ღამით "ღამურებთან"

AutoSharing Option
2011/12 წლების სეზონში ჯერ ესეთი მატჩი არ ყოფილა, როგორიც ამაღამ "მესტალიაზე" უნდა გაიმართოს - "ვალენსია", რომელსაც კვლავ ჩინებული სასტარტო სპურტი გამოუვიდა, ჩემპიონ "ბარსელონას" უმასპინძლებს.

ამასობაში, ვალენსიაში შერცხვენილი "რეალი" ჯავრის ამოყრას საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის, ექტორ რაულ კუპერის "რასინგზე" აპირებს. სიმართლე ვთქვათ, არგენტინელს ძალზე სუსტი გუნდი ჰყავს და, თუ "რეალი" სანტანდერშიც ჩაიმუხლებს, ჟოზე მოურინიო ვეღარაფრით გაამართლებს "სამეფო კლუბის" წარუმატებლობას. ტური კი ხვალ დასრულდება, როცა სევილიაში თანალიდერი "ბეტისი" "სარაგოსას" მასპინძლობს.

დავუბრუნდეთ ტურის ცენტრალურ შეხვედრას: რა ამოცანა დგას ხოსეპ გვარდიოლას გუნდის წინაშე? როგორმე
უნდა გაანეიტრალონ "ღამურების" ბომბარდირი რობერტო სოლდადო.

შეგახსენებთ, რომ სოლდადო "რეალის" აღზრდილია, თუმცა ამ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა, სამ სეზონში სულ ორი გოლი გაიტანა, თუმცა "სამეფო კლუბისგან" დაწუნებული "ოსასუნასა" და "ხეტაფეში" გაიხსნა, "ვალენსიას" კი ისე მოერგო, თითქოს, სულ იქ თამაშობსო - პირველივე სეზონში 18 გოლი გაიტანა ჩემპიონატში, ახლა კი სამი ტურის შემდეგ 5 გოლით ლიონელ მესისთან ერთად ბომბარდირია.

ვალენსიაში ბევრი ინერვიულეს იმის გამო, რომ "სპორტინგთან" მატჩში სოლდადომ ფეხი იტკინა, თუმცა სერიოზული არაფერია და თავდამსხმელი ვალდესის კარს შეუტევს. მოკლედ აქეთ სოლდადო, იქით მესი - ლა ლიგის ორი მთავარი მეგოლე მიმდინარე ჩემპიონატში. არგენტინელმა "ბარსას" გოლების მესამედ გაიტანა წლეულს, ხოლო ესპანელმა - "ვალენსიას" გოლების 83%.

რას უნდა უფრთხოდნენ სტუმრები? უნაი ემერის ტაქტიკურ წიაღსვლებს. "ვალენსიას" ბასკი მწვრთნელი ამ საქმის დიდოსტატია. ამიტომაც, არ გაგიკვირდეთ, თუ მის არსენალში რაიმე სიურპრიზსაც ვიხილავთ.

რა ამოცანაა "ვალენსიას" წინაშე? თითქმის გადაუჭრელი ერთდროულად მესის, ფაბრეგასის, ჩავის და ვილიას გაჩერება. ყველა დიდებულ ფორმაშია. "ღამურებს" კიდევ გაუმართლათ, რომ ალექსის სანჩესი და ანდრეს ინიესტა აკლიათ კატალონიელებს, ხოლო დაცვის ცენტრში ჟერარდ პიკეს დაყენებას პეპი ალბათ ვერ გარისკავს, ის ხომ ახლახან მორჩა და ტრავმის მიღების რისკი დიდია.

ცალკე თემაა "ელ გუახეს" დაბრუნება "მესტალიაზე", მას ხომ 108 გოლი (საშუალოდ 22 გოლი ჩემპიონატში) აქვს გატანილი "ღამურების" მაისურით. ასტურიელი "მესტალიას" გმირია, ხუთი სეზონის მანძილზე აქ მას ოვაციებს უწყობდნენ. და აი, მეორედ 7-იანი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"ვალენსიამ" ბოლოს 2008 წელს მოუგო "ბარსას" - 3:2. მაშინ ხუან მატამ გაიბრწყინა, რომელსაც ახლა "ჩელსისთვის" გააქვს. შარშან გვარდიოლას გუნდმა ვალენსიაში მესის გოლის წყალობით იმარჯვა.

კანტაბრიაში დაჭრილი "რეალი" მიდის, რომელსაც ერთი სტატისტიკური დეტალი უმაგრებს ზურგს - 2006 წლის დეკემბრის შემდეგ "სამეფო კლუბმა" ყველა საჩემპიონატო მატჩი მოიგო, რომელიც შუა კვირაში გაიმართა. ბოლოს ასეთი მატჩი მაისში "ხეტაფესთან" შედგა და მაშინ "რეალმა" 4:0 მოიგო, კრიშტიანო რონალდომ კი ჰეთ თრიკი შეასრულა.

"ლევანტეში" მხოლოდ სამი ქულა არ დატოვა მოურინიოს გუნდმა, ტრავმები მიიღეს ფაბიო კოენტრაომ და მარსელომ. პორტუგალიელმა და ბრაზილიელმა ცაციებმა მარცხენა ფეხის კუნთები დაიზიანეს და ახლა "რეალს" მარცხენა ფლანგზე პრობლემები ელის, ორივე 2-2 კვირით გამოაკლდა მადრიდულ გუნდს.

ექტორ კუპერს დისკვალიფიკაციამოხდილი სენეგალელი ნახევარმცველი პაპე დიოპი უბრუნდება, ითამაშებს ალბათ მარკ ტორეხონიც. "რომ მოუგო "რეალს", უნდა ითამაშო ისე, როგორც დიდმა გუნდმა", - განაცხადა გუშინდელ პრესკონფერენციაზე არგენტინელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული