დიეგოს ბრწყინვალე დებიუტი

AutoSharing Option
"მალაგას" თავკაც მანუელ პელეგრინის სასიამოვნო პრობლემა გაუჩნდა - გუნდს დაუბრუნდა გამოჯანმრთელებული ფორვარდი ჟულიო ბაპტიშტა და ახლა მან არ იცის რა მოიმოქმედოს - შეცვალოს 4:0 მომგები შემადგენლობა თუ არა.

ბრაზილიელი იტალიიდან გადავიდა ანდალუსიაში და კლუბს იდეალურად მოერგო - 11 მატჩში 9 გოლი გაიტანა. არადა, ხშირად ბაპტიშტას შემტევ ნახევარმცველად ათამაშებდნენ. ახალ სეზონში კი მას ჯერ არ მიუღია მონაწილეობა.

ორშაბათის მატჩის შემდეგ პელეგრინი ამბობდა, რომ შემადგენლობას არ გამოცვლიდა, მაგრამ ამის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა 29 წლის ბაპტიშტა, რომელსაც ბრაზილიის ნაკრებში 47 თამაშში 5 გოლი
აქვს გატანილი. აბა ასეთ ფეხბურთელზე პელეგრინი უარს როგორ იტყვის...

ნავარელთა გასაჭირი
პამპლონის "ოსასუნა", რომელიც ხვალ "კამპ ნოუს" ეწვევა, ცენტრალური მცველის გარეშე დარჩა - სერხიო ფერნანდესმა ოთხშაბათის ვარჯიშზე მიიღო ტრავმა. 34 წლის სერხიომ პირველი ხარისხის დაზიანება მიიღო მარჯვენა ფეხზე და, სულ მცირე, 3 კვირა მოუწევს უფეხბურთოდ დარჩენა.

სამაგიეროდ, ნავარულ კლუბს ანუნზიატა დაუბრუნდა და ის "ბარსელონასთან" თამაშსაც შეძლებს, თუკი მენდილიბარი შემადგენლობაში დააყენებს. სერხიო ფერნანდესი ასტურიული საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ის 2008 წლიდან თამაშობს "ოსასუნაში", მანამდე კი "სპორტინგში", "სელტაში" და "სარაგოსაში" ასპარეზობდა.


დიეგოს ბრწყინვალე დებიუტი
"ალმერიადან" "ვალენსიაში" გადასულმა დიეგო ალვეშმა შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა - 26 წლის ბრაზილიელი უნაი ემერიმ "გენკთან" მატჩში კარში ჩააყენა და ალვეშმაც ფანტასტიკურად ითამაშა.

თუმცა შაბათს, ჩემპიონატის მატჩში მას ისევ სათადარიგოთა სკამზე მოუწევს დაჯდომა - "სპორტინგთან" "ღამურების" კარს ვისენტე გუაიტა დაუბრუნდება. დიეგო ალვეშმა "მარკასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამისგან ტრაგედიას არ შექმნის: "მწვრთნელის გადასაწყვეტია ვინ ითამაშებს.

მთავარია, რომ ემერი თავის გამოჩენის შანსს მეც მაძლევს. რა თქმა უნდა, რომ ვითამაშო გამიხარდება, მაგრამ ჩემს შანსს კიდევ მოთმენით დაველოდები", - განაცხადა ბრაზილიელმა. ალვეში "ატლეტიკო მინეიროდან" გადავიდა "ალმერიაში", სადაც 4 სეზონი გაატარა. "ღამურებმა" მას დიდი ხნის წინათ დაადგეს თვალი, თუმცა ტრანსფერი ამ ზაფხულს შედგა, დებიუტი კი სწორედ "გენკთან" იყო.

კრიშტიანო - 500
ზაგრების "დინამოსთან" მატჩი მე-500 იყო კრიშტიანო რონალდოს პროფესიულ კარიერაში. 26 წლის პორტუგალიელმა საკლუბო დონეზე 416 მატჩი ჩაატარა ("სპორტინგი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალი"), დანარჩენი კი სანაკრებო მატჩებზე მოდის. 500 შეხვედრაში "რეალის" ლიდერმა 244 გოლი გაიტანა, ანუ თითქმის ყოველ ორ მატჩში ერთი.

ყოფილმა ახლანდელი დაიცვა
ბილბაოს "ატლეტიკის" ყოფილმა თავკაცმა ხოაკინ კაპაროსმა განაცხადა, რომ გუნდის ახალ თავკაცს, მარსელო ბიელსას დრო უნდა მიეცეს, ახლავე მისგან კარგი შედეგების მოთხოვნა არ შეიძლება.

ორი ტურის შემდეგ ბასკებს მხოლოდ ქულა აქვთ, არგენტინელ სპეციალისტს კი უკვე მწვავედ აკრიტიკებენ. "ბიელსას დრო ესაჭიროება. მე მას წარმატებას ვუსურვებ. "ატლეტიკში" ყველაფერია წარმატებისთვის, კარგი მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები. ბიელსა გამოცდილი მწვრთნელია, რომელსაც წარმატებები სანაკრებო დონეზე აქვს მოპოვებული", - დაიცვა შემცვლელი კაპაროსმა.

ალბინი საოპერაციოა
გაირკვა "ესპანიოლის" ნახევარმცველის ხუან ალბინის ტრავმის სირთულე - 25 წლის ურუგვაელი კატალონიელებს 2-3 თვით დააკლდება. მან მარჯვენა ფეხის კუნთი გაიწყვიტა და ოპერაცია სჭირდება, რომელიც ცნობილმა ბარსელონელმა ექიმმა კუგატმა უნდა გაუკეთოს.

სამხრეთამერიკელი "ბილბაოსთან" მატჩში დაიმტვრა და მე-12 წუთზე შესაცვლელი გახდა. მაურისიო პოჩეტინოს მარცხენა ფლანგზე პრობლემები შეექმნა - ალბინის შემცვლელი მან ტიევის, ვეისსა და რუი ფონტეს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. ხუან ალბინი "ესპანიოლმა" "ხეტაფესგან" ახლახან შეიძინა და მის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა.

ლუის გარსია დასაჯეს
"ხეტაფეს" თავკაცი ლუის გარსია 2 თამაშით დასაჯეს. შეგახსენებთ, რომ "ლევანტეს" ყოფილი თავკაცი "რეალთან" მატჩის 86-ე წუთზე გააძევეს.

მან ხმამაღალი ყვირილით გამოხატა პროტესტი კარლოს კლოს გომესის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც, სხვათა შორის, სუსტად იმსაჯა მადრიდულ დერბიში. ამ ტურში გააძევეს "ვილიარეალის" გოლკიპერი დიეგო ლოპესი და "რასინგის" ნახევარმცველი პაპა დიოპი. ისინი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციებით დასაჯეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული