მეფის ფავორიტები
შეჯამებას ტრადიციულად, ორშაბათის მატჩით ვიწყებთ, მით უფრო, რომ ლიდერი თამაშობდა და წააგო, მაგრამ ლიდერად დარჩა. მაშინ, როცა მხოლოდ ჩემპიონატის მერვედია გავლილი, ასეთი ფუფუნების უფლება ელიტაში დაბრუნებულ "ბეტისს" თუ ექნებოდა, ვერ წარმოვიდგენდით.
არა, "რეალ ბეტისი" მთლად უისტორიო კლუბი არ ეგონოს ფეხბურთის ახალგაზრდა მოყვარულებს, სევილიური გუნდი ჯერ 1907
ორშაბათს "ბეტისმა" პირველად წაიფორხილა - მადრიდს ეწვია და "ალფონსო პერესზე" 0:1 წააგო. სხვათა შორის, ალფონსო პერესი, წარსულში ცნობილი ფორვარდი სრულიად ჯანმრთელია და დღეს 39 წლის გახდება, ესპანეთის ნაკრების ყოფილ შემტევს "ბარსელონაში", "რეალში" და... "ბეტისში" უთამაშია. უბრალოდ, გარეუბან ხეტაფეს ყველაზე ცნობილი ადამიანია და სტადიონსაც მისი სახელი ამიტომ დაარქვეს. ალფონსო იჯდა საკუთარი სახელობის სტადიონზე და ვერ გაეგო, რომელი გუნდისთვის ეგულშემატკივრა.
გოლი კი ერთადერთი გავიდა - პირველ ტაიმში ხუან ვალერამ საჯარიმოში ჩააწოდა, დანი გუისამ დიეგო კასტრო მოძებნა (თუ ეს უნებურად გამოუვიდა) და ამ უკანასკნელმაც ლუის გარსიას გუნდს სეზონში პირველად მოაგებინა. ანდალუსიელებმა ბევრი იბრძოლეს - შეცვლაზე შესული ბენატი საოცრად პროდუქტიული იყო, მაგრამ "ხეტაფეს" მეკარე მიგელ ანხელ მოიას ვერაფერი მოუხერხა.
და აი, პირველი თავიც დაგორდა
თან რა თავი - ლეგენდარული დანიელი ფეხბურთელი მიქაელ ლაუდრუპი "მალიორკას" მწვრთნელი აღარაა. საინტერესო ისაა, რომ ბალეარული კლუბის თავკაცმა თავად გადაწყვიტა წასვლა და თან მოგებული თამაშის შემდეგ - "მალიორკამ" "რეალ სოსიედადს" 2:1 მოუგო და 6 ქულით ცხრილის შუაშია.
ლაუდრუპისთვის გაუსაძლისი სიტუაცია "მალიორკას" მფლობელ ლორენსო სერა ფერერთან ურთიერთობის დაძაბვამ შექმნა. შეგახსენებთ, რომ 58 წლის სერა ფერერი ყოფილი მწვრთნელია და ის შარშან დაბრუნდა "მალიორკაში", ფერერმა შეიძინა გაკოტრებული კლუბი, რომელსაც 85 მილიონი ევრო ედო ვალად - სულ რაღაც 2 მილიონად. ლაუდრუპს მოთმინების ფიალა ორშაბათს აევსო, როცა მისი ასისტენტი ერიკ ლარსენი მწვრთნელის უკითხავად მოხსნეს. იცით, რატომ მოხსნეს ლარსენი? მან დანიურ ჟურნალთან ინტერვიუში ლორენსო სერა ფერერი საჯაროდ გააკრიტიკა. გუშინ ლაუდრუპმა პრესკონფერენციაზე, სადაც გადადგომის შესახებ გამოაცხადა, შემდეგი თქვა: "ამიერიდან "მალიორკა" იქნება ისეთი, როგორიც სერა ფერერს სურს და მას ხელს აღარავინ შეუშლის". 47 წლის დანიელი შარშან ჩაუდგა სათავეში "მალიორკას" და მას კონტრაქტი ბალეარულ კლუბთან სეზონის ბოლოს ეწურებოდა.
ლეო VS რონი
აქამდე, ჩვენი გამოთვლით, ლეო მესის და კრიშტიანო რონალდოს "დუელში" 3:2 იყო არგენტინელის სასარგებლოდ (I ტური - 1:1, II - 2:1 რონალდოს სასარგებლოდ, III - 2:2, IV - 3:2). როგორ გინდა მოიქცე, ახლა, როცა ორივე "დუელიანტმა" ჰეთ თრიკი შეასრულა? ალბათ, პირველი ტურის მსგავსად, ორივესთვის მოგების ქულის დარიცხვა იქნებოდა უპრიანი, მაგრამ იმ ფაქტს სად გავექცეთ, რომ ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ "ბარსელონა"-"ატლეტიკო" და ისიც, რასაც ამ მატჩში მესი აკეთებდა?
- მესი (ვს ატლ) რონალდო (ვს რაიო)
წუთი 90 90
გოლი 3 3
საგოლე პასი 0 0
დარტყმა 7 6
კარში 5 3
გოლ.კომ-ის შეფასება 9.0 8.0
სულ სეზონში
- მესი რონალდო
წუთი 400 424
გოლი 8 7
საგოლე პასი 5 1
დარტყმა (კარში) 26 (19) 38 (17)
პასი (ზუსტი) 323 (265) 187 (138)
გოლ.კომ-ის შეფ (საშ) 7.8 7.1
მოკლედ, ამ ტურის შემდეგ 4:2-ია მესის სასარგებლოდ...
ტურის ფრაზა
ტურის ფრაზის ავტორი ამჟამად არავითარ კავშირში არაა ლა ლიგასთან, თუმცა ის ხომ "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონია - და აი, ფრაზაც:
"ჩემი აზრით, კლუბს "სამეფო" აღარ უნდა ვიწოდოთ - ის საფეხბურთო აგენტ ჟორჟHე მენდეშის საკუთრებაა. მისი თანამემამულე ჟოზე მოურინიო სინამდვილეში "რეალის" პრეზიდენტია. რაც შეეხება, ჩემს შემცვლელს - ფლორენტინო პერესს. ახლა მისთვის მოურინიოს თოჯინაზე მეტ სტატუსს ვერ გავიმეტებ".
ტურის სიმბოლური ნაკრები
გოლ.კომ. 3-4-3
მეკარე
ხავი ვარასი (სევილია, 1): "ვალენსიასთან" ბრწყინვალედ ითამაშა და კარი მშრალად შეინახა. ერთი შეცდომაც კი არ მოსვლია.
მცველები
ადილ რამი (ვალენსია, 2): ფრანგი ძალიან მშვიდად და ოსტატურად იგერიებდა "სევილიას" ცენტრფორვარდთა შეტევებს.
ჟერემი მატიო (ვალენსია, 1): დაქროდა ფლანგზე, აჯობა თავად ხესუს ნავასს. მიუხედავად იმისა, რომ "ვალენსიამ" წააგო, მისი ორი მცველი მართლაც ბრწყინვალე იყო.
ბერნარდო ესპინოსა (რასინგი, 1): ჯერ კიდევ "რეალთან" გამოჩნდა, რომ ექტორ კუპერს ამ მცველის იმედი უნდა ჰქონდეს.
ნახევარმცველები
ევერ ბანეგა (ვალენსია, 1): "სევილიასთან" პენალტი კი ააცილა, მაგრამ შუახაზში საუკეთესო იყო.
სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა, 3): მართალია, მხოლოდ ამ ტურში ვერ გაიტანა, მაგრამ დიდებულად ითამაშა. ბურთი ხარიხას გაარტყა.
ჩავი (ბარსელონა, 2): ზურგიდან ამარაგებდა მესის და შემტევებს ბრწყინვალე პასებით.
ხოსე ბარკერო (ლევანტე, 1): "ესპანიოლის" დამარცხებაში ლომის წილი დაიდო.
თავდამსხმელები
ლიონელ მესი (ბარსელონა, 3): უკომენტაროდ.
კრიშტიანო რონალდო (რეალი, 3): უკომენტაროდ.
დავიდ ვილია (ბარსელონა, 2): გაიტანა ბრწყინვალე გოლი "ატლეტიკოს" კარში.
ტურის გმირი
ლეო მესი
მეკარე კურტუა და მცველები მირანდა, ლოპესი, გოდინი და პერეა კიდევ დიდ ხანს ვერ დაივიწყებენ ამ თამაშს და იმ კოშმარს, რაც მათ პატარა არგენტინელმა ჯადოქარმა მოუწყო.
ტურის მსხვერპლნი
"ვილიარეალის" ფორვარდი მარკო რუბენი "ბილბაოსთან" დაშავდა, ფეხზე თითი მოიტეხა და 3 კვირას იუქმებს.
პაბლო კასერესმა (მალიორკა) "რეალ სოსიედადთან" მატჩში კუნთი დაიჭიმა.
ტურის სტატისტიკა
26 გოლი ტურში (2,6 მატჩში). 6 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 4 ფრით დასრულდა, სტუმრებმა ვერ ივარგეს. ტურში მსაჯებმა 48 ყვითელი და 4 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - მესი (ბარსელონა), რონალდო (რეალი).
დუბლი - მიჩუ (რაიო ვალეკანო), რუბენ სუარესი (ლევანტე)
ევერ ბანეგამ (ვალენსია) ვერ გაიტანა პენალტი
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ვადილიო (ბეტისი, 17 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 83 200 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 10 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 19 - ოსასუნა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 11 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 22 - ბილბაო, ბეტისი
ყველაზე მეტი კუთხური: 8 - ესპანიოლი, ბარსელონა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 10 - ბილბაო
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 68% - ბარსელონა
სევილია-ვალენსია 1:0
ბილბაო-ვილიარეალი 1:1
რეალი-რაიო ვალეკანო 6:2
ბარსელონა-ატლეტიკო 5:0
მალიორკა-რეალ სოსიედადი 2:1
ლევანტე-ესპანიოლი 3:1
გრანადა-ოსასუნა 1:1
სპორტინგი-რასინგი 0:0
სარაგოსა-მალაგა 0:0
ხეტაფე-ბეტისი 1:0
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 5 4 0 1 9-6 12
2. ბარსელონა 5 3 2 0 22-4 11
3. ლევანტე 5 3 2 0 7-3 11
4. სევილია 5 3 2 0 6-3 11
5. რეალი 5 3 1 1 16-5 10
6. მალაგა 5 3 1 1 7-2 10
7. ვალენსია 5 3 1 1 8-6 10
8. ატლეტიკო 5 2 1 2 8-6 7
9. სოსიედადი 5 2 1 2 6-6 7
10. ესპანიოლი 5 2 0 3 5-7 6
11. მალიორკა 5 2 0 3 3-5 6
12. ოსასუნა 5 1 3 1 3-10 6
13. ვალეკანო 5 1 2 2 5-9 5
14. ვილიარეალი 5 1 2 2 5-9 5
15. სარაგოსა 5 1 2 2 5-11 5
16. ხეტაფე 5 1 1 3 4-7 4
17. გრანადა 5 1 1 3 2-7 4
18. რასინგი 5 0 3 2 3-8 3
19. ბილბაო 5 0 2 3 5-8 2
20. სპორტინგი 5 0 1 4 2-9 1
ბომბარდირები: 8 - მესი (ბარსელონა); 7 - რონალდო (რეალი); 5 - ფალკაო (ატლეტიკო), სოლდადო (ვალენსია); 4 - კასორლა (მალაგა), ფაბრეგასი (ბარსელონა), აგირეჩე (რეალ სოსიედადი).
მომდევნო ტური
1 ოქტომბერი: ოსასუნა-მალიორკა, ვილიარეალი-სარაგოსა, რასინგი-რაიო ვალეკანო, ვალენსია-გრანადა, მალაგა-ხეტაფე.
2 ოქტომბერი: რეალ სოსიედადი-ბილბაო, ბეტისი-ლევანტე, ატლეტიკო-სევილია, სპორტინგი-ბარსელონა, ესპანიოლი-რეალი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"