც აურია რეფერიმ - გონსალეს გონსალესმა ჯერ პაბლო პიატის ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა, თამაშგარე მოუგონა, შემდეგ (მე-2 ტაიმში) ბრაზილიელი დებიუტანტი დიეგო ადილ რამიმ მოცელა, თუმცა მსაჯმა ეს ვერ დაინახა. ორივე ეპიზოდმა მატჩის მიმდინარეობაზე გავლენა იქონია.

ესპანეთი. ლა ლიგა. II ტური
რეალ სოსიედადი-ბარსელონა 2:2 [იხილეთ ვიდეო]
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, დემიდოვი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ილარამენდი, მარიგა (79. არანბურუ) - ჩაბი პრიეტო (69. კადამურო), ზურუტუზა, გრიზმანი - აგირეჩე (79. ველა).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, ბუსკეტსი, ფონტასი (79. ინიესტა), ადრიანო - ტ. ალკანტარა (62. მესი), ჩავი, კეიტა - პედრო, ა. სანჩესი (31. ვილია), ფაბრეგასი.
გოლები: 0:1 ჩავი (9), 0:2 ფაბრეგასი (11), 1:2 აგირეჩე (57), 2:2 გრიზმანი (59)
გაფრთხილება: ზურუტუზა, კადამურო - მესი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 10-13 (3-6); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 30 000

ვილიარეალი-სევილია 2:2
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მარიო, გონსალო (66. მარკო რუბენი), მუსაჩიო, ორიოლი - მარჩენა, ბრუნო - კამუნიასი (56. დე გუზმანი), ბ. ვალერო, კანი (22. სესარი) - როსი.
სევილია (4-2-3-1): ვარასი - კასერესი (73. კამპანია), ალექსისი, ესკუდე, ფ. ნავარო - მედელი, ტროხოვსკი (56. რაკიტიჩი) - ხესუს ნავასი, დელ მორალი (56. კანუტე), პეროტი - ნეგრედო.
გოლები: 0:1 ნეგრედო (23), 1:1 როსი (34-პენ), 2:1 მარკო რუბენი (62), 2:2 ალექსისი (86).
შენიშვნა: ნეგრედომ ვერ გაიტანა პენალტი (23)
გაფრთხილება: დე გუზმანი, სესარი - ნეგრედო, დელ მორალი, კანუტე, ალექსისი
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 7-6; კარში დარტყმა: 11-10 (5-5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 20 000

რეალი-ხეტაფე 4:2 [იხილეთ ვიდეო]
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო - ჩაბი ალონსო, ფ. კოენტრაო - დი მარია (71. კაკა), იოზილი (86. იგუაინი), რონალდო - ბენზემა (88. გრანერო).
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, კატა დიასი, მ. ტორესი, მასილელა - კასკერო (70. გუისა), ლასენი - რიოსი (80. კოლუნგა), ხ. როდრიგესი, სარაბია (70. აბდელი) - მიკუ.
გოლები: 1:0 ბენზემა (13), 1:1 მიკუ (38), 2:1 რონალდო (59), 3:1 ბენზემა (69), 3:2 მიკუ (73), 4:2 იგუაინი (87)
გაფრთხილება: რონალდო, რ. კარვალიო, ჩაბი ალონსო - ვალერა, კასკერო, მ. ტორესი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 26-10 (10-6); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 76 000

ვალენსია-ატლეტიკო 1:0
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - მიგელი, რამი, რუისი, მატიო - ალბელდა, ტ. კოსტა (66. მ. თოპალი) - პ. ერნანდესი, ჟონასი (69. კანალესი), პიატი (60. ალბა) - სოლდადო.
ატლეტიკო (4-3-3): კურტუა - სილვიო, მირანდა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - ტიაგო (64. დიეგო), მ. სუარესი (76. ხუანფრანი), გაბი - ფალკაო, რეიესი, ადრიანი (58. თურანი).
გოლი: 1:0 სოლდადო (52)
გაფრთხილება: სოლდადო - სუარესი, ტიაგო
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12-12 (6-2); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 50 000

ბეტისი-მალიორკა 1:0
ბეტისი (4-2-3-1): კასტო - ჩიკა, ამაია, დორადო, ნაჩო - ირინეი, ბენატი - სევილია (68. ვადილიო), რ. კასტრო, მონტერო (59. პერეირა) - მოლინა (74. სანტა კრუსი).
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ზუიველროონი, ჩიკო, რამისი, კასერესი - ჟოაო ვიქტორი, პინა - ალფარო (85. ტისონე), ტეხერა (66. კევინი), ნსუე - ჰემედი (59. რ. კასტრო).
გოლები: 1:0 რ. კასტრო (86)
გაფრთხილება: ამაია, სევილია - ჟ. ვიქტორი, კასერესი, ჩიკო, პინა
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: ?-?; კარში დარტყმა: ?-?; ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 35 000

რასინგი-ლევანტე 0:0
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ფრანსისი, ალვარო, ოსმარი, სისმა - დიოპი, ადრიანი (77. ციოლისი) - მუნიტისი (70. სერანო), აკოსტა (79. ნაუელპანი), არანა - სტუანი.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა - ვალდო (61. არანდა), ბარკერო, ხუანლუ (77. ელ ჟარი) - კონე (78. რ. სუარესი).
გაფრთხილება: ოსმარი, დიოპი, აკოსტა - იბორა, ბარკერო
გაძევება: დიოპი (81)
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 8-11 (1-2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 10 000

ოსასუნა-სპორტინგი 2:1
ოსასუნა (4-4-2): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, როვერსიო, სერხიო (61. ფლანიო), ბაიტალა - სეხუდო, პუნიალი, ლოლო, ლამა (78. კალეხა) - კიკე სოლა (70. რ. გარსია), ნინო.
სპორტინგი (4-2-3-1): ხ. პაბლო - დ. სუარესი, ბოტია, ი. ერნანდესი, კანელია - ეგურენი (46. აიოსე), ს. ალვარესი - ტრეხო (74. ბარალი), ა. კაშტრო (46. რივერა), დე ლას კუევასი - სანგოი.
გოლები: 1:0 ნინო (28), 2:0 სეხუდო (30), 2:1 ბარალი (75)
გაფრთხილება: ფლანიო, კალეხა - ალვარესი, ეგურენი, სანგოი
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 21-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 21-10 (7-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 18 000

რაიო ვალეკანო-სარაგოსა 0:0
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): დანი - ტიტო, არიბასი, ხორდი, კასადო - მოვილია (80. დელიბაშიჩი), ფუეგო - პიტი, ტრაშორასი (63. ტამუდო), ბოტელიო (60. ლასი) - მიჩუ.
სარაგოსა (5-4-1): რობერტო - ხუარესი, დ. სილვა, მეირა, მატეოსი, პარედესი - ლ. გარსია, პონსიო, რუბენ მიკაელი (53. ბარერა), ლაფიტა (71. ხუან კარლოსი) - პოშტიგა (89. ბრაულიო).
გაფრთხილება: კასადო, დელიბაშიჩი, პედრო, მიჩუ - და სილვა, მატეოსი, ხუარესი, პოშტიგა
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 20-7 (5-1); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 13 000

მომდევნო ტური
17 სექტემბერი: სპორტინგი-ვალენსია, გრანადა-ვილიარეალი, მალიორკა-მალაგა, ბარსელონა-ოსასუნა.
18 სექტემბერი: სევილია-რეალ სოსიედადი, ხეტაფე-რაიო ვალეკანო, სარაგოსა-ესპანიოლი, ატლეტიკო-რასინგი, ლევანტე-რეალი.
19 სექტემბერი: ბილბაო-ბეტისი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული