8-კარატიანი ოქრო

AutoSharing Option
სად ხდებოდა III ტურში (რიგითობით IV-ში) ყველაზე საინტერესო მოვლენები? გააჩნია, თქვენ რა უფრო გხიბლავთ - თუკი დაძაბული მატჩი და ზღვარსგადასული ემოციები, მაშინ "ბილბაო"-"ბეტისი" სათქვენოა, თუ გოლთაცვენა - "ბარსა"-"ოსასუნა" აგერ არ არის? აი, თუ მოედნისმიღმა ინტრიგები უფრო გაღელვებთ, პირდაპირ ჟოზე მოურინიოს კომენტარი წაიკითხეთ, რომელსაც "ტურის ფრაზებში" იპოვნით.

ბარსა-რეალობა
ბარსელონა-ოსასუნა 8:0
ლევანტე-რეალი 1:0


ანგარიშებიდანაც კარგად ჩანს ყველაფერი - მაშინ, როცა "ბარსელონამ" 1996 წლის შემდეგ პირველად მოიგო "კამპ ნოუზე" ამხელა ანგარიშით, "რეალმა" ვალენსიაში წაგება მოახერხა, თანაც "ვალენსიასთან" კი არა, ვალენსიის მხარის სიძლიერით მესამე კლუბ "ლევანტესთან".

"ჩვენ დავდგით ნაღდი საფეხბურთო შოუ. ეს ყველაზე ქმედითი პასუხი ჰაერში გამოკიდებულ კითხვებზე, რომლებიც, იმედია, აზრს კარგავენ", - განაცხადა ამაყმა ხოსეპ გვარდიოლამ "ოსასუნას" 8:0 დამარცხების შემდეგ.

სხვათა შორის, პეპმა ნავარული კლუბი შეაქო: "ლიგაში არცთუ ბევრია ისეთი კლუბი, რომელთაც შეუძლიათ "ბარსელონასთან" შეტაკება, "ოსასუნა" ერთ-ერთია. მე ამ გუნდს კარგად ვიცნობ და ხოსე ლუის მენდილიბარსაც დიდად ვაფასებ", - დაგვეთანხმებით, ეს ფრაზა რაღაცით ჭირისუფალთა გასამხნევებელს ჰგავს.

მენდილიბარმა თქვა ის, რაც ჩვენ გუშინ დავწერეთ - ჩვენ "ბარსას" მინი-კრიზისს შევეწირეთო. "უსაშველო არაფერია, როცა ტაიმს 0:5-ს აგებ, უკვე მომდევნო მატჩზე ფიქრობ", - განაცხადა ნავარელთა თავკაცმა.

ყველაზე ნათლად "ბარსას" სათქმელი დავიდ ვილიამ გამოთქვა: "8:0 ჩვენ ძალიან დაგვეხმარება საკუთარი ძალების რწმენაში. ეს თამაში სწორედ საამისოდ გამოგვადგება".

მოდი, კიდევ ერთხელ, "გადავავლოთ თვალი" ამ მატჩს:

"ბარსელონას" ბურთის ფლობის ფანტასტიკური პროცენტი ჰქონა - 79,3%. იყო მომენტები, როცა ეს მაჩვენებელი 90%-ს აღწევდა. "ბარსას" ფეხბურთელებმა გააკეთეს 805 ზუსტი პასი, ნავარელებმა - 119.

18 გასროლიდან კარისკენ 15 წავიდა, აქედან 8 გოლად იქცა, ორი ძელს მოხვდა, ხუთჯერ კი "ოსასუნას" მეკარემ იყოჩაღა. მაშინ როცა, ვიქტორ ვალდესი თამაშში მხოლოდ ერთხელ ჩაერთო.

"ბარსელონამ" ასეთი ანგარიშით შინ ბოლოს "ლოგრონიესს" მოუგო, 1996/97 წლების სეზონში.

"ოსასუნა" დავიდ ვილიას საყვარელი საკბილოა - "ელ გუახემ" კარიერის მანძილზე 13 გოლი გაუტანა ნავარულ კლუბს.

სესკ ფაბრეგასი ერთადერთია "ბარსას" შემადგენლობაში, რომელმაც ჩემპიონატის ყველა მატჩში გამოიჩინა თავი.

ჩავიმ 101-დან 87 ზუსტი პასი გააკეთა, მან ანდრესს თავზე გადაუგდო ბურთი. ეს ჩავის კარიერაში მე-40 საჩემპიონატო გოლია, თუმცა ჩავი არ იყო საუკეთესო მეპასე მატჩში (ეს კი ძალზე იშვიათია) - სესკმა 112-დან 101 ზუსტი პასი გააკეთა.

ტიაგო ალკანტარამ ყველაზე მეტჯერ მოუპოვა "ბარსას" დაკარგული ბურთი - 8-ჯერ.

ეს მატჩი მე-100 იყო კლუბის მაისურით ჩემპიონატის მატჩებში ორი ბარსელონელისთვის - ერიკ აბიდალმა 100-იან თამასას 4 სეზონში მიაღწია, დანი ალვეშმა კი - 3-ში.

რას აკეთებს ჟოზე მოურინიო, როცა უჭირს? მართალია, ის ყველაფერს მსაჯებს აბრალებს. თუმცა "ლევანტესთან" მატჩში ჟოზე შორსაც წავიდა და მსაჯის გარდა სამი ხედირასაც მისდგა. საკუთარი ფეხბურთელის დადანაშაულება კი "განსაკუთრებულს", როგორც წესი, არ ახასიათებს. პორტუგალიელი ამტკიცებს, რომ 62-ე წუთზე "ლევანტეს" ნახევარმცველმა ვისენტე იბორამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამოც პენალტი იყო დასანიშნი, ხოლო იბორას მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეღო.

მოურინიომ მძაფრად გააკრიტიკა მეტოქე გუნდის სათამაშო ტაქტიკა, ხედირას კი დააბრალა ვალენსიელთა დაგებულ ხაფანგში რომ გაები, გუნდი დააზარალეო. მოურინიოს გამონათქვამს სრულად კი ტურის ფრაზებში გთავაზობთ.

ლეო VS რონალდო. დუბლი III
ამ თამაშის წინ არგენტინელი და პორტუგალიელი არათანაბარ სიტუაციაში მოხვდნენ, რონალდოს ზაგრებში მიღებული ტრავმის გამო, წესით, არ უნდა ეთამაშა "ლევანტესთან", მაგრამ მოურინიომ ის მეორე ტაიმში შემოიყვანა, თუმცა მადეირელი გუნდს ვერაფრით დაეხმარა. ლეო მესის ანგარიშზე კი 3 გოლი და 2 საგოლე პასია "ოსასუნას" კარში. მესიმ 8-დან 6-ჯერ ზუსტად დაარტყა, ორჯერ დაჯარიმდა და 4-ჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში. რონალდომ 45 წუთში 5-ჯერ დაარტყა კარისკენ, მაგრამ მარტო ერთხელ ზუსტად. 3-ჯერ დაჯარიმდნენ პორტუგალიელის წინააღმდეგ.

goal.com-ის შეფასება: მესი - 9, რონალდო - 6,5.

მესიმ დუელი მოიგო ულაპარაკოდ. აქამდე მათ შორის 2:1 იყო რეალელის სასარგებლოდ, ასე რომ, ახლა გახდა: 2:2

ტურის სიმბოლური ნაკრები
goal.com. 4-3-3
სიმბოლურში არაა "რეალის" თუნდაც ერთი ფეხბურთელი. სამაგიეროდ, "ბარსელონამ" რჩეულებში 4 წარადგინა. ლა ლიგაში ერთი ფეხბურთელიც აღარ დარჩა, რომელიც სეზონის ყველა სიმბოლურში მოხვდა.

მეკარე

ხუან პაბლო (სპორტინგი, 1): მისი გუნდი ბოლო ადგილზეა, მან ვერ აიღო რობერტო სოლდადოს დარტყმული, როცა ამ უკანასკნელმა ჟონასის დარტყმულს დაამატა, მაგრამ, სხვა მხრივ, ხუან პაბლო უბადლო იყო. ერთადერთი ნათელი წერტილი დღევანდელ "სპორტინგში".
მცველები
ხავი ვენტა (ლევანტე, 1): გაანეიტრალა მარსელო ფლანგზე და გამარჯვების გოლი არუნა კონემ მისი პასით გაიტანა.
სერხიო ბალესტეროსი (ლევანტე, 1): ვეტერანმა კაპიტანმა დიდებულად ითამაშა და ბენზემას ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა, მან არც რონალდო გაახარა.
ადილ რამი (ვალენსია, 1): ტყუილად არ დაუჭერია თადარიგი "ვალენსია" 1 წლით ადრე, ფრანგი შესანიშნავი სტოპერია.
ერიკ აბიდალი (ბარსელონა, 2): დაუბრუნდა დაცვის ფლანგს, გააკეთა საგოლე პასი ვილიაზე.
ნახევარმცველები
სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა, 2): გოლი და 3 საგოლე პასი მის ანგარიშზე. ლეო მესისთან შესანიშნავი დუეტი ჩამოაყალიბა.
ჩავი (ბარსელონა, 1): გაიტანა ფანტასტიკური გოლი, ახლოს არ გააჭაჭანა "ოსასუნას" ნახევარდაცვა.
დანიელ ბენიტესი (გრანადა, 1): მარცხენა ფლანგიდან "ვილიარეალის" დაცვა აიკლო, შექმნა გამარჯვების გოლი.
თავდამსხმელები
ლიონელ მესი (ბარსელონა, 2): უკომენტაროდ.
რობერტო სოლდადო (ვალენსია, 2): სეზონში მე-5 გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც "ვალენსიამ" 3 ქულა დაიბევა.
რადამელ ფალკაო (ატლეტიკო, 1): აქამდე "ატლეტიკოს" გოლი არ ჰქონდა გატანილი, ფალკაომ კი ერთბაშად სამი შეაგდო.

ტურის გმირი
არუნა კონე (ლევანტე) - "რეალის" კარში გამარჯვების გოლის ავტორი კოტ დივუარელი ფორვარდი.

ტურის მატჩი
ბილბაო VS ბეტისი
ხუთ-გოლიანი თრილერი, რომელიც სასწაულებრივ მოიგო ანდალუსიურმა კლუბმა, თანაც სად საფეხბურთო კათედრალზე - "სან მამესზე", რა აღარ იყო ამ თამაშში - დიდებული ტემპი, ბრწყინვალე გოლები, საეჭვო ეპიზოდები, ჩხუბი და ბოლო წუთების დრამა. "ბეტისმა" გაძლო და ლიგას "ვალენსიასთან" ერთად უდანაკარგოდ ლიდერობს.

ტურის ფრაზები
ჟოზე მოურინიო: "ჩვენ რომ პენალტი გაგვეტანა, 10X10-ზე სულ სხვა თამაში იქნებოდა. მაგრამ არ შეიძლება არ დავუფასო მეტოქე გუნდსაც, მინდა მივულოცო მათ - მათ იციან ძალიან კარგად, როგორ უნდა პროვოცირება, სიმულიანტობა, დროის გაყვანა. სამწუხაროდ, ესეც ფეხბურთის ნაწილია და ჩემი ფეხბურთელები ამ საკითხში გამოუცდელები არიან. "ლევანტე" ლიგაში ყველაზე დიდი პროვოკატორი და სიმულიანტი გუნდია. სამწუხაროდ, სამი ხედირა აზრზე არაა, რას ნიშნავს "ჭუჭყიანი" ფეხბურთი. ამიტომაც ის იოლად გაება "ლევანტეს" მახეში. ნაწილობრივ ხედირაა დამნაშავე, რომ წავაგეთ, ნაწილობრივ კი მსაჯი პენალტის არდანიშვნისთვის და მეტოქის არგაგდებისთვის", - და ეს ყველაფერი მან ვალენსიაში, პრესკონფერენციაზე თქვა.

ტიაგო ალკანტარა: "ლა ლიგა რომ ორი ბედაურის დოღი არაა, ბოლო ორმა ტურმა დაადასტურა, ჯერ ჩვენ დაგვიცდა ფეხი, შემდეგ კი - "რეალს", - "ბარსას" ტალანტი მესამე ტურის შემდეგ.

ხოსე ანტონიო რეიესი: "უბრალოდ, შეუძლებელია "ბარსელონასა" და "რეალის" საჩემპიონო ბრძოლაში ჩარევა, თუმცა პრიმერადივიზიონი მაინც უფრო ძლიერია, ვიდრე ინგლისის პრემიერლიგა, სადაც ორი ასეთი გამოკვეთილი ლიდერი არაა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც უფრო საინტერესოა".

ლუის გარსია: "ის ვინც ბოლოს გაიცინებს, დიდ ხანს იცინებს", - "ხეტაფეს" თავკაცი იხტიბარს არ იტეხს.
ექტორ კუპერი: "ყველაფერი, რაც მოედანზე გავაკეთეთ, არასწორი იყო" - "ატლეტიკოსთან" 0:4 მარცხის შემდეგ.
პეპე მელი: "ლიგაში "რეალი" და "ბარსელონა", რომ არ თამაშობდნენ, ჩემპიონობაზე ვიფიქრებდი".

ტურის მსხვერპლნი
ჟოან ვერდიუ (ესპანიოლი) - "სარაგოსასთან" მატჩის 24-ე წუთზე დაიზიანა მარჯვენა ფეხი, შემდეგ ტურში მისი თამაში საეჭვოა.
სილვიო (ატლეტიკო) - მადრიდელთა პორტუგალიელი მცველი "რასინგთან" მატჩს უეჭველი გამოტოვებს.
ჩაბი პრიეტო და დავიდ ზურუტუზა (რეალ სოსიედადი) - "გრანადასთან" მატჩს გამოტოვებენ.

ტურის სტატისტიკა
26 გოლი ტურში (2,6 მატჩში). 6 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 4 სტუმრებმა, ფრე არ ყოფილა. ტურში მსაჯებმა 68 ყვითელი და 4 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - ლეო მესი (ბარსელონა), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
დუბლი - დავიდ ვილია (ბარსელონა), ლუის გარსია (სარაგოსა)
ლუის გარსიამ და ჯუზეპე როსიმ (ვილიარეალი) ვერ გაიტანეს პენალტები
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: იკერ მუნიაინი (ბილბაო, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 70 500- "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 12 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 18 - ბარსელონა, ბილბაო
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 15 - ბარსელონა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 21 - მალიორკა
ყველაზე მეტი კუთხური: 8 - ბილბაო, ბარსელონა, რაიო ვალეკანო, მალაგა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - ბარსელონა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 79% - ბარსელონა

დაბოლოს: ტოტალიზატორმა "ბეტ-365-მა" გამოაცხადა ფსონების მიღება იმაზე, თუ როდის გაიტანს "ბარსელონა" თამაშში 10 გოლს...

ლა ლიგა. IV ტური
დღეს
ოსასუნა-სევილია 22:00
სოსიედადი-გრანადა 22:00
ვილიარეალი-მალიორკა 00:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაურინიო უსინდისო და არაკაცია. თავი ყველაზე ჭკვიანი გონია. ბარსას შიშით მე მგონი ღამეებიც არ ძინავს. თან მაგაზე უარესი და მათხოვარი თანამემამულე ყავს გუნდში. რონალდოს ფულის პატრონი რომ იტყვის ანჟიში გადასვლას არ გამოვრიცხავო მათხოვარია აბა რა.
თემური
15:28 20-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული