სპორტინგი-ვალენსია 20:00
ტრავმა: ბილიჩი, ლორა, კასესი - ბრუნო
გრანადა-ვილიარეალი 20:00
დისკვალიფიკაცია: დ. ლოპესი (ვილიარეალი)
ტრავმა: დ. კორტესი, ხუან ხოსე - საპატა, პერესი, ა. ლოპესი
მალიორკა-მალაგა 20:00
ტრავმა: მარტი, პერეირა, ნუნიეში - ველიგტონი, სტადსგაარდი
ბარსელონა-ოსასუნა 22:00
ტრავმა: პიკე, სანჩესი, ინიესტა - ეჩაიდე, ნეკუნამი, ანუნზიატა (?), რიესკო, სერხიო
სევილია-რეალ სოსიედადი 00:00
ტრავმა: ელუსტონდო, ვიგერა, ბერგარა (სოსიედადი)
ხვალ
ხეტაფე-რაიო ვალეკანო 14:00
დისკვალიფიკაცია: ლუის გარსია (ხეტ, მწვრთნელი)
ტრავმა: კასტრო, პედრო ლეონი, ლოპო, ალბერტაცი, ლოპესი, გავილანი (ხეტაფე)
სარაგოსა-ესპანიოლი 18:00
ტრავმა: ორიოლი (?) - ალბინი,
ატლეტიკო-რასინგი 20:00
დისკვალიფიკაცია: დიოპი (რასინგი)
ტრავმა: ტორეხონი, კენედი, კოლსა (რასინგი)
ლევანტე-რეალი 22:00
ტრავმა: ხორდა, ფარინოსი, დელ ორნო - შაჰინი, ალთინთოპი, კაკა
ბილბაო-ბეტისი 00:00
ტრავმა: კასტილიო, ანდერი, ოსიო - როდრიგესი, მარიო, ტოშიჩი
ბარსელონელები ამბობენ, რომ დღეს "კამპ ნოუზე" ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ვნახოთ, ხოსეპ გვარდიოლას გუნდს მართლაც ძალიან ესაჭიროება "ოსასუნასთან" მოგება, თანაც რაც შეიძლება დამაჯერებლად. ამასობაში, ხორვატიამოვლილი "რეალი" ვალენსიაში ჩადის, ოღონდ, "ღამურების" ნაცვლად მოკრძალებულ "ლევანტეს" გაეჯიბრება. აბა, ჯერ რა დროს ლიდერობაზე ლაპარაკია - მაგრამ დაუმარცხებელი მხოლოდ სამი გუნდია, "რეალთან" ერთად 6-6 ქულა "ვალენსიას" და პრიმერაში დაბრუნებულ "ბეტისს" აქვთ. "ვალენსია" ხიხონში "სპორტინგს" ეწვევა, ხოლო ტურის ბოლო მატჩში სევილიელები ბილბაოს "ატლეტიკს" ეწვევიან, ცენტრალურ მატჩადაც სწორედ ეს დაპირისპირება მიგვაჩნია...
პიკე პაპის ნაკვალევზე ხტის
პარასკევს "სიუტატ ესპორტივაზე" "ბარსას" 18 ჯანმრთელი პირველგუნდელი და სამიც სარეზერვოს ფეხბურთელი ვარჯიშობდა. ჩემპიონთა ლიგის დრამატული მატჩის შემდეგ გვარდიოლამ გუნდი მხოლოდ ერთი დღით დაასვენა. საინტერესოა ალბათ, თუ ვინ დაამატა ამჯერად პეპმა ბ გუნდიდან - ესენია: ესპინოსა, მუნიესა და ლობატო. არა გვგონია, რომ რომელიმეს შანსი ჰქონდეს, თუნდაც "ოსასუნასთან" მატჩის განაცხადში მოხვედრის. ბუნებრივია, არსად ჩანდნენ პიკე, სანჩესი და ინიესტა. მათ სხვადასხვა სახის ტრავმები აქვთ და "ოსასუნასთან" თამაშის შანსი არა აქვთ.
სხვათა შორის, ეს არ იყო "ბარსას" ბოლო რეპეტიცია, დღეს დილით გუნდი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და მსუბუქ ვარჯიშს ჩაატარებს, 18 კაცს გვარდიოლა სწორედ მაშინ დაასახელებს.
სხვათა შორის, მენდილიბარის გუნდსაც 4 ქულ აქვს პირველი ორი ტურის შემდეგ, "ოსასუნამ" მადრიდში "ატლეტიკოსთან" ფრიად საპატიო ფრე ითამაშა და შინ "სპორტინგს" 2:1 მოუგო. ნავარელებს დაცვის ერთ-ერთი ბურჯი სერხიო სანჩესი ვარჯიშზე დაემტვრათ. არადა, პამპლონური გუნდის ლამის ნახევარი ისედაც ლაზარეთშია.
გვარდიოლა, ტრადიციულად მედიას წარუდგა, თუმცა თქვა რომ არაფრის შეცვლას არ გეგმავს და არც სურს: "მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ისევ ისე იშრომონ, როგორც ბოლო დღეებში. თუ არ თამაშობ კარგად, ვერ მოიგებ, მაგრამ ხანდახან კარგად თამაშობ და მაინც ვერ იგებ. ამიტომაც, მინდა რომ ბიჭებმა ისე ითამაშონ, როგორც "რეალ სოსიედადთან" და "მილანთან" გაისარჯნენ. იტალიელებთან მატჩში 21-ჯერ დავარტყით კარისკენ, 70% ბურთის ფლობა გვქონდა და მოგების სურვილი გვქონდა. ეს თუ არ არის კარგი თამაში, მაშ რაა", - განაცხადა გვარდიოლამ. შორს მიმავალ გეგმებზე ლაპარაკისას პეპმა პირობა არ დადო, რომ ტიტულებს მოიგებს, მან თქვა, რომ ყველაფერი უნდა მიიღწეს ნაბიჯ-ნაბიჯ. მოკლედ, "ბარსას" თავკაცი მეტისმეტად ფრთხილობს: "დღეს ისე ჩანს, რომ უსაინ ბოლტის მომგები მძლეოსნობაში ვერავინაა, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს დროც მოვა? შეიძლება, მომავალში ვიღაცამ ჩვენი მიღწევაც, 15-დან 12 ტიტულის მოგება, გააუმჯობესოს", - აცხადებს გვარდიოლა.
ჟერარდ პიკე, მოგეხსენებათ, ტრავმირებულია - მას ბევრი თავისუფალი დრო აქვს, რომელიც ეტყობა უცნაურ ფიქრებში გაატარა, შემდეგ კი თავისი წადილი "ელ მუნდო დეპორტივოს" გაანდო - პიკემ თქვა, რომ "ბარსაში" ფეხბურთელობის შემდეგაც სურს დარჩენა, მისი მიზანი კი კლუბის პრეზიდენტობა ყოფილა. სხვათა შორის, პიკეს ოჯახურ ტრადიციად მოსდგამს ბარსელონელობა - მისი პაპა, ამადორ ბერნაბეუ "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი იყო - შვილიშვილს სურს აჯობოს წინაპარს.
ბარსელონა (სავარაუდო შემადგენლობა): ვალდესი - ალვეში, მასკერანო, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - პედრო, მესი, ვილია.
ყველაზე მომგებიანები მსოფლიოში
მადრიდის "რეალმა" ხორვატიაში უჩვეულო წითელი ფორმით ითამაშა, თუმცა ზედიზედ მესამე ოფიციალურ შეხვედრაში იმარჯვა. "რეალი" "ლევანტეს" ეწვევა, სტატისტიკა "სამეფო კლუბის" მხარესაა. ბოლო 9 საჩემპიონატო მარცხია, ჟოზე მოურინიოს გუნდი სტუმრად არ მარცხდება. რომელ წაგებაზეა ლაპარაკი, ამ ცხრიდან "რეალმა" 8 მოიგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ფრედ, 30 გოლი გაიტანა და მხოლოდ 8 გაუშვა. ახლა პორტუგალიელის გუნდს ზედიზედ ორი საგარეო მატჩი ელის, ჯერ ვალენსიაში, შემდეგ კი "ელ სარდინიეროზე" ექტორ კუპერის "რასინგთან" (ესპანეთში შუა კვირაშიც ტურია).
ხუთშაბათს სამშობლოში დარბუნებულმა გუნდმა დაისვენა, ვარჯიშები კი პარასკევს განაახლა. გუშინდელი ვარჯიში მოურინიომ დახურა, გარდა პირველი 15 წუთისა. ერთი სიახლე ისაა, რომ თურქი ახალწვეული ჰამით ალთინთოპი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა. თუმცა მას "ლევანტესთან" ალბათ ვერ ვიხილავთ.
და აი, მთავარი სიახლე "რეალის" ბაზიდან - გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა კრიშტიანო რონალდომ. პორტუგალიელს ხორვატიაში კოჭი უტკენია. კვირამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ მადრიდელებს, შესაძლოა, ლიდერი ვალენსიაშიც დააკლდეთ. არადა, 26 წლის რონალდომ სეზონი დიდებულად დაიწყო - ორ ტურში 4 გოლი გაიტანა.
გუშინ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ სიამაყით გამოაცხადა "რეალის" ფინანსური წარმატება - "სამეფო კლუბმა" ფინანსური წელიწადი (რომელიც 1 ივნისს დასრულდა) 480 მილიონ ევროიანი შემოსავლით დაასრულა. "რეალის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ ერთ წელიწადში მსოფლიოს არც ერთ სპორტულ ორგანიზაციას არ მოუტანია ამხელა შემოსავალი.
ვალენსიაში "რეალს" არ ეყოლება ნური შაჰინი და კაკა, ორივე ტრავმირებულია, მასპინძლებს არ ეყოლებათ ორი გამოცდილი ფეხბურთელი, ფარინოსი და დელ ორნო. აქაც ტრავმებია დამნაშავე.
რეალი (სავარაუდო შემადგენლობა): კასილიასი - სერხიო რამოსი, რიკარდო კარვალიო, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო, ფაბიო კოენტრაო - დი მარია, იოზილი, რონალდო (ან კალეხონი) - ბენზემა.
სხვადასხვა პოლუსებზე
"ბაიერნისგან" გალახული "ვილიარეალი" ანდალუსიაში ჩადის, სადაც მას დებიუტანტი "გრანადა" ელის, გუნდი, რომელსაც პრიმერაში ჯერ არც ქულა აქვს მოპოვებული და არც გოლი გატანილი. სიმართლე ითქვას, "მალაგასთან" შეხვედრაში "გრანადამ" უსუსური შთაბეჭდილება დატოვა. და თუ ასე გააგრძელა, პრიმერაში დარჩენის შანსი არ ექნება.
ერთადერთი, რაც მომავალ მასპინძლებს ანუგეშებს ისაა, რომ მათ თითქმის ყველა ფეხბურთელი ჯანზე ჰყავთ. ანდალუსიელებს არ ეყოლებათ მცველი დავიდ კორტესი და მეკარე ხუან ხოსე. გუნდის ბომბარდირი ალექს გეიხო უკვე საერთო ჯგუფში ვარჯიშობს და შესაძლოა, ის "წყალქვეშა ნავთან" მატჩში ვიხილოთ. ვალენსიელთა რიგებში დისკვალიფიცირებულ დიეგო ლოპესს 40 წლის სესარ სანჩესი შეცვლის.
ასტურიაში ნულ-ქულიანი "სპორტინგი" 6-ქულიან "ვალენსიას" მასპინძლობს. ცხრილის პოლუსებზე ყოფნის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ "ღამურებს" იოლი გასეირნება ელით. ბრუნო ისევ ვერ დაეხმარება უნაი ემერის გუნდს, ასე რომ მარჯვენა ფლანგზე კვლავ მიგელი გაირჯება. სხვათა შორის, მიგელს უცნაური რამ დაემართა, მაშინ როცა "ვალენსია" ბელგიაში მიემგზავრებოდა, მას ალერგიული შეტევა მოუვიდა, რის გამოც კლუბი ოდნავ მოგვიანებით გაემგზავრა "გენკთან" სათამაშოდ. ახლა ყველაფერი რიგზეა და მიგელი ითამაშებს. რობერტო სოლდადო შეეცდება დიდებულად დაწყებული სეზონი ასტურიაშიც სათანადოდ განაგრძოს. "სპორტინგს" არ ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი - ნაჩო კასესი, ის ტრავმირებულია. საეჭვოა ალბერტო ლორას და ივან ერნანდესის თამაშიც.
ახალი სეზონის ყველაზე საინტერესო გუნდი "მალაგა" ბალეარის კუნძულებს ეწვევა და მიქაელ ლაუდრუპის "მალიორკას" გაეჯიბრება. ანდალუსიელებს არ ეყოლებათ მცველები, ველიგტონი და სტადსგაარდი. შესაძლოა, ამ თამაშში პირველად ვიხილოთ რუუდ ვან ნისტელროისა და ჟულიო ბაპტიშტას წყვილი შეტევაში, ეს კი ერთობ საინტერესო იქნება. "მალიორკას" კვლავ არ ეყოლება მიშელ პერეირა, ფრანგმა ამხანაგურ მატჩში დაიშავა მუხლი, მარტის თამაში საეჭვოა, ხოლო კაპიტანი ნუნიეში კიდევ 6-8 თვე ვერ ითამაშებს ფეხბურთს (თუკი საერთოდ შეძლებს გამოჯანმრთელებას).
მარსელინოს "სევილია" მე-2 ტურის გმირ გუნდს, "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს. ანდალუსიელებს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ. მცირე მადრიდული დერბი "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" გაიმართება, სადაც "ხეტაფე" "რაიო ვალეკანოს" მასპინძლობს. მასპინძლებს მწვრთნელი ლუის გარსია დააკლდება, რომელსაც "რეალთან" თამაშში გაძევებისთვის 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. "სარაგოსას" ახალწვეულის, ედუ ორიოლის თამაში საეჭვოა, მაგრამ ეს არაფერია "ესპანიოლის" დანაკარგთან, მაურისიო პოჩეტინოს ლამის ნახევარი გუნდი აკლია, თუმცა არგენტინელი თავკაცი ამას უკვე მიეჩვია. "ატლეტიკო" კუპერის "რასინგთან" აშკარა ფავორიტია. მასპინძლებს კვლავ არ ეყოლებათ დიეგო კოშტა, მაგრამ თავდასხმაში მადრიდელებს უკვე აღარ უჭირთ. "რასინგს" დისკვალიფიცირებული პაპე დიოპი დააკლდება, მაგრამ არის შანსი, რომ გუნდს გონსალო კოლსა დაუბრუნდეს.
ცენტრალური მატჩი
"სან მამესი" საინტერესო მატჩს ელის, რომელიც ბასკ ქომაგთათვის სამწუხაროდ ანდერ ერერას გარეშე ჩაივლის. ანდერს წინა ტურში მუხლმა უღალატა და "ბილბაოს" ახალწვეული 2 თვე ვერ დაეხმარება თავის გუნდს. მარსელო ბიელსას შემადგენლობის გადაწყობა მოუწევს, რადგან ფეხბურთელები ევროპალიგაში ასპარეზობის გამო გადაიღალნენ. ვნახოთ, ათამაშებს თუ არა არგენტინელი ანდონი ირაოლას. ბიელსამ, რატომღაც აითვალწუნა ესპანეთის ნაკრების წევრი და პირველ ორ ტურში არ ათამაშა, თუმცა ისიც აღიარა, რომ შემადგენლობის დაყენებაში შეცდა. "ბეტისის" თავკაცი პეპე მელი მიიჩნევს, რომ გუნდის ლიდერობა დროებითი მოვლენაა და პირველი რამდენიმე ტური ცხრილისთვის შეხედვაც კი არ ღირს. "ბეტისს" 1 თვით დააკლდა გონსალო კასტრო, საეჭვოა ახალწვეულ როკე სანტა კრუსის თამაშიც. ვფიქრობთ, დიდი შანსია, ანდალუსიელებმა პირველი ქულები დაკარგონ ჩემპიონატში.
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 2 2 0 0 10-2 6
2. ვალენსია 2 2 0 0 5-3 6
3. ბეტისი 2 2 0 0 2-0 6
4. ბარსელონა 2 1 1 0 7-2 4
5. სოსიედადი 2 1 1 0 4-3 4
6. სევილია 2 1 1 0 4-3 4
7. ოსასუნა 2 1 1 0 2-1 4
8. მალაგა 2 1 0 1 5-2 3
9. ესპანიოლი 2 1 0 1 2-2 3
10. მალიორკა 2 1 0 1 1-1 3
11. ვალეკანო 2 0 2 0 1-1 2
12. ლევანტე 2 0 2 0 1-1 2
13. ბილბაო 2 0 1 1 2-3 1
14. რასინგი 2 0 1 1 3-4 1
15. ატლეტიკო 2 0 1 1 0-1 1
16. ხეტაფე 2 0 1 1 3-5 1
17. ვილიარეალი 2 0 1 1 2-7 1
18. სარაგოსა 2 0 1 1 0-6 1
19. სპორტინგი 2 0 0 2 2-4 0
20. გრანადა 2 0 0 2 0-5 0
ბომბარდირები: 4 - სოლდადო (ვალენსია), რონალდო (რეალი); 3 - აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ნეგრედო (სევილია), მიკუ (ხეტაფე)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"