"ვალენსიაში" კაპიტნის არჩევნები ჩატარდა - ფეხბურთელებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს ოთხი რჩეული. კლუბს არჩევნების შედეგები (ვინ რამდენი ხმა მიიღო) არ გამოუქვეყნებია. უბრალოდ, დასახელდა ოთხი კაპიტანი. ესენია: მეკარე სესარ სანჩესი, მცველი დავიდ ნავარო, ნახევარმცველები ვისენტე როდრიგესი და ხოაკინ სანჩესი. ახალი კაპიტნის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კარლოს მარჩენა "ვილიარეალში" გადაბარგდა.
თუ რომელი უკაპიტნებს გუნდს ამ კვარტეტიდან, არ დასახელებულა. უბრალოდ, პრესკონფერენციაზე სესარ სანჩესმა განაცხადა, რომ უნაი ემერი უშუალოდ მატჩის წინ დაასახელებს კაპიტანს, თუკი მოედანზე ამ ოთხეულიდან ერთზე მეტი ფეხბურთელი გავა.
"ვალენსიაში" ცვლილებებს
ლევანტემ ნანო დაიმატა
პრიმერა დივიზიონში დაბრუნებულმა ვალენსიურმა "ლევანტემ" ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა 30 წლის მცველ ვიქტორიანო რივას "ნანოს", რომელიც მანამდე სეგუნდა დივიზიონის "ბეტისმა" კონტრაქტისგან გაანთავისუფლა. ნანო "გრანოტასს" გამოცდილებით შეეწევა, მას ხომ სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში ("ხეტაფე", "ბეტისი", "ვალიადოლიდი") პრიმერაში 5 სეზონი აქვს გატარებული. გუშინ ნანომ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კლუბის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ტანმაღალ ნანოს ერთნაირად შეუძლია როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფრთაზე თამაში.
კამაჩომ კიკე სოლას უხმო
პამპლონის "ოსასუნას" თავკაცმა ხოსე ანტონიო კამაჩომ იჯარიდან გამოითხოვა ფორვარდი ენრიკე (კიკე) სოლა. შარშანდელ სეზონში ნავარული კლუბის 24 წლის შემტევმა ორ კლუბში ითამაშა იჯარით: ჯერ სეგუნდა დივიზიონის "ნუმანსიაში", შემდეგ კი - ბერძნულ "ლევადიაკოსში" (10 თამაში, 1 გოლი). "დიდებულია, როცა კიდევ ერთ შანსს გაძლევენ, თავი პრიმერა დივიზიონში გამოიჩინო. ახლა ბევრს ვიშრომებ სასტარტოში მოსახვედრად", - განაცხადა კიკე სოლამ.
ლელო