კუპერი: "რასინგმა" ითამაშა დიდი გუნდივით

AutoSharing Option
"სამეფო კლუბში" კრიზისზე ალაპარაკდნენ - ბოლო ორ მატჩში "რეალმა" 6-დან 5 ქულა დაკარგა. განგაშის ზარები თავად ჟოზე მოურინიომ შემოჰკრა თამაშის შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ სტუმრად ამდენი ქულის დაკარგვა შემაშფოთებელია.

"ბოლოს ჯამდება ქულები და დგება ცხრილი, მეტი არაფერი - ჩვენ კი სწორედ ქულები დავკარგეთ, ერთბაშად ხუთი ქულა სტუმრად. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში ჩვენი ნახევარდაცვა დომინირებდა, აი, შანსებს მაინც ცოტას ვქმნიდით. არადა, ბოლო 30 წუთი აბსოლუტური უპირატესობა
გვქონდა. "რასინგს" გარჯას არ დავუკარგავ, მეტოქემ დაცვაში კარგად ითამაშა".

შეშფოთებულია იკერ კასილიასიც: "მართალია,
ჯერ ძალიან ადრეა, სეზონი ახლა იწყება, მაგრამ ჩვენ აღარ გვაქვს უფლება ასე უშნოდ ვკარგოთ ქულები", - განაცხადა კაპიტანმა.

29 წლის ჩაბი ალონსოსთვის კანტაბრიული მატჩი საიუბილეოა - მან ოფიციალურ შეხვედრებში მე-100-ედ მოირგო "რეალის" მაისურა. ბასკი ნახევარმცველი მესამე სეზონს ატარებს მადრიდულ გრანდში, მანამდე ის "ლივერპულში" გამოდიოდა.

აი, რა თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ექტორ კუპერმა: "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ქულა მოვიპოვეთ. "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ ბიჭები იყვნენ სასტიკ მდგომარეობაში. ჩემთვის, "რასინგმა" დღეს დიდი გუნდივით ითამაშა და ცოტა გამაკვირა კიდევაც.

დაცვაში ბრწყინვალედ ვითამაშეთ, მადრიდული შეცდომები აღარ გავიმეორეთ. ის კი არა, მოგებაც შეგვეძლო - გატანის ორი კარგი შანსი გვქონდა, ერთხელ კასილიასმა "რეალი" გადაარჩინა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული