ანდრესი მწყობრშია

AutoSharing Option
"ბარსელონას" 27 წლის ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ განაახლა ვარჯიშები და გუნდმა გამოაცხადა, რომ ის უკვე მზადაა მომდევნო ტურში სათამაშოდ.

ინიესტას დაახლოებით სამი კვირა გაუცდა, მას მერე, რაც "კამპ ნოუზე" "მილანთან" 2:2 დასრულებულ მატჩში დაშავდა. ესპანეთის ნაკრების თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს ანდრესი ტრავმის გამო არ გამოუძახებია ნაკრებში, თუმცა ამის გამო "ფურია როხას" თავკაცი ნაკლებად წუხს, გუნდს უკვე განაღდებული აქვს საგზური, ინიესტას თამაში პრაღაში კი სარისკოა. ანდრესი ახლა "ბარსელონას" სარეზერვო გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

აფელაიმ ოპერაცია გაიკეთა
"ბარსელონას" 25 წლის ჰოლანდიელმა გარემარბმა იბრაჰიმ აფელაიმ
მუხლის ოპერაცია გაიკეთა, როგორც კლუბის სამედიცინო შტაბი ირწმუნება, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. აფელაიმ, რომელსაც ვერადავერ აეწყო საქმეები კატალონიურ გრანდში, მარცხენა მუხლი გასულ თვეში ვარჯიშისას დაიშავა. ოპერაციამ 50 წუთი გასტანა, პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ თუ ყველაფერი კარგად წავა, აფელაი 6 თვეს გამოტოვებს.

რონალდო: ბარსას მოვუგებთ
"რეალის" პორტუგალიელი ლიდერი ამტკიცებს, რომ ამჯერად "სამეფო კლუბი" მოუგებს დუელს "ბარსელონას" და ჩემპიონი გახდება. რონალდო თანაგუნდელებთან ერთად შეზღუდული უნარების ადამიანთა ნავას დე ტოლოსას თავშესაფარში იყო, სადაც ერთ-ერთმა პაციენტმა ჰკითხა პორტუგალიელს, თუ შეძლებს ამჯერად მაინც მისი საყვარელი გუნდი "ბარსას" დამარცხებას - "დარდი არ გქონდეს მეგობარო - ჩვენ ამ სეზონში აუცილებლად დავამარცხებთ "ბარსელონას", - იყო რონალდოს პასუხი.

ატლეტიკო ბოდიშს იხდის
მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად მოუბოდიშა "სევილიას" და მის გულშემატკივრებს "ვისენტე კალდერონზე" მომხდარი ინციდენტის გამო - "ატლეტიკოს" ზოგიერთი ფანი მატჩისას მღეროდა სიმღერას, რომელშიც ანტონიო პუერტას სიკვდილი იყო გაშარშებული. შეგახსენებთ, რომ 2007 წელს "სევილიას" მცველი ანტონიო პუერტა გულის შეტევის გამო ცუდად გახდა და მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. პუერტა 22 წლის იყო.

კაპაროსი ბედნიერია
გუშინ "მალიორკამ" ახალი მწვრთნელის, ხოაკინ კაპაროსის პრეზენტაცია მოაწყო - 55 წლის სპეციალისტი სეზონის ბოლომდე უთავკაცებს ბალეარულ კლუბს. ანდალუსიელი მწვრთნელი გუშინ ჩავიდა პალმაში და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ძალიან მოხარულია თავის გამოჩენის ახალი შესაძლებლობით". ის სეზონის ბოლომდე 1,3 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ დანიელი მიქაელ ლაუდრუპი კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო წავიდა გუნდიდან და ის ერთი მატჩით ასისტენტმა, მიგელ ანხელ ნადალმა შეცვალა.

კაპაროსი "უელვას", "ვილიარეალს", "სევილიას", "დეპორტივოს" და "ბილბაოს" წვრთნიდა. სეზონი მან "ქსამაქსში" დაიწყო, მაგრამ ხუთი ტურის შემდეგ გადადგა, რადგან კლუბის ინგუშ მეპატრონე ბულატ ჩაგაევთან უთანხმოება მოუვიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული