ტური, როცა ჩემპიონმა ჩაიმუხლა

AutoSharing Option
ეს საშიში და ბედნიერი "მალაგა"
დავიწყოთ ორშაბათის მატჩით, რომელსაც უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე - რამდენად სერიოზულია "მალაგას" განაცხადი ამ სეზონში, შეძლებს თუ არა არაბული ფულით მოფრთიანებული კლუბი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას. ბოლოს და ბოლოს ეს იყო მცირე ანდალუსიური დერბი.

მიუხედავად იმისა, რომ "მალაგამ" მეტოქე 4:0 მოსრა, ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, სამაგიეროდ უკვე ვიცით, რა ელის "გრანადას", დებიუტანტი ძალიან სუსტია და პრიმერაში დარჩენა მისთვის ტიტულის მოპოვების ტოლფასი იქნება.

"ლა როსალედაზე" კი მოვლენები ასე განვითარდა: "მალაგას" ორმა ფრთამ, ორმა უმთავრესმა შენაძენმა,
სანტი კასორლამ და ხოაკინ სანჩესმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს "გრანადას" გოლკიპერ რობერტო ფერნანდესს და საბოლოოდ გამოვიდა 4. ჩილელი მანუელ პელეგრინი გუნდს 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშებს.

უტევს ვეტერანი რუუდ ვან ნისტელროი, თუმცა ჰოლანდიელი თავს მარტო სულ არ გრძნობს - მას სამი შემტევი ეხმარება, კასორლა, ხოაკინი და არგენტინელი დიეგო ბუონანოტე, მათ უკან კი ტულალანი და დუდა დგანან. არც დაცვას დაეწუნება რამე, ფლანგებზე გამესი და ელიზეუ მოქმედებენ, ცენტრში მატეისენი და დემიკელისი.

პელეგრინის სხვა ფეხბურთელებითაც შეუძლია თამაშის გაძლიერება, ამისთვის არიან გამოცდილი მარესკა, რონდონი და ისკო (დიახ, ჩვენი ახალგაზრდულის ამწიოკებელი ისკო). წარმოიდგინეთ, ჩილელ თავკაცს ამ თამაშში არ დასჭირვებია ნაჩო მონრეალისა და სება ფერნანდესის დახმარება. შემადგენლობით "მალაგა" მართლაც საშიში გუნდია.

ამ შეხვედრაში განსაკუთრებით სანტი კასორლას თამაშს გამოვყოფთ, კლუბის რეკორდულმა შენაძენმა უბრალოდ იფრინა - დუბლს ერთი საგოლე პასიც მოაყოლა. მოკლედ, 30 ათასელი მალაგელი ორშაბათს შინ ბედნიერი და იმედიანი წავიდა.

"ბარსა"-"რეალობა"
ესპანური ფეხბურთის ორ გრანდს სად აქვს საფიქრალი და გასაანალიზებელი დრო, "ბარსა" და "რეალი" უკვე ჩემპიონთა ლიგის ბატალიებში არიან თავით გადაშვებულნი, მე-2 ტური (რიგით მე-3) მათთვის უკვე წარსულია. შეგახსენებთ, რომ ამ ტურმა "რეალს" "ბარსასთან" +2 დაუწერა, უფრო ზუსტად კატალონიელებმა პასივში მინუს ორი მიიღეს.

"რეალ სოსიედადთან" 2:2-ზე მტკივნეული ჩილელი ალექსის სანჩესის ტრავმა გამოდგა - 30-ე წუთზე ალექსისი მარცხენა ფლანგზე გაიჭრა, მაგრამ ის ბასკთა მარჯვენა მცველმა ესტრადამ შეაჩერა, 22 წლის ფეხბურთელს 8 კვირა უქმობა ანუ "ბარსას" 13 მატჩის გამოტოვება დაუდგინეს. კატალონიაში ის ახარებთ, რომ სესკ ფაბრეგასი ბრწყინვალედ მოერგო მშობლიურ გუნდს - 179 წუთში მან უკვე 3 გოლი გაიტანა და თავი სხვა მხრივაც გამოიჩინა.

ახლა რა ხდებოდა "რეალის" ბანაკში - მიუხედავად იმისა, რომ მსაჯი წაეხმარა "სამეფო კლუბს", მაინც ვერ ვიტყვით, რომ მისი გამარჯვება მცირე მადრიდულ დერბიში (4:2 "ხეტაფესთან") დაუმსახურებელი ანაც არადამაჯერებელი იყო. გამოჩნდა ისიც, რომ "ხეტაფე" ბევრს გაამწარებს ამ სეზონში. იკერ კასილიასს კი "რეალში" დებიუტის 12 წელი შეუსრულდა.

ლეო ვს რონი, დუბლი II
ამ ტურში თანამედროვეობის ორი ვარსკლავი არათანაბარ პირობებში ჩააყენეს, გვარდიოლამ გადაწყვიტა ლეო მესის დასვენება და ის მოედანზე მხოლოდ მაშინ შეიყვანა, როცა ძალიან დასჭირდა, მოურინიომ კი სრულად დატვირთა კრიშტიანო რონალდო.

რას გახდა მესი შეზღუდულ დროში, ერთხელ ძალიან მწვავედ დაარტყა, ერთხელაც "რეალ სოსიედადის" საჯარიმოში შეიჭრა, სადაც მოცელეს თუ წაიქცა. მსაჯი არგენტინელის მხარეს არ დადგა და ლეომაც სეზონში პირველი გაფრთხილება მიიღო... სიმულაციისთვის. რონალდო ჩვეულად აქტიურობდა, მისივე წაქცევისთვის არასწორად დანიშნული პენალტი გოლად (მე-4 სეზონში) აქცია და ამის მერე გააკეთა ფენომენალური 50-მეტრიანი საგოლე პასი, რომლის ადრესატიც ბენზემა გახლდათ.

28 წუთში მესიმ 4-ჯერ დაარტყა კარისკენ, 2-ჯერ ზუსტად, 2-ჯერ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, ამდენჯერვე თავად იყო დამნაშავე. კრიშტიანო რონალდომ კარისკენ 9-ჯერ გაისროლა, რომელთაგანაც 4 დარტყმა ზუსტი იყო, რონალდო 2-ჯერ მოცელეს. "გოლის" შეფასებები: მესი - 5, რონალდო - 7. დუბლი I 1:1 დასრულდა, დღეიდან წინ პორტუგალიელია - 2:1.

ტურის სიმბოლური ნაკრები
გოლ.კომ. 3-4-3

მეკარე
რობერტო ხიმენესი (სარაგოსა, 2): გახსოვთ რობერტო პირველ ტურშიც სიმბოლურში მოხვდა, არადა, 6 გოლი გაუშვა. ახლა მან კარი მშრალად შეინახა მეორე მადრიდულ კლუბთან, "რაიო ვალეკანოსთან" თამაშში. 70-ე წუთზე მან ხავი ფუეგოს პენალტი მოიგერია, აუღო პიტის და დელიბაშიჩსაც.

მცველები
ინიგო მარტინესი (რეალ სოსიედადი, 1): თავიდან კი გაუჭირდა "ბარსელონასთან", მაგრამ ცენტრალურმა მცველმა II ტაიმში დიდებულად ითამაშა. ის კი არა, გვიანი თავურით კინაღამ სამი ქულაც კი მოუტანა ბასკებს.
ალექსისი (სევილია, 1): "სევილიას" მცველმა თავურით ქულა გადაურჩინა ანდალუსიურ კლუბს, მატჩში, სადაც რიცხობრივ უპირატესობაში მოთამაშე სტუმრები ამას სულაც არ იმსახურებდნენ.

კატა დიასი (ხეტაფე, 1): მიუხედავად იმისა, რომ "ხეტაფემ" "ბერნაბეუზე" 4 გოლი გაუშვა, ის ძლიერი იყო "მეორე სართულზე" და კარგად იწყებდა გუნდის შეტევებსაც.

ნახევარმცველები
კრიშტიანო რონალდო (რეალი, 2): საეჭვო პენალტი და მსოფლიო კლასის საგოლე პასი "ხეტაფესთან" მატჩში.
მესუთ იოზილი (რეალი, 1): გერმანელის "მკვლელი პასები" უკვე საარაკო თემაა მადრიდში.

ასიერ ილარამენდი (რეალ სოსიედადი, 1): მას გრძელი ბასკური გვარი აქვს, ძნელად დასამახსოვრებელი, მაგრამ მისი თამაში "ბარსასთან" (განსაკუთრებით, მეორე ტაიმში) შთამბეჭდავი გახლდათ.
ხესუს ნავასი (სევილია, 1): ძველი ხესუს ნავასის დაბრუნება ამ მატჩში მოხდა.

თავდამსხმელები
იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი, 1): კიდევ ერთი ბასკი სიმბოლურში, კვლავ დამსახურებულად, გაიტანა ერთი გოლი და მეორეშიც ლომის წილი დაიდო, არ დაგავიწყდეთ - "ბარსას" კარში.

სერხიო გარსია (ესპანიოლი, 1): დავიდ და ლუის გარსიების წასვლის შემდეგ, "ესპანიოლში" მხოლოდ სერხიო დარჩა, "ბილბაოსთან" მან დუბლი შეასრულა.
მიკუ (ხეტაფე, 1): ორი გოლი "რეალის" კარში.

ჩვენი მხრიდან: სიმართლე ვთქვათ, "გოლის" სიმბოლური ნაკრები ძალიან არ მოგვწონს. გაუგებარია, რატომ ვერ მოხვდა რჩეულთა გუნდში სანტი კასორლა, ქარიმ ბენზემა, სესკ ფაბრეგასი და ჯუზეპე როსი.

ტურის გმირი
რობერტო სოლდადო (ვალენსია). დიახ, ისევ რობერტო სოლდადო, რადგან ისევ "გენერალ-კაპიტანმა" მოაგებინა "ღამურებს". ამჯერად, მისი გოლი არა მარტო გამარჯვებისა იყო, არამედ, ერთადერთიც "ატლეტიკოს" კარში.

ტურის ფრაზები
ხოსეპ გვარდიოლა: "ეს სამომავლო გაკვეთილია - უკვე ცხადია, რომ შარშანდელი თამაშით ჩემპიონობას ვეღარ შევინარჩუნებთ" - "რეალ სოსიედადთან" 2:2-ის შემდეგ.

ჟოზე მოურინიო: "პენალტი, რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ რონალდო სიმულიანტი არ არის ზოგიერთი ცნობილი გუნდის ფეხბურთელებივით", - "ხეტაფესთან" საეჭვო პენალტის შესახებ.

სერხიო ბუსკეტსი: "გასულ წელსაც ცუდად დავიწყეთ სეზონი. თუ გახსოვთ, სულაც წავაგეთ "ერკულესთან". მთავარია შეცდომები გავაანალიზოთ და აღარ დავუშვათ. სანერვიულო სულ არაფერია".

მანუელ პელეგრინი: "ისინი რომელთაც ჩვენი შესაძლებლებისა არ სწამდა, ღირსეულ პასუხს მალაგაში ვიზიტისას მიიღებენ".

მარსელინო: "ეს ქულა არ გვეკუთვნოდა, რადგან "ვილიარეალმა" აშკარად გვაჯობა", - "სევილიას" თავკაცი ვალენსიაში 2:2-ის შემდეგ.

მარსელო ბიელსა: "არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, ამიტომაც წავაგეთ", - "ბილბაოს" თავკაცი კატალონიურ მარცხზე.

ექტორ კუპერი: "წინ თუ გავიხედავთ, უნდა გვეშინოდეს მომავლის", - პესიმისტია საქართველოს ნაკრების ყოფილი მესაჭე "რასინგის" პერსპექტივების შეფასებისას.

რობერტო სოლდადო: "არავის არ დავუთმობთ ტიტულს", - დიდ გულზეა "ვალენსიას" ლიდერი.

ტურის მსხვერპლნი
ტრავმები მიიღეს: ალექსის სანჩესმა (ბარსელონა, 8 კვირა), ანდერ ერერამ (ბილბაო, 4-6 კვირა), ხუან ალბინმა (ესპანიოლი).

ტურის კურიოზი
ხორხე მოლინა (ბეტისი)
არა, ეს უნდა გენახათ, აღწერა ძნელია - I ტაიმში "ბეტისი" უტევდა "მალიორკას", როცა 29 წლის ხორხე მოლინას თანაგუნდელის დარტყმული ძელმა მოიგერია და წინ მქროლ მოლინას, ბურთი კარის ხაზიდან 3 მეტრში თავში მოხვდა, მაგრამ არ გავიდა - მოლინამ ხარიხას გაარტყა, სანამ დუდუ ავატე უკან დაბრუნდებოდა, მოლინამ ნახევარი მეტრიდან ფეხით დამატება მოასწრო, მაგრამ ბურთი ისევ ხარიხას გაარტყა.

23 წლის ასაკამდე ცენტრფორვარდი ტერსერა დივიზიონში თამაშობდა, შემდეგ დააწინაურეს სეგუნდაში. 29 წლის მოლინა "მალიორკასთან" პირველად თამაშობდა ლა ლიგის მატჩში ძირითადში და შეეძლო (ვალდებულიც იყო) ეს გოლით აღენიშნა.

ტურის სტატისტიკა
26 გოლი (2,6 მატჩში). მასპინძლებმა მოიგეს 6, 4 მატჩი დასრულდა ფრით, სტუმრებს არ მოუგიათ. მსაჯებმა 48 ყვითელი ბარათი და 2 წითელი (დიეგო ლოპესი, პაპე დიოპი) აჩვენეს.

დუბლი: სერხიო გარსია (ესპანიოლი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ხოაკინი (მალაგა), სანტი კასორლა (მალაგა), მიკუ (ხეტაფე).

გაცუდებული პენალტები: ალვარო ნეგრედო (სევილია), ხავი ფუეგო (რაიო ვალეკანო).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ალვარო ვადილიო (ბეტისი, 21 წუთი შეცვლაზე) - 16 წლისა და 364 დღის (მეორე დღეს გახდა 17 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 76 000- "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 900 - "ტერესა რივერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 25 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 10 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 21 - ბილბაო
ყველაზე მეტი კუთხური: 8 - სპორტინგი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - ვილიარეალი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 74% - ბარსელონა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული